კლინიკებში სამედიცინო თეთრეული წესების დარღვევით ირეცხება?! - კვირის პალიტრა

კლინიკებში სამედიცინო თეთრეული წესების დარღვევით ირეცხება?!

"ორკარიანი დანადგარით რეცხვა სხვადასხვა დაავადების გადადების რისკს გამორიცხავს"

კულუარული ინფორმაციით, სამედიცინო კლინიკებში თეთრეულის რეცხვაზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბარი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საქმე ის არის, რომ თეთრეულის რეცხვის საერთაშორისოდ აღიარებული წესებისგან ქართული წესები ძალიან განსხვავდება. მაშ ასე, რა წესებს უნდა აკმაყოფილებდნენ კლინიკები ან მათი კონტრაქტორი სამრეცხაოები და ამ მხრივ, დღეს რა ვითარება გვაქვს?! რა "მეორადი დაავადებების" გავრცელებაა შესაძლებელი თეთრეულის რეცხვის წესების უგულებელყოფის შემთხვევაში და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან აღნიშნული საფრთხე?!

ამასთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი კლინიკის განყოფილების მთავარი ექთანი ესაუბრა და ჩაწერაზე იმ პირობით დაგვთანხმდა, თუკი მის პერსონას ინკოგნიტოდ დავტოვებდით. ჩვენ მას მ. ი.- ით მოვიხსენიებთ.

მ.ი. : თეთრეულის რეცხვა, ისევე როგორც სხვა ღონისძიებები (როგორიც არის ზედაპირების დეზინფექცია და ა.შ.) ინფექციის კონტროლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ინფექციის კონტროლისთვის კი არსებობს სტანდარტული და სპეციალური ( დამატებითი) ღონისძიებები...

- რას ნიშნავს "სწორად რეცხვა" და როგორ უნდა გამოირიცხოს ე.წ. მეორადი დაავადებების განვითარება? - საქართველოში სწორად რეცხვისთვის დეტალური რეგლამენტი არ არსებობს. რამდენადაც ვიცი, ერთი ორი წლის წინ, აპირებდნენ ამის დეტალურად გაწერას, მაგრამ რატომღაც შეჩერდნენ. თუმცა არსებობს რაღაც ზოგადი პრინციპები, რასაც უნდა დავემორჩილოთ. რა თქმა უნდა, რეცხვა მხოლოდ რეცხვის პროცესისგან არ შედგება. ეს გულისხმობს თეთრეულის მოხსნას პალატიდან, ე. ი. გამოყენების ადგილიდან, მის გატანას და სამრეცხაოში მიტანას. საერთაშორისოდ აღიარებული წესები დაცულია, როცა ეს შეტანის და გამოტანის პროცესი გამიჯნულია. საიდანაც ჭუჭყიანი თეთრეული შედის, სუფთა იქედან არ უნდა გამოვიდეს! ასევე, არ შეიძლება გამოყენებული თეთრეულის გაფერთხვა, რათა არ მოხდეს ინფექციის შემცველი ნაწილაკების და მიკროორგანიზმების გაბნევა, სხვა უცხო საგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს შეიძლება იყოს შპრიცი, თმა, საკვების ნარჩენი ან რამე ქიმიური ნივთიერება. ესეც დოკუმენტით დაუდგენელი, თუმცა ზოგადად აღიარებული წესია, რომ გამოყენებული თეთრეულიდან უნდა მოხდეს უცხო ნაწილაკების მოშორება.

- რამდენიმე წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, კლინიკებში (40 პროცენტის შემთხვევაში) აღმოჩენილი იქნა შემდეგი დარღვევა, ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის გამიჯვნის წესი იყო დარღვეული, რაზეც მათ შენიშვნები მიიღეს. როგორც ჩანს, წლების წინ , მაინც არსებობდა დადგენილი რეგლამენტი წესების დაცვასთნ დაკავშირებით...

-დიახ, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული წესები, მაგრამ როგორ გითხრათ... ჩვენთან პროფესიონალური სამრეცხაო ერთი ან ორი არსებობს, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს... კლინიკებსაც აქვთ სამრეცხაოები, ზოგს შედარებით დამაკმაყოფილებელი, ზოგს უარესი... მაგალითად, პირადად მე, რამდენიმე წელია სულ სამრეცხაოებთან მაქვს შეხება. მხოლოდ ერთხელ დავესწარი რაღაც პრეზენტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო მაღალტექნოლოგიური სამრეცხაო, რომელიც ახდენდა დეზინფექციას - რეცხვასთან ერთად ,შრობა მიმდინარეობდა სპეციალურ ტემპერატურაზე, როგორც წესი და რიგია. გაუთოების შემდეგ შეუფუთავი არ რჩებოდა სუფთა თეთრეული და ჭუჭყიანიც შეფუთული მიჰქონდათ. რა თქმა უნდა, სამრეცხაო აღჭურვილი იყო სპეციალური დანადგარით, რომელიც არ იყო საყოფაცხოვრებო. ფაქტობრივად, ეს იყო დიდი წარმადობის მანქანა. ჩემთვის როგორც უფროსი ექთნისთვის მთავარია, რომ მუდმივად მარაგში მქონდეს სუფთა, მშრალი თეთრეული.

- პანდემიის პერიოდში კორონიანი პაციენტის თეთრეულის და ტანისამოსის რეცხვა ან დამუშავება როგორ ხდება, გადაგდებას ხომ არ ექვემდებარება? - იცით, როგორ არის? კორონიანი პაციენტის, ისევე როგორც შიდსიანის ან ცე ჰეპატიტიანის თეთრეულის გარეცხვასა და ხელახლა გამოყენებისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. ჩვეულებრივად, ვირუსი კვდება. ამ მხრივ, ყირიმ კონგოს ინფექცია ბევრად რთულია. მაგალითად, მუნის შემთხვევაში კი თეთრეული და ე.წ. მატრასიც კი გადასაგდები შესაძლოა გახდეს. ზოგადად, პარაზიტები, სოკო და ზოგიერთი ბაქტერია უფრო ძნელად მოსაშორებელია და შესაძლოა, რომ ადამიანს ე.წ. მეორადი დაავადების სახით დაემართოს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ისე კი, პანდემიის პირობებში მივიღეთ დავალება, რომ კლინიკიდან არ გასულიყო არც თეთრეული და არც პაციენტის ტანსაცმელი. ამგვარად, "კოვიდ 19" - ის არსებობის შემთხვევაში, ინფექციურ ნარჩენში თავსდება ყველაფერი და შემდეგ ნარჩენების უტილიზაციის კომპანიები ახდენენ მის გადამუშავებას, დაქუცმაცებას, კრემაციას და ა.შ.

გვაქვს თუ არა საქართველოში ისეთი მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი სამრეცხაო, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს?! აღნიშნულთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" "ქლინ ფლეისის" წარმომადგენელს, ალექსანდრე ქუთათელაძეს ესაუბრა.

- რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში, სამედიცინო კლინიკების თეთრეულის რეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ამას ყველა დიდ ყურადღებას აქცევს. უკვე არათუ ევროპის მოწინავე ქვეყნებში, თურქეთშიც კი უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სამრეცხაო დანადგარებს, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს არის ბარიერული რეცხვის, ორკარიანი სარეცხი მანქანები და უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი სტანდარტების დაცვას. ამ შემთხვევაში, ერთი კარიდან იყრება ჭუჭყინი თეთრეული და მეორე კარიდან გამოდის სუფთა და უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, სრულიად დაცულია უსაფრთხოების წესები. ერთი და იგივე კართან შემხებლობაში არ არის ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეული. შესაბამისად, მეორადი დაავადების გადადების რისკი მინიმუმამდე მცირდება, თითქმის არც არსებობს! ცხადია, ასეთი ორკარიანი დანადგარის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, თუმცა ბევრი სხვა დაავადების გადადების საფრთხეც გაუვნებელყოფილია. უბრალოდ, თქვენ არ იცით, რა მდგომარეობაა კლინიკების სამრეცხაოებში, სადაც ფაქტობრივად, მხოლოდ ქლორით უმკლავდებიან თეთრეულის დეზინფექციის თემას. ზოგი ფხვნილითაც არ რეცხავს, მხოლოდ ქლორს იყენებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. შესაძლოა, უკვე გარეცხილმა თეთრეულმა გამოიტანოს ბაქტერია სარეცხი დანადგარის იმ კარიდან, საიდანაც ჭუჭყიანი თეთრეული შეყარეს. საავადმყოფოების უმრავლესობას შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვს საკუთარ სამრეცხაოებში, რათა დეზინფექცია ამ აღიარებული წესების დაცვით მოახდინოს. ჩვენ კი არ ვიცით, ეს რა პრობლემებს გამოიწვევს. მე თუ მკითხავთ, სავსებით შესაძლებელია, რომ პაციენტმა, რომელიც არაგადამდები დაავადებით მოხვდება კლინიკაში, იქედან სულ სხვა, გადამდები დაავადება წამოიღოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხელისუფლების მიერ ამ საკითხზეც გამახვილდება ყურადღება.

- თქვენი ინფორმაციით, უფრო ხშირად რა ბაქტერიების აღმოჩენა ხდება სააავდმყოფოს ტექსტილზე? - ხშირად საავადმყოფოს ტექსტილზე ნაპოვნია ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმები, გრანუარყოფითი ბაქტერია, კოაგულაზე უარყოფითი სტაფილოკოკი, კანის ტიპიური ფლორა და ა.შ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მუშაობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ბარიერული რეცხვის სარეცხი მანქანები, რაც უზრუნველყოფს რეცხვის პროცესების 100 პროცენტით სეპარაციას, მაღალ ტემპერატურაზე ორთქლის მეშვეობით რეცხვას, სრულ დეზინფექციას ყოველი მოხმარების შემდგომ და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულება. ჩვენ ორკარიან დანადგარს აქვს მაღალი სიმძლავრე და 6000 კგ- მდე რეცხვის შესაძლებლობა 24 საათში. ვმუშაობთ ყოველდღე და შეკვეთის შესრულება შეგვიძლია 24 საათის განმავლობაში. ექსპრეს შეკვეთა შესრულდება 3 საათის განმავლობაში. ჯერჯერობით ვემსახურებით რამდენიმე კლინიკას, რომელთაც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვაზე აქვთ პრეტენზია და ისინი ძალიან კმაყოფილი არიან ჩვენი მომსახურებით.

- ადრე ჯანდაცვის სამინიტრომ შეამოწმა კლინიკებში არსებული მდგომარეობა და რეცხვის წესების დარღვევისთვის გამოხატა შენიშვნები. თქვენი აზრით, შემდეგ რატომ აღარ გაამახვილეს ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება? - დიახ, ჯერ კიდევ 2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის შედეგები შეაჯამა და მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა, რაც სწორედ ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის გამიჯვნის წესის დარღვევას ეხებოდა. მას შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით ყურადღება არავის გაუმახვილებია. ის ვიცი, რომ ვინც ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროდან აქტიურობდა, დღეს საკმაოდ დაწინაურებული პერსონაა და თუ არ ვცდები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშია დასაქმებული. არის საკითხები, რასაც თანამედროვე ხედვები და მიდგომები სჭირდება, ზოგჯერ კი დროსაც უნდა გაუსწრო წინ, თუ წარმატება გინდა... ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით დღეს და მით უფრო პანდემიის პირობებში, სამედიცინო თეთრეულის მაღალხარისხიანი და სწორი რეცხვის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ეკა ასათიანი

(R)