"რუსთავი 2" 26 წლის ხდება - არხი ამ დღეს ახალი პროგრამებით, მიზნებითა და გეგმებით ხვდება - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2" 26 წლის ხდება - არხი ამ დღეს ახალი პროგრამებით, მიზნებითა და გეგმებით ხვდება

"რუსთავი 2" 26 წლის ხდება. როგორც არხის გენერალურ დირექტორი პაატა სალია აცხადებს, ტელევიზია ამ დღეს ახალი პროგრამებით, მიზნებითა და გეგმებით ხვდება.

BPN-თან ინტერვიუში სალია აღნიშნავს, არხის დაბადების დღე კორონავირუსის პანდემიის გამო მინიმალისტურად აღინიშნება.

"იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის ფონზე ბევრი ადამიანის თავშეყრა არ შეიძლება, ვფიქრობ, მინიმალისტურად აღვნიშნავთ ჩვენს შენობაში. არიან ადამიანები, რომლებმაც მოგვილოცეს 26-ე დაბადების დღე. ისინი იქნებიან ჩვენს ეთერში, იტრიალებს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ჰომორგოლები. ჩვენ გვესმის, რომ არ არის დიდი თავშეყრების მოწყობის დრო. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება; იგეგმება ის, რომ დაბადების დღის შემდგომ ჩვენს ბადეს ახალ-ახალი გადაცემები დაემატება", - აღნიშნავს სალია.

"რუსთავი 2"-ის გერენალური დირექტორი ინტერვიუში არხის ისტორიასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ გუნდად შეკავშირება არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას გარკვეული დრო სჭირდება და ტელევიზიამ ეს დრო გამოიარა.

"რუსთავი 2"-ის ყველაზე ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მისი მფლობელის შეცვლა მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდგომ, რაც, ალბათ, საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც მესაკუთრემ ქონება, მედიასაშუალება, დაიბრუნა სასამართლოს გზით და სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ, უმაღლესმა ინსტანციამ ძალაში დატოვა. შემდგომ მოხდა უკვე ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის აქ მოსვლა, რამაც გარკვეული ცვლილებები განაპირობა. საბოლოოდ ამ ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა "რუსთავი 2", - აცხადებს სალია.

მისივე თქმით, არხის უპირველესი ამოცანაა "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია.

"ნამდვილად არა ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ და ვფიქრობ, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველები გავხდეთ. ჩვენი მიზანია "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია - ეს არის უპირველესი ამოცანა, რისთვისაც აქ დღედაღამ თავდაუზოგავად მუშაობენ ადამიანები. მათ შორის ისინიც, ვინც წლებია ჩვენთან არიან, ზოგი მათგანი "რუსთავი 2"-ის ლოგოს ხნის არის. ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის უპირველესად იმ გუნდს, რომელიც აქ იყო. პირველივე დღეებში ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, კრიზისის დროს თითოეული მათგანი მამხნევებდა და გვერდში მედგა - ჩვენ "რუსთავი 2" ვართ და "რუსთავი 2"-ს არ ეშინია სირთულეებისო. არც დღეს არ გვეშინია სირთულეების და ვფიქრობთ, ძალიან მალე ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ამისთვის კონკრეტული გეგმები გვაქვს", - აცხადებს ინტერვიუში პაატა სალია და დასძენს, რომ 26-ე წლისთავზე ტელევიზიას უჩვეულო სეზონი იქნება.

თუმცა, როგორც სალია ამბობს, ეს არა შიდა კრიზისის გამო, არამედ უკვე მსოფლიო პანდემიის, COVID-19-ის გამო იქნება.

"მაყურებელს სრულიად ახალ ფორმატს შევთავაზებთ - შოუს. ეს არის მუსიკალური კონკურსი ძალიან ბევრი სიახლით. როგორც მონაწილეებს, ასევე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა აქტიურად იყოს ჩართული ამ პროექტში. ასე რომ, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება. გარდა ამისა, ვიწყებთ რამდენიმე ახალ გადაცემას, რომელთა ანონსებიც ივნისის დასაწყისში გავა ჩვენს ეთერში. მთელი ზაფხულის განმავლობაში დატვირთული ბადე გვექნება", - აღნიშნავს სალია.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

(R)