როგორ შევარჩიოთ საშხაპე კაბინა - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ საშხაპე კაბინა

აბაზანა მნიშნველოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურობაში. იგი სახლის იმ ოთახს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია შხაპის მიღება, რაც დილის პოზიტიური განწყობისთვის ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისთვის, განსაკუთრებულ კომფორტს გვიქმნის. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საშხაპე კაბინა ჩვენს გემოვნებაზე იყოს მორგებული და შეგვიქმნას ოაზისი რელაქსაციისთვის.

საშხაპე კაბინის შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

• განსაზღვროთ საშხაპე კაბინის ტიპი (ღია, დახურული, კომბინირებული) • შევარჩიოთ საშხაპე კაბინა მასალისა და ოთახის ფართობის გათვალისწინებით.

• განვასზღვროთ საშხაპე კაბინის კარების ტიპი.

ღია საშხაპე კაბინა უპირველეს ყოვლისა განეკუთვნება ასაწყობი ტიპის მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ ოთახის ერთ-ერთი კედლის ბაზაზე ან კუთხეში ამონტაჟებენ პადონს, ხოლო მას ერთი ან ორი მხრიდან ესაზღვრება ნაწრთობი შუშის კედელი. ასეთი ტიპის კაბინებს არ აქვთ სახურავი, შესაბამისად, შეუძლებელია მათში დამონტაჟდეს  სისტემა, რომელსაც აქვს კასკადური და ტროპიკული შხაპის ფუნქციები.

დახურულ მოდელებს აქვთ მთლიანად ავტონომიური დიზაინი, რომელიც შედგება პადონის, კაბინის კედლებისა და სახურავისგან, ანუ ეს არის პორტატული ბოქსი, რომელშიც არის ჩაშენებული უამრავი სხვადასხვა დამატებითი ფუნქცია. ასევე ადვილია მისი დემონტაჟი გადაადგილების ან შეკეთების შემთხვევაში.

კომბინირებული საშხაპე კაბინა - ეს არის ბოქსი, რომელშიც გამოიყენება ღრმა პადონი, ან უფრო ხშირად აკრილის, თუჯისგან ან ფოლადისგან დამზადებული აბაზანა. პერიმეტრის გარეშემო განლაგებულია საშხაპე კედლები, ხოლო ზედა ნაწილი შეიძლება იყოს, როგორც დახურული, ისე ღია, რომელიც დამოკიდებულია შერჩეულ მოდელზე.

ასეთი კომბინირებული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა შეითავსოს თანამედროვე აბაზანების ყველა უპირატესობა. მაგალითად, ჯაკუზი ან ჰიდრომასაჟი, ასევე შხაპის სხვადასხვა ფუნქციები, როგორიცაა კასკადური და ტროპიკული.

კომბინირებული საშხაპე კაბინები გამოირჩევა დიდი ზომით, აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის კაბინები რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუკი აბაზანაში დიდი ფართი გაქვთ.

დამზადების მასალის მიხედვით არსებობს რამდენიმე ტიპის პადონი:

• თუჯის

• ფოლადის

• აკრილის

• ფაიანსის

• ხელოვნური მარმარილოს

• ნატურალური ქვის

თუჯის პადონები გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და გამძლეობით. 10 წლის შემდეგაც კი მისი ზედაპირის მინანქარი, ფაქტიურად, არ ცვდება. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს, რომ იგი ზედმეტად მძიმეა.

ფოლადის პადონები ბევრად მსუბუქია თუჯთან შედარებთ. თუმცა ფოლადის პადონი ვერ ინარჩუნებს სითბოს და სწრაფად ცივდება. კიდევ ერთი აღსანიშნავი ნაკლია ის, რომ წყლის მოხვედრის დროს ხმაურს გამოსცემს.

აკრილის პადონები ითვლება ყველაზე პოპულარულ მასალად, რადგან იგი შედარებით იაფია ასევე ფორმისა და ზომის არჩევანიც საკმაოდ დიდია.

ფაიანსის პადონები გამოირჩევა მდგრადობით და ექსპლუატაციის ხანგრძილივი ვადით, თუმცა იგი საკმაოდ სათუთია და საჭიროებს ფრთხილ მოპყრობას.

ხელოვნური მარმარილოსა და ნატურალური ქვის პადონები სწრაფად თბება და ინარჩუნებს სითბოს ხანგრძილივი დროით. გამოირჩევა მაღალი მდგრადობით. იოლად ექვემდებარება რემონტს. ერთადერთი მინუსი მისი მაღალი თვითღირებულებაა.

საშხაპე კაბინის კარი მნიშნველოვან დეტალს წარმოადგენს. მისი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ აბაზანის ფართობი.

არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

1. პანელით დამაგრებული კარი, რომელიც ერთი მიმართულებით იხსნება.

2. სვინგის ტიპის კარი, რომელიც ორივე მხრიდან იხსნება და მეტად მოხერხებულია.

3. ჩარჩოში მოთავსებული ორი პანელი, რომელიც საპირისპირო მხარეს გასრიალებით იხსნება-იკეტება.

გაითვალისწინეთ, საშხაპე ძელზე დამაგრებული საშხაპე ყურმილი მიმართული არ უნდა იყოს კაბინის კარისკენ, რათა წყლის გარეთ გადინება აიცილოთ თავიდან.

(R)