"ომები და არმიები" - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე
"ომები და არმიები" - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე
"წიგნი "ომები და არმიები" საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სამხედრო ისტორია აინტერესებს"

"ომები და არმიები" - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის" მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ასეთი დასახელების წიგნი თავისი შინაარსითა და ილუსტრაციებით საქართველოსთვის სიახლეა.

ანანო თავხელიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ამ უნიკალურ წიგნში განხილულია უძველესი დროის, შუა საუკუნეების, თანამედროვე ეპოქისა და XX საუკუნის ომები და არმიები. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ომების 4700-წლიან ქრონოლოგიას, სხვადასხვა ქვეყნისა თუ სახელმწიფოს სახელგანთქმულ სარდლებს. ინფოგრაფიკის სახით წარმოდგენილია კადეშის
(ძვ.წ. 1275), თერმოპილეს (ძვ.წ. 480), გავგამელას (ძვ. წ. 331), კანეს (ძვ.წ. 216), მანასკერტის (1071), ლეპანტოს (1571) და ზოგიერთი სხვა ბრძოლა, რომლებსაც სამხედრო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. XX საუკუნის ომებიდან გამოცემაში ასახულია მდინარე სომისთვის მიმდინარე ბრძოლები (1916), თავდასხმა პერლ-ჰარბორზე (1941), ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია (1944), 1980-იან წლებში
ამერიკელების მზადება "ვარსკვლავური ომებისთვის" და სხვ.

მრავალფეროვანი ილუსტრაციები მკითხველს სრულ წარმოდგენას უქმნის, მაგალითად, როგორ გამოიყურებოდნენ ასურეთის, მაკედონიის, სპარსეთის, კართაგენისა თუ სხვა ძველი ქვეყნების არმიები; რითი იყვნენ შეიარაღებულ-აღჭურვილები მაშინდელი ქვეითი თუ ცხენოსანი მებრძოლები, რას წარმოადგენდა საბრძოლო ეტლები.

ძველი დროის ქვეყნებიდან რომის იმპერიას ყველაზე სრულყოფილი და ძლიერი სამხედრო სისტემა ჰქონდა. რომაელთა საუკეთესოდ შეიარაღებულ-მომზადებული არმიის აღჭურვილობაში შედიოდა სხვადასხვა საალყო ტექნიკა, რომელთა ნიმუშები წიგნის ფურცლებზეა ნაჩვენები.

ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შუა საუკუნეების პერიოდი, სადაც განხილულია დავითისა და თამარის ეპოქა. ინფოგრაფიკითაა ნაჩვენები საქართველოს ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი ბრძოლები, როგორიც იყო დიდგორი და შამქორი.

ფლოტის მოყვარულები გაეცნობიან ბერძნული ტრირემის, ვიკინგების დრაკარის, შუა საუკუნეების გალერის, იაპონური ჯავშნოსან "მიკასას", მეორე მსოფლიო ომის გერმანული წყალქვეშა ნავისა და სხვა ხომალდების თავისებურებებს.

დენთმა და ცეცხლსასროლმა იარაღმა ომების წარმოება მთლიანად შეცვალა. ამის საილუსტრაციოდ წიგნში ნაჩვენებია ძველი და თანამედროვე ცეცხლსასროლი და მსუბუქი შეიარაღების, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, შვეულმფრენების, რაკეტების ზოგიერთი ნიმუში.

აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ერთი თავი თანამედროვეობის ერთ-ერთ მტკივ­ნეულ პრობლემას, ომებში ბავშვების მონაწილეობას დაეთმო.

წიგნის დასკვნითი თავი ეძღვნება გაეროს სამშვიდობო ძალებს. დღეს მსოფლიოს მრავალ ცხელ წერტილში გაეროს მრავალეროვნული ძალები სამშვიდობო ფუნქციებს ასრულებენ. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს სამშვიდობო მისიაში მყოფ ცისფერჩაფხუტიანთა ეკიპირებას, თავდაცვით შეიარაღებას, სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებს და ა.შ.

წიგნი "ომები და არმიები" საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სამხედრო ისტორია აინტერესებს. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასში თავს ვუყრით იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს კაცობრიობაზე. წიგნი არის უნიკალური ინფოგრაფიკით შექმნილი, რაზეც საუკეთესო ილუსტრატორებმა იმუშავეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ანალოგი არ არსებობს და პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. იმედია, სასიამოვნო აღმოჩენებს გააკეთებთ".

ისტორია სამხედრო ჭრილში


კაცობრიობის ისტორიის ბოლო 5000-წლიანი პერიოდის უდიდესი ნაწილი ძალმომრეობასთან დაკავშირებული მოქმედებებით ხასიათდება. თავდასხმები, ალყა, შეჭრა და დაპყრობა ის მეთოდებია, რომლებიც უძველესი პერიოდიდან დღემდე ცივილიზაციების ბედს წყვეტდა. მთავრობების, პოლიტიკური სისტემების, საზოგადოდ, კაცობრიობის არსებობა დამოკიდებული იყო არმიების სიძლიერეზე, შეიარაღების სწორ გამოყენებასა და სამხედრო სტრატეგიების თუ ტაქტიკების შემუშავებაზე.

ისტორია გარკვეულწილად იმ ლიდერების ამბავია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ძალაუფლების მწვერვალების დასაპყრობად, რათა მერე მალევე დაეკარგათ. მეფე-დედოფლები და იმპერატორები ტახტზე ადიოდნენ და შემდეგ იწყებოდა შეთქმულებები მათი ტახტიდან ჩამოსაგდებად, ჩნდებოდა და ქრებოდა სოციალური სისტემები და ყოველივე ამას თან ახლდა კონფრონტაციები და ბრძოლა, გამარჯვება და დამარცხება.

სწორედ ისტორია გვასწავლის, რომ ძალმომრეობა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ეს საკითხი ათასწლეულების განმავლობაში დებატების საგანია, ამიტომაც ამ წიგნში რამის მტკიცება არ არის, მისი მიზანია აქცენტირება იმ მოვლენებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიის შექმნაში.

თემურ ჩაჩანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები