"შენი იდეა ქალაქის მერს“ - "მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე - კვირის პალიტრა

"შენი იდეა ქალაქის მერს“ - "მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

"შენი იდეა ქალაქის მერს“ - ეს ინიციატივა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც თბილისის მერად არჩევის შემდეგ გააჟღერა კახა კალაძემ. "მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი, თავის გუნდთან ერთად, მაშინვე გამოეხმაურა მერის ამ ინიციატივას და მრავალპუნქტიანი რეკომენდაციები გამოქავეყნა მედიაში.

ირაკლი როსტომაშვილი უმთავრეს პრიორიტეტად ქვეითებსა და მათთან გათანაბრებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებდა, რაც მანქანების ხარჯზე უნდა განვითარებულიყო. მისი ინიციატივა იყო ტროტუარების გაფართოება, გზებზე რკინის გადასასვლელების დემონტაჟი "ზებრების“ დახაზვა, დამატებითი შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების დამონტაჟება, რაც ქვეითებს გაუადვილებდა გადაადგილებას. ასევე შეეხებოდა საუბარი ველობილიკებსა და ბასლაინებს. ერთ-ერთ პრიორიტეტად ირაკლი როსტომაშვილი ტროტუარების მოწესრიგებას და მანქანების სავალი ნაწილის ხარჯზე, მათ გაფართოებას ასახელებდა, რომლებიც მრავალფუნქციური უნდა გახდეს იგივე ე.წ. "ღამის ეკონომიკის“ განვითარებისთვის.

თბილისში არაერთი ქუჩა მოწესრიგდა. ყველაზე თვალსაჩინოა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა ადაპტირებული. ტროტუარები კომფორტულია მოქალაქეთა გადაადგილებისთვის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით რამდენიმე წუთშია შესაძლებელი მთელი გამზირის გავლა, ყოველგვარი საცობისა და შეფერხებების გარეშე. ასევე მოხდა რკინის გადასასვლელის დემონტაჟი ჭავჭავაძე-მოსაშვილის ქუჩის კუთხეში. გამზირზე ბევრ ადგილზე დაიხაზა "ზებრები“, დაემატა 14 ახალი შუქნიშანი და ბასლაინები.

"მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი დადებითად აფასებს თბილისის მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროცესი დედაქალაქში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

- ბატონო ირაკლი, როგორც ვხედავთ, მერიამ თქვენი რეკომენდაციები გაითვალისწინა. - ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს მერიასთან კონსულტაცია და კამათიც. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია მერიასთან. როცა ახალმა ადმინისტრაციამ გამოცხადა პროგრამა "შენი იდეა ქალქის მერს“, ჩვენ ჩამოვწერეთ ტრანსპორტის მოგვარების რეკომენდაციები და ეს გამოვაქვეყნეთ. ვერც იმას გეტყვით და დავიბრალებთ რომ ეს ჩვენი იდეაა და ჩვენი იდეების გამო დაიწყო მერიამ ასეთი სტრატეგიის განვითარება. რეალურად ეს არის მსოფილოში აპრობირებული სტრატეგია, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული როგორც საუკეთესო. ჩვენც ზუსტად ეს ჩამოვწერეთ - ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია. ის, რაც ჭავჭავაძის გამზირზე გაკეთდა, საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით გადაადგილება. თბილისის მერია ამ მხრივ სწორ ნაბიჯებს დგამს. მერიამ, როგორც ვიცი, დაიქირავა სატრანსპორტო დაგეგმვის უცხოური კომპანიები, და ცხადია, ისინიც ზუსტად იგივე რეკომენდაციას მისცემდნენ, რასაც ჩვენ ვამბობდით.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალინ სწორი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ 2018-ში დავწერეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ რამე როლი ვითამაშეთ. უბრალოდ, ვინც სწორად ფიქრობს, ყველა ამ სტრატეგიამდე მივა

- ოპონენტები საუბრობენ რომ ეს მიდგომა შექმნის საცობებს, რაც ვნახეთ კიდევაც პირველ დღეს, როცა გაიხსნა ჭავჭავაძე - რა თქმა უნდა, საცობები იქნება. და უნდა იყოს კიდეც. პრინციპი არის შემდეგი - ავტომობილების ქალაქიდან უნდა გადავიდეთ ფეხმავლის ქალაქზე. აქამდე ეს იყო გზები, ახლა უნდა გახდეს ქუჩები. თუ გინდა მანქანით სიარული, მოხვდები საცობში, მაგრამ როცა გაქვს ალტერნატივა კომფორტული, სწრაფი და პროგნიზირებადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, უკვე დაფიქრდები, გიღირს თუ არა საკუთარი მანქანით გადაადგილება.

ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის მენტალობის გადართვა - რაც არ არის მარტივი პროცესი. მენტალობა უნდა შევიცვალოთ ყველამ - მე, თქვენ, ნებისმიერმა მოქალაქემ... ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ აუცილებელია.

საქართველო ეკონომიკურად იზრდება (შესაძლოა არასაკმარისად, მაგრამ ფაქტია იზრდება) ეს პირდაპირ ნიშნავს მანქანების რაოდენობის ზრდას, შესაბამისად ვერანაირი ესტაკადები და გზების გაფართოება ვერ უშველის საცობებს. ეს კი ქალაქს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენებს. გამოსავალი არის მხოლოდ მანქანების შემცირებაში - მანქანა უნდა იყოს ბევრად უფრო დისკომფორტული ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს - თუ მხოლოდ ჭავჭავაძით შემოვიფარგლებით, მაშინ ჩათვალეთ რომ ჯობდა ესეც არ გაკეთებლიყო. მთელი ქალაქი უნდა გადავიდეს ახალ სტრატეგიაზე. თბილისი არ იწყება და არ მთავრდება ჭავჭავაძის გამზირით. პროცესის გაგრძელება აუცილებელია დანარჩენ გამზირებსა და ქუჩებზეც. თბილისის მერს ბევრი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, მაგრამ გზების რეფორმა ღირს ამად. მაგალითად, დღეს უკვე ტაქსები ჭავჭავაძეზე ვეღარ "თევზაობენ“, ნებისმიერ ადგილზე ვერ გაუჩერებენ მგზავრს, ვინაიდან მოძრაობის სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევენ. ტაქსების გასაჩერებლად სპეციალური ზონები უნდა გამოიყოს, ან მომხმარებელმა შესაბამისი აპლიკაციით უნდა გამოიძახოს ტაქსი დანიშნულების ადგილზე. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თბილისში ტაქსების სიმრავლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის პირდაპირი ინდიკატორია. როდესაც ქალაქში "ბასლაინების“ ქსელი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის გაცილებით კომფორტული იქნება ავტობუსებით, საცობებში დგომის გარეშე გადაადგილება, ვიდრე თუნდაც ტაქსით. მით უმეტეს, რომ ავტობუსი გაცილებით იაფია ტაქსთან შედარებით. ასევე, მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდება ბევრი ავტომფლობელი, ვინაიდან ასე უფრო მოკლე დროში მივა დანიშნულების ადგილამდე“, - განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

გარდა თბილისის ქუჩების რეკონსტრუქციისა, რეგიონებშიც მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგალითად, კახეთში არის რკინიგზა, რომელზეც მატარებელი წლებია არ დადის. ამიტომ, თუ, მაგალითად, თელაველ მოქალაქეს საქმე აქვს თბილისში, იძულებულია მიკროავტობუსით ჩავიდეს დედაქალაქში, ან საკუთარი მანქანით. ეს კიდევ მეტად ტვირთავს ქალაქს. ასევე, თუ, მაგალითად, ადამიანი გორიდან მიდის რუსთავში, ან პირიქით, მან თბილისი არ უნდა გაიაროს, უნდა მოწესრიგდეს შემოვლითი გზა, რაც ასევე მნიშვნელოვნად განტვირთავს მტკვრის სანაპიროებს.