საპარტნიორო ფონდი, სტარტაპ-საქართველო და "USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ
07-07-2020
საპარტნიორო ფონდი, სტარტაპ-საქართველო და "USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ
"საპარტნიორო ფონდის“, "სტარტაპ-საქართველოსა“და "USAID-Zrda“-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელის "კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, "სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ასევე, "საპარტრნიორო ფონდის“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

"სტარტაპ-საქართველოსა“ და "USAID-Zrda“-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

"ვულოცავ პროექტის ავტორებს და ჩვენს საზოგადოებას ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს.
ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტარტაპერები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში და სწორედ აქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში იწყებენ პროექტს. ეს არის წარმატებული მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ადგილობრივი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესი განსავითარებლად რეგიონებში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონში სხვა ბიზნესების სტიმულირებას. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და "USAID-Zrda“-ს ამ ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის. აშშ საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

"დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგზარდების ჯგუფის ინიციატივით "საპარტნიორო ფონდის“, "სტარტაპ-საქართველოს“ და "USAID/Zrda“-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არამხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ - მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სასმელი "კომბუჩას“ თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც არის პასუხი 21-ე საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.

"დიდი მადლობა "USAID-Zrda-ს", რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში შემოგვეტანა მსოფლიოში პოპულარული ჯანსაღი უალკოჰოლო სასმელი, რომელიც იდეალურად ერგება ჩვენი წყლის თვისებებს. მსგავსი ინოვაციური წარმოების განვითარება იმ მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, რომლებსაც ერთობლივად ვთავაზობთ სტარტაპერებს, დიდი სტიმული იქნება დამწყები ბიზნესებისთვის“-აღნიშნა "სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

"სტარტაპ-საქართველოსა“ და "USAID-Zrda“-ს ახალი ინიციატივის პრიორიტეტია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მინიმალური ფულადი მონაწილეობა მოეთხოვება, 90%-ს სტარტაპ-საქართველო გრძელვადიანი შეღავათიანი ინვესტიციით დააფინანსებს, ხოლო "USAID-Zrda“ ბენეფიციარს აღნიშნულ ჯამურ თანხას გაუორმაგებს და უსასყიდლო გრანტის სახით გადასცემს.

"სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები