"კავკასუს ონლაინი": "თუ "კავკასუს ონლაინს" და "რკინიგზის ტელეკომს" ავტორიზაცია შეუჩერდება, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება" - კვირის პალიტრა

"კავკასუს ონლაინი": "თუ "კავკასუს ონლაინს" და "რკინიგზის ტელეკომს" ავტორიზაცია შეუჩერდება, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება"

"კავკასუს ონლაინი" ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მომწოდებელია რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის - ფრანკფურტისა და სოფიის - ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას "კავკასუს ონლაინი" ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, "კავკასუს ონლაინი" უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს: "კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. თუმცა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ეს რეალობა შეცვალოს და კომპანიას საერთოდ საქმიანობის შეჩერება მოუხდეს. 25 ივნისს მარეგულირებელი კიდევ ერთხელ იმსჯელებს "კავკასუს ონლაინის" წილის გასხვისების საქმეზე. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს გადაწყდეს კომპანიის ბედიც", - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომუნიკაციების კომისია კომპანია "კავკასუს ონლაინისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს. საქმე ეხება კომისიის თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებას.

"მიუხედავად იმისა, რომ "კავკასუსმა" დაკისრებული ფულადი სანქციები უკვე გადაიხადა და მარეგულირებელს მეწილეების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა, კომისია წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და "კავკასუს ონლაინის" ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა მარეგულირებელმა კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ", - აცხადებენ "კავკასუს ონლაინში".

ცნობისთვის, მარეგულირებელი კომისიის 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა "კავკასუს ონლაინს" წილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, "კავკასუსს" გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.

"საგულისხმო დეტალია ის, რომ საუბარია ერთადერთ ევროპულ ინტერნეტპროვაიდერზე საქართველოში. სანამ "კავკასუს ონლაინი" შავ ზღვაში ოპტიკურ კაბელს ჩადებდა, მთელი რეგიონი იყო მოკლებული ამ შესაძლებლობას. ახლაც და მაშინაც, ალტერნატივას წარმოადგენდა მხოლოდ რუსული და თურქული ინტერნეტი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს "კავკასუს ონლაინის" საქმიანობის შეჩერებას. საგულისხმოა ისიც, რომ, თუკი კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა "კავკასუს ონლაინს" და "რკინიგზის ტელეკომს", საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ "კავკასუსი" აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას", - განმარტავენ "კავკასუს ონლაინში".

(R)