"საკუთარ თავზე ვწერ, საკუთარ თავს ვეჭიდები"
"საკუთარ თავზე ვწერ, საკუთარ თავს ვეჭიდები"
"ეს დაკვირვების პატარა წიგნია საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე, მათზე, ვინც ჩემ ირგვლივ ცხოვრობდნენ, სოფელსა და გაძლების ხელოვნებაზე, ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე"

"ბიბლუსისა" და სხვა წიგნის მაღაზიათა თაროებს სულ მალე გიორგი კეკელიძის ახალი ნაწარმოები "სხვა გურული დღიურები" შეემატება. ეს მისი წინამორბედის, "გურული დღიურების" ერთგვარი გაგრძელება, მასში აღწერილი ისტორიების "შიგნიდან დანახვის მცდელობაა" და ავტორის თვალით დანახულ გურიას გვიჩვენებს.

წიგნს გამომცემლობა "პალიტრა L"-ი გამოსცემს, მისი რედაქტორი თამარ ჟურული­ გახლავთ, დიზაინერი კი
სალომე საბანაძე.

- "გურული დღიურები", რომელიც 6 წლის წინ გამოვიდა, უკვე ბევრი მკითხველის საყვარელ წიგნად იქცა. პირადად მეც ჩემი არაერთი გურული მეგობრისთვის მიჩუქებია, როგორც მათთვის საინტერესო გურიაში შეგროვებული ამბების კრებული. ამონარიდებს თქვენი წიგნებიდან სოციალურ ქსელშიც ხშირად ვადევნებთ თვალს და ერთგული მკითხველისთვის უკვე სასიამოვნოა, რომ მალე
მათ თაროს "სხვა გურული დღიურები" შეემატება. რას მოიცავს ეს "ცოტა უცნაური გაგრძელება" და რაზეა მასში მოთხრობილი ამბები?

- პირველ რიგში, უღრმესი მადლობა კეთილგანწყობისთვის. ვფიქრობ, დიდ პროზაში ძალა ჯერაც არ მომისინჯავს და ჩემი საუკეთესო ნამუშევრები ისევ პოეზიაში თუ მოიძებნება. თუმცა "გურული დღიურების" წარმატება მრავალმხრივ სასიამოვნო ამბავია. ეს გაგრძელება ერთგვარი დასასრულია ამ ციკლისა და ცდა, უფრო დისტანციურად დავინახო საკუთარი თავი, უფრო მკაცრად და მოურიდებლად.

- ვინ არიან ნაწარმოების მთავარი გმირები და რა ხდება მათ თავს?
- მთავარი გმირი მე ვარ.
ეს დაკვირვების პატარა წიგნია საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე, მათზე, ვინც ჩემ ირგვლივ ცხოვრობდნენ, სოფელსა და გაძლების ხელოვნებაზე, ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე.
პერსონაჟები ფრაგმენტულები არიან და ეს ფრაგმენტები ყველა ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს საკუთარ თავში ან სხვაში. ჩვენ ამ ტკივილებსა და სიხარულებში ერთმანეთს ვიმეორებთ.

- აღნიშნეთ, რომ ეს არის "გურულ დღიურებში" აღწერილი ისტორიების შიგნიდან დანახვის ცდა. როგორია ავტორის თვალით დანახული გურია?
- გურია არის ღარიბი და ლამაზი, ღიმილით ძლიერი და თანაც შიშით სავსე, მომავლის შიშით. მართლაც პარადოქსების მხარეა.
- მსახიობმა მერაბ ნინიძემ თქვენს წიგნზე თქვა: "სხვა გურული დღიურები" ადამიანის ცხოვრებაში იმ მომენტს იჭერს, როცა ვხვდებით, რომ გავიზარდეთ და ემოციებიც გამძაფრდა. დრო გავიდა და ჩვენ დანაკარგი, იმედგაცრუება დაგვიგროვდა. ეს უკვე ცხოვრების ის ეტაპია, სადაც არჩევანი აღარ გვაქვს, დაცული აღარ ვართ ტკივილისგან. თუმცა გვაქვს საძირკველი - ჩვენი ბავშვობა, გვაქვს სითბო და გვყავს ადამიანები, რომელთაც შეგვიძლია ჩვენი მოგონებები გავუზიაროთ ისე, როგორც ეს წიგნი გვიზიარებს ავტორის ჰუმანიზმს". ამ ასაკში როგორია გიორგი კეკელიძის ემოციები და ბავშვობის წლების მონატრება?
- ჩვენ ბავშვობის ჯამი ვართ. ბავშვობამ განგვსაზღვრა და იმ ტკივილებს და სიხარულებს ვიმეორებთ, იმ ოცნებების ასრულებას ვეჭიდებით. ხან ვმარცხდებით, ხან ვიმარჯვებთ და ორივე განცდა ჩუმად, ხანაც საკუთარი თავისგან დამალულადაც, ისევ ბავშვობასთან მიგვაქვს სამსხვერპლოზე. გურია არის ადგილი, სადაც საკუთარი თავი გავიცანი და ადამიანად ყოფნა შევიგრძენი - შესაბამისად, ის ხალხი, მოვლენები და გარემო მეც ვარ. საკუთარ თავზე ვწერ, საკუთარ თავს ვეჭიდები.

- რა არის ჰუმანიზმის მთავარი წყარო ადამიანში?
- ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანი მეორე ადამიანის შემჩნევა და გათვალისწინებაა. ეს რთული საქმეა, ძნელად აღსასრულებელი, ამიტომაც ამისთვის ვარჯიში აუცილებელი საქმეა.

- როგორია სიყვარული გურულად?
- გურული სიყვარული მოულოდნელი და ცოტა გადარეულია, ამიტომაც ძნელად მოსახელთებელია სიტყვებისთვისაც.

- წიგნის ყდის დიზაინში გამოყენებულია თქვენი მშობლების - ზურაბ კეკელიძისა და გულნარა ჩხარტიშვილის ფოტოილუსტრაცია. რატომ შეარჩიეთ ის და რაიმე ისტორია თუ აქვს ამ ფოტოს? სად არის გადაღებული?
- ფოტო გადაღებულია მათი საქორწინო მოგზაურობისას და იშვიათი სურათია, სადაც ისინი ერთად არიან.

- "სხვა გურულ დღიურებს" "პალიტრა L"-ი გამოსცემს. როგორც მწერლისთვის, რამდენად კომფორტულია თქვენთვის ამ გამომცემლობასთან თანამშრომლობა?
- "პალიტრა L"-თან მისი დაარსების დღიდან ვთანამშრომლობ. მისი დაბადებისთანავე გამოვიდა ჩემი და ჩემი მეგობრების ნათარგმნი ზღაპრების კრებული "ჯადოსნური კარი". მას შემდეგ როგორც ავტორს და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ამ გამომცემლობასთან არაერთხელ მიმუშავია. მიხარია, რომ გამომცემლობის გუნდი, მათი პროფესიული­ აზრი ძალიან დაიხვეწა და ზრდას არც ახლა წყვეტს.

თამთა დადეშელი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?