"ლიტერატურული გაჩერება" უკვე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრა - კვირის პალიტრა

"ლიტერატურული გაჩერება" უკვე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრა

ზაფხულის თავგადასავალი გრძელდება!

ზაფხული თავგადასავლის გარეშე ვერ ჩაივლის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლიტერატურას ეხება. ახლა, როცა საზღვრები ჩაკეტილია და მძიმე გაზაფხული გამოვიარეთ, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მკითხველთან ერთად იმოგზაუროს და მოაწყოს დიდი ლიტერატურული თავგადასავალი.

გამომცემლობა "პალიტრა L " -ი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წელი სხვადასხვა აქტივობით აქვს დატვირთული, მათ შორისაა "ლიტერატურული გაჩერება".

ტურნე ყვარლიდან დაიწყო და თელავში გაგრძელდა - ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, "მაკულიტერატურის" აქცია - მსურველებმა ჩააბარეს უსარგებლო თაბახის ფურცლები, რვეულები, ძველი წიგნები და გადაცვალეს ახალ წიგნებზე. მომხმარებელი 300-მდე წიგნიდან მისთვის სასურველს ირჩევდა.

თელავში გაიმართა ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" პრეზენტაცია. ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით ამბროლაურსა და ონშიც გაიმართა. აქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია - მსურველებმა 300-ზე მეტი დასახელებიდან სასურველი ლიტერატურა შეარჩიეს.

"ლიტერატურული ქარავანი" ზუგდიდსაც ესტუმრა, სადაც ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში "ფენიქსის" პრეზენტაცია გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვა გაიმართა სვანეთშიც. მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში 300-მდე დასახელების წიგნის შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით იყო შესაძლებელი.

გეგი ფალიანი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი: "ასეთი ღონისძიებები "ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მესტიისთვის, არამედ საქართველოს ყველა რეგიონისთვის. მიხარია, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრი მასპინძლობს ამ გამოფენა-გაყიდვას, სადაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მრავალფეროვანი ლიტერატურითაა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცვლელია და ასეთი ღონისძიება კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მასთან დასაახლოებლად".

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L"-Lის""ლიტერატურული გაჩერება" მოდის შენთან!

გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს:

10 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური სკვერი, ალ. ყაზბეგის ქუჩა;

12 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" დაბა სიონის ცენტრში, ნიკო ქუმსიაშვილის ქუჩა;

13 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სურამში, სურამის სკვერის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა;

14-15-16 აგვისტო - ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ღონისძიებები ელით.

14 აგვისტოს "კარფურის" მიმდებარედ (ჟიული შარტავას ქუჩა) დაიწყება "მაკულიტერატურის" აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

14 აგვისტოს გაიმართება პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება", სადაც სპიკერები იქნებიან დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე და რევაზ კოპალაძე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ "ლურჯი ოკეანის" ფეისბუკ-გვერდს.

15 აგვისტოს გაიმართება "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის"გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის "მოპარული სიყვარულის" პრეზენტაცია - "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ.

16 აგვისტოს 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" პრეზენტაცია, რომელსაც "ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც" უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

17 აგვისტოს "ლიტერატურული გაჩერება" ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი). გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და ასე გადაარჩინონ გარემო (1კგ = 1 ლარს). 19:00 საათზე კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) გაიმართება შეხვედრა "ფენიქსის" ავტორებთან.

18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება "მაკულიტერატურის" აქცია, სადაც 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

19 აგვისტო - "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" ბახმაროში დასრულდება.