რატომ არის ღვინოსთან ერთად, საქართველო ლუდის ქვეყანა? - ფაქტები, ლუდის დამზადების უძველესი ტრადიციების შესახებ საქართველოში - კვირის პალიტრა

რატომ არის ღვინოსთან ერთად, საქართველო ლუდის ქვეყანა? - ფაქტები, ლუდის დამზადების უძველესი ტრადიციების შესახებ საქართველოში

მაშინ, როცა ჩვენი წინაპრები ბარში ღვინოს წურავდნენ, მთის მკვიდრნი ლუდის ხარშვით იყვნენ დაკავებულები. საქართველოს მთაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები და საკულტო რიტუალები ლუდის გარეშე ვერ ჩაივლიდა-ხოლმე.

მოხევეები და თუშები ლუდის დაყენების თავიანთ მეთოდებს ფლობდნენ. მაგალითად, ტრადიციული ქართული ლუდებიდან უნდა აღინიშნოს თუშური ალუდი, რომელსაც უჩვეულო გემო ჰქონდა და ღვინოსა და ლუდს შორის გარდამვალ სასმელს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენ არამხოლოდ ღვინის დაყენების 8 ათას წლიანი ტრადიცია, არამედ ლუდის საკუთარი რეცეპტებიც გვაქვს, რომელიც საქართველოს მთებში შეიქმნა. როგორც სხვა სახის ლუდის, ისე ალუდის დასამზადებლად მოხევეები და თუშები სპეციალურ ქვაბებსაც ქმნიდნენ, რომელსაც შეიძლება, მაღალმთიანეთში სტუმრობისას დღესაც წააწყდეთ.

თუ ბარში ღვინო იყო აღმატებული, თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლუდის სარიტუალო დანიშნულება სიწმინდეებთანაც იყო კავშირში. მიცვალებულთა სულების მოსახსენებელ დღესასწაულებზე მთიელები ლუდს ხარშავდნენ. გარდაცვლილის სახლში იმართებოდა დიდი პურობა, რომელიც სარიტუალო ლუდის სმით მიმდინარეობდა.

როგორ ამზადებდნენ ლუდს საქართველოში?

ლუდის გამოხდა მხოლოდ სარიტუალო დანიშნულებით არ ხდებოდა, მას მთიელები ჩვეულებრივ დღეებშიც მოიხმარდნენ. ისინი ლუდს ძირითადად, ქერისგან ადუღებდნენ. თავდაპირველად, გარჩეულ მარცვალს თხის ბეწვისგან მჭიდროდ მოქსოვილ ტომრებში ყრიდნენ და მდინარე დასალბობად მიჰქონდათ, სადაც 2-3 დღით აჩერებდნენ. შემდეგ დამბალ ქერის ტომრებს ნაპირზე გადმოზიდავდნენ და წყლისგან დაწურვას ელოდებოდნენ. სახლებში წაღებული ტომრებიდან გადმოცლილი ქერი გაიშლებოდა და ნამჯით დათბუნდებოდა ხოლმე. ამ პროცესის შედეგად, ქერი ღვივდებოდა.

3-4 დღეში, როცა ქერის მარცვალი ბუსუსებს გამოიღებდა, ლუდის დადუღებას იწყდებდნენ. წყლისა და ქერის განსაზღვრული პროპორციებით დამზადებული ლუდი სვიით უნდა შენელებულიყო, რომელიც საქართველოში ძნელად ხარობს. მთიელთა გადმოცემით, მათი წინაპრების მიერ მომზადებული ლუდი მომწარო-მოტკბო და სქელი გამოდიოდა.

ქართული ლუდის ტრადიციაზე საუბრისას შეგვიძლია, უფრო ადრეულ ისტორიასაც გადავხედოთ. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანის“ ერთ-ერთი ავტორი ელდარ ნადირაძე თავის სტატიაში გვიამბობს, რომ თრიალეთის ყორღანების გათხრისას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში არქეოლოგებმა ვერცხლის თასი აღმოაჩინეს. ის ძვ.წ XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.

სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი: დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ - ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში მაღალი თასი უჭირავს. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქით და აქეთ სამსხვერპლო ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა - ყველა დროის ხალხთა უნივერსალური სიმბოლო...

მეცნიერთა უმეტესობა, ვინც თრიალეთის ყორღანების გათხრებისას აღმოჩენილი თასის სიუჟეტის ახსნას შეეცადა, მიიჩნევს, რომ ის ღვინისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, თუმცა შეიძლება, მას ლუდითაც ავსებდნენ, რომელიც ღვინის მსგავსად, ასევე წმინდა სასმელად ითვლებოდა.

აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული ტერმინი "ქაშქი“ ნადუღარი ქერის წვენს აღნიშნავს, რაც შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ლუდია. მეცნიერების ვარაუდით, "ქაშქი“ შუმერული ტერმინიდან მოდის.

ამასთან, მარცვლოვან კულტურებს შორის, ხორბლის შემდეგ, ქერს მეორე ადგილი ეკავა და რა გასაკვირია, თუ ლუდის მოხარშვის ტრადიციაც გავრცელებული იყო?!

ლუდის ხარშვის ტრადიცია ქართველებს საუკუნეებია მოგვსდევს. თუშეთში იშვიათად, მაგრამ ალუდს დღესაც ამზადებენ-ხოლმე.

როგორ გრძელდება საქართველოში ლუდის ხარშვის ტრადიცია?

საქართველოში ლუდის ხარშვა ალბათ, არასდროს შეწყვეტილა. საბჭოთა კავშირის დროს, როცა რაიმე ნაწარმისთვის სახელის დარქმევა და კომერციული მიზნებით გაყიდვა დანაშაულს წარმოადგენდა, ქართველების მიერ სხვადასხვა კუთხეში დამზადებულ ლუდს "ბათუმურ ლუდს“, "ქუთაისურ ლუდს“ და მსგავსი სახელებით მოიხსენიებდნენ.

მიუხედავად ამისა, 1953 წელს, ქუთაისელმა მეწარმემ რევაზ დვალიშვილმა ლუდის საწარმო შექმნა და თავისი ტექნოლოგიის მისი ჩამოსხმა დაიწყო. ის არ მორიდებია საბჭოთა ცენზურას, ლუდს "აია“ უწოდა და თითქმის 70 წელია, ამ სახელითვე შემორჩა შთამომავლობას.

"აია“ პირველი ქართული ლუდის ბრენდი იყო. ამ ჩამოსასხმელი ლუდის გემო ძველ თაობას დღესაც ახსოვთ. როგორც ისინი გვიამბობენ, ქალაქში ლუდი ჩამოსასხმელი სახით იყიდებოდა და მისი დალევა ზაფხულის სიცხეში ქუთაისელებს ძალიან უყვარდათ. "აია“-ს თანხლებით ეწყობოდა მეგობრების შეკრებები, საღამოები, შეჯიბრებები; მის გარეშე ფეხბურთს ვინ უყურებდა?!

"აია“ ჩვენი ბებიების და ბაბუების ახალგაზრდობის ალკოჰოლი იყო, თუმცა ეკონომიკურად დაუძლურებულ 80-იან წლებში ის გაქრა. "ქაშქიდან“ "აია“-მდე ქვეყანამ საუკუნეები გამოიარა, თუმცა ღვინის მსგავსად, ლუდის ხარშვის ტრადიცია არ დაგვიკარგავს. ის ჩვენი ისტორიის ნაწილია. ამ ისტორიის გასაგრძელებლად გადაწყდა, პირველი ქართული ლუდის ბრენდი თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მაღაზიის თაროებს დაბრუნებოდა და ასეც მოხდა, ისევე როგორც თუშთა შთამომავლები ცდილობენ, წინაპრების ტრადიცია არ დაკარგონ და ალუდის მომზადებას დღესაც აგრძელებენ.