სომხური მხარე "საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის - კვირის პალიტრა

სომხური მხარე "საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

"საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თანაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, სომხეთისთვის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დამცავშრიანი 4000 ცალი სამედიცინო პირბადის გადაცემა სომხეთში საქართველოს ელჩის დახმარებით განხორციელდა.

მათივე ცნობით, სომხური მხარის განცხადებით, მსოფლიო პანდემიასთან კომპლექსური ბრძოლის ფარგლებში, ქართველი პარტნიორებისგან ეს ნაბიჯი დასაფასებელია და ისინი განსაკუთრებულ მადლობას თანადგომისთვის "საპარტნიორო ფონდს“ უხდიან.

""სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდმა", რომელიც "საპარტნიორო ფონდის“ ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს სომხეთში, საქართველოდან გაგზავნილი დამცავშრიანი პირბადეები შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს დაურიგა. "საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო "ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ პროდუქციის - Faceguard-ის გამოშვება მიმდინარე კვირაში დაიწყო. ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, აწარმოებს პირბადეებს ე.წ. Melt blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.