"კანონი, მორალი, სახელმწიფო დისციპლინა და მზაკვრული დეიდეოლოგიზაცია, რამაც დაანგრია საზოგადოებრივი ცნობიერება" - (R)
13-08-2020
"კანონი, მორალი, სახელმწიფო დისციპლინა და მზაკვრული დეიდეოლოგიზაცია, რამაც დაანგრია საზოგადოებრივი ცნობიერება" - (R)
ღია წერილი პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას

"მორალი - ეს არის იცხოვრო შენი ხალხის ზნე-ჩვეულებით" - წერდა არისტოტელე და ვინ თუ არა ჩვენმა ხალხმა, რომელმაც შექმნა "სტუმარ- მასპინძელი", "გამზრდელი", "ხევისბერი გოჩა" და სხვ., იცის მორალურ ღირებულებათა ფასი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. დღეს, სამწუხაროდ, მდგომარეობა ისეთია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ იცავენ ვერც კანონს და ვერც მორალს საზოგადოებაში. ამას თან ერთვის კიდევ გარედან ჩვენზე ძალად თავს მოხვეული დეიდეოლოგიზაცია, რის გამოც ბევრში გავრცელ
და აზრი:"არ ვერევი პოლიტიკაში!" და ეს მაშინ, როდესაც პოლიტიკა არის მოქმედების კულტურა და ყოველი ადამიანი ვალდებულია იქონიოს მოქალაქეობრივი პოზიცია, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ შეგნებულად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენი სამართალდამცავები წავიდნენ კიდევ უფრო შორს და ამბობენ:"არ ვერევით პოლიტიკაში, არც სხვის საქმეში, ვიცავთ მხოლოდ ადამიანის უფლებებს". ეს დევიზი აიყვანეს მათ მთავარი
სამოქმედო პრინციპის რანგში და კატეგორიულად გაემიჯნენ მორალურ პრობლემებს. მათ თავიანთი პასიურობით და უნიათობით უბიძგეს ბევრს დაევიწყებინათ პასუხისმგებლობა, ვალდებულება და მორალი, რამაც გათიშა საზოგადოება, დაიწყო ტრადიციების ნგრევა და გაჩნდა უნდობლობა ყველას და ყველაფრის მიმართ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ კარის მეზობელი მშვიდად ელოდება, როდის მოკლავენ მის გვერდით ბინაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, არ რეკავს პოლიციაში და "არ ერევა სხვის საქმეში"(ქუთაისი). იგივე გულგრილობას ვხედავთ შაქარაშვილის საქმეშიც, რაც სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა, რომ არა აქტიური ჟურნალისტები. ამ ფონზე დიდი მადლობა თამარ ბაჩალიაშვილის მეზობლებს და მთელ უბანს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ უბედურ მშობლებს და პრინციპულად მოითხოვეს პასუხები მთავრობისაგან. მადლობა ისევ ჟურნალისტებს.

კანონი, სამართალი და მორალი სოციალური წესრიგის ის უნივერსალური რეგულატორებია, რომლებიც იცვლიან სახეს საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე; ანუ თუ რეალობა იცვლება, ირღვევა ადეკვატურობა და საკანონმდებლო ბაზაც უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს. ეს უდიდესი მნიშვნელობის მსოფლმხედველობრივი პრობლემაა; აი რას წერდა ამის შესახებ ვ.ჰაიზენბერგი:"საჭირო იქნება კიდევ ერთი ასწლეული იმისათვის, რომ ღრმად და საფუძვლიანად იქნას გააზრებული ახალი მეცნიერული აღმოჩენები და მათი სოციალური, პოლიტიკური, ეთიკური და ფილოსოფიური მნიშვნელობა".

ჩვენი ეპოქის მთავარი ნიშანია ძლიერი დინამიზმი, "რელატივიზმი" შეიჭრა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გამოიწვია ყველგან ტრადიციულ ღირებულებათა გადაფასება. ამ ცვლილებების მსოფლმხედველობრივ ასპექტში ანალიზი ჩვენთან ყოველთვის მაღალ დონეზე მიმდინარეობდა: ა.რაზმაძე, ლ.გოკიელი, ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, კ.ბაქრაძე, ს.წერეთელი, ზ.კაკაბაძე. წამყვანი მეცნიერები სისტემატურად კითხულობდნენ ლექციებს საზოგადოება "ცოდნის" ხაზით, რის დროსაც ხდებოდა ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სხვადასვა დარგის სპეციალისტებთან პროფილის მიხედვით ინტერპრეტაცია და ანალიზი. ამასთან დაკავშირებით დაიბეჭდა ჩემი წერილებიც: "ვიცხოვროთ ჩვენს დროსთნ ერთად", "ფიზიკა, როგორც მსოფლმხედველობა", "მშვიდობით ХХ საუკუნევ", "იწყება ახალი დიალოგი სამყაროსთან", "ჩვენი რთული და და შემთხვევითობით სავსე სამყარო" და სხვ.(იხ. საიტი: gildasikharulidze.com). აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ჩვენს ფიზიკოსებთან სტუმრად ჩამოვიდა და დიალექტიკის საკითხებზე ლექცია წაიკითხა ნილს ბორმა და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ იყო. სამწუხაროდ, შემდეგ მთელი ეს მონაპოვარი თან გადავაყოლეთ განათლების სისტემაში "ბრწყინვალედ" ჩატარებულ რეფორმებს, ხოლო საზოგადოება "ცოდნის" ხაზით კი აქტიურად დაიწყო მ.მამარდაშვილის აბსურდიზმის პროპაგანდა.

ამრიგად, ახალ რეალობაზე კანონის ინტერპრეტაცია ძალზედ რთული პროცესია და იმისათვის, რომ ამ დროს ადეკვატურად იქნას გააზრებული სოციალური წესრიგის არსი და მნიშვნელობა, აუცილებელია ამ სიახლის სერიოზული თეორიული კვლევა და ანალიზი. სამწუხაროდ, სამართალდამცავ სტრუქტურებში ამისათვის მზად არ არიან, უმრავლესობას აკლია თეორიული განათლება და პროფესიონალიზმი. ამ მხრივ ნამდვილად პოზიტიურია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შექმნილი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, მორალური და გულანთებული ახალგაზრდებით, მაგრამ ისინიც თეორიული მოუმზადებლობის გამო ვერ ფუნქციონირებენ.

ყველაფერთან ერთად 90-ანმა წლებმა ძირეულად გადაატრიალა ჩვენში ღირებულებათა მთელი სისტემა, მთავარ მამოძრავებელ ძალად გამოცხადდა თავისუფლების აბსოლუტიზაცია, რასაც თან მოჰყვა პიროვნების დეგრადაცია, ხალხში გაჩნდა აგრესია და ბოროტება. პარალელურად ქვეყანაში განადგურდა მეცნიერება და კულტურა, წინა პლანზე წამოვიდა ფულის კეთება და ბრძოლა მატერიალური კეთილდღეობისათვის. სამშობლოს სიყვარული, მორალი, პროფესიონალიზმი და კანონის დაცვა გადავიდა უკანა პლანზე; დაინგრა ადამიანის სულიერი სამყარო, მოხდა საზოგადოებრივი ცნობიერების კორუმპირება, რამაც გზა გაუხსნა კორუფციას ყველა სფეროში. ნამდვილი, ჭეშმარიტი ინტელიგენცია ერთბაშად გახდა ღატაკი და უფლება აყრილი, ელიტად კი იქცა ის, ვინც იშოვა მეტი ფული, აიხსნა აღვირი და დაიწყო თავისუფალი თარეში ქვეყანაში. მაღალი რანგის სპეციალისტები კი მთლიანად ჩამოშორდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

აი ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში აღარ იყო უკვე აღარც მეცნიერება და აღარც კულტურა, "თავისუფალმა ადამიანმა" დევიზით:"ვაკეთებ იმას, რაც მომესურვება", დაიწყო "თავისი დიალოგი" სამყაროსთან და მას, რა თქმა უნდა, გამორჩა მხედველობიდან ის, რომ არჩევნის და გადაწყვეტილების მიღების აქტი არ არის მხოლოდ თავისუფლების გამოვლენა, ეს არის აგრეთვე პასუხისმგებლობა და მოვალეობა და როგორც კი ადამიანს ავიწყდება ეს, ის წყდება საზოგადოებას, საზოგადოებაში კი ამ დროს იწყება ანარქია; საზოგადოება კარგავს თვითშენახვის, თვითგანვითარების უნარს და დგება ფიზიკური და სულიერი განადგურების წინაშე. აი რა გვჭირს დღეს ჩვენ და ამ პროცესებს გააჩნია თავისი სრულიად ობიექტური მიზეზები. მათგან მთავარია ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლების სისტემა შეგნებულად თუ შეუგნებლად გაჟღენთილია სოროსული იდეოლოგიით,რამაც მთელ საზოგადოებაში წინა პლანზე წამოსწია ეგოისტური ინტერესები და დააკარგვინა ბევრს პასუხისმგებლობის, მოვალეობის და მორალის შეგრძნება.

თავისუფლება - ეს არ არის თავისუფლება რაიმესაგან, თავისუფლება - ეს არის თავისუფლება რაღაცისთვის და ამიტომ აუცილებელია ადამიანს ქონდეს რწმენა და მიზანი მოქმედებისათვის. პიროვნების ჩართვა დღევანდელ დინამიურ და წინააღმდეგობებით სავსე რეალობაში ურთულესი სოციალურ-კულტურული პროცესია, რომელიც მოითხოვს თითოეულისგან დიდ სოციალურ, პიროვნულ და პროფესიულ მზაობას, რის დროსაც ნამდვილად არ არის მთავარი ადამიანმა იყვიროს, წეროს და აკეთოს ყველაფერი ის, რაც თავში მოუვა. საზოგადოებას ჭირდება მორალი და ასევე იდეოლოგია, როგორც აქტუალური ცოდნა, რომლითაც უნდა იარსებოს და იმოქმედოს ცხოვრებაში. საკმარისი არ არის მხოლოდ პროფესიონალიზმი, აუცილებელია აგრეთვე მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური აზროვნების კულტურაც, რის გარეშეც, როგორც ვხედავთ, დიდ საფრთხეში ვარდება სწორედ ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი.

თაცის დროზე კანტი წერდა:" ადამიანი არის არა ის. თუ რა იცის მან, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს იგი". თავისუფლება თუ არ იქნა გამოყენებული ადამიანის მიერ გონივრულად, მაშინ ის ხდება საზოგადოებაში უზნეობის და დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზი. ამიტომაც არის, რომ თავისუფლების ცნების ანალიზს დიდ დროს უთმობენ საზოგადოების განვითარების ყოველ ეტაპზე ცნობილი ფილოსოფოსები. სამაგიეროდ, სოროსის ფონდიდან უხვად დაფინანსებული "ახალი იდეოლოგები" და განსაკუთრებით ჩვენი "ქართველი სოკრატე", როგორც წარუდგინა ქართულ საზოგადოებას თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ მ.მამარდაშვილი, ასე მოძღვრავდნენ წლების მანძილზე ჩვენს ახალგაზრდობას:"თავისუფლებაზე თეორიები კი არ უნდა აშენო, არამედ თვით თავისუფლება უნდა იცხოვრო!" და კიდევ:"იცხოვრე სავსედ, მძაფრად...ცხოვრება არის წერტილი მრუდზე, რომელიც გაგიჟდა"; და აი ვიცხოვრეთ ჩვენც თავისუფლება "სავსედ", "მძაფრად" და დავჯექით კიდეც "მრუდზე, რომელიც გაგიჟდა", დავჯექით და მერე როგორ! იმ დროისათვის ქვეყნდებოდა ჩემი წერილები:"ვაი თავისუფლებისაგან", "ჩვენი იდეოლოგები ანუ როგორ დაგვსვეს გაგიჟებულ მრუდზე", "დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით","ვერაფერს მისცემ კაცობრიობას, თუ შენი ერის არ იცი ფასი" და სხვ.(იხ. საიტი: gildasikharulidze.com).

თავისუფლების ცნების კვლევისა და ანალიზის ნაცვლად წლების მანძილზე სოროსის მიერ დაფინანსებული ჯგუფები მიზანმიმართულად ახვევდნენ თავს ჩვენს ახალგაზრდობას მორალის სრულიად გამანადგურებელ, ანტისახელმწიფოებრივ, ანარქისტულ იდეოლოგიას, რომელიც დევიზებით:"მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი", "რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ", "დასაშვებია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით", "ჩემს საქმეში ნუ ერევი, შენს საქმეს მიხედე" და ა.შ. თიშავდა ერთმანეთისგან საზოგადოების წევრებს, უპირისპირდებოდა და ებრძოდა ეროვნულ ცნობიერებას, ანგრევდა ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს. თუ ამ აღვირახსნილ და ამორალურ ფონს დავუმატებთ კიდევ განათლების სისტემაში გავრცელებულ "პროგრესულ" მოწოდებებს: "მასწავლებელს არა აქვს უფლება შენიშვნა მისცეს მოსწავლეს", "მშობელი არ უნდა ჩაერიოს შვილის საქმეში, შვილმა თავისუფლება უნდა იცხოვროს" და ა.შ., გასაგები იქნება მაშინ ის, რაც დაგვემართა და რატომ.

ინდივიდის დამოკიდებულება თავისუფლებისადმი განსაზღვრავს მის ძირითად ღირებულებებს, მის მორალურ სახეს, მის სულიერ სამყაროს და მის კონტაქტებს სამყაროსთან. იყო ღია სამყაროსადმი და თავისუფალი ყოველთვის იმდენად, რამდენადაც ამის უფლებას იძლევა ეროვნული სული, ქვეყნის კულტურა და კონკრეტული ობიექტური პირობები, არ დაკარგო საკუთარი ინდივიდუალობა, მაგრამ გრძნობდე იმასაც, რომ ხარ ამ რთულ და წინააღმდეგობრივ სამყაროსთან აუცილებლობით დაკავშირებული, მაგრამ მაინც თვითმყოფადი და შემოქმედებითად თავისუფალი ნაწილი, არის პრობლემა, რომლის გადაჭრის გარეშე ადამიანს ვერ ექნება ვერც მორალური და ვერც სამართლებრივი გარკვეულობა ცხოვრებაში. "იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში" - ასე თქვა ეს მოკლედ გოეთემ.

განათლების სისტემას ძალიან დიდხანს მოუწევს ბრძოლა სოროსის პიროვნული ღირებულებების დამანგრეველი იდეოლოგიური მუშაობის შედეგებთან. ეს ბრძოლა ჯერ არც დაწყებულა; ახალგაზრდობა კი ამ დროს გვეღუპება, მათ ჭირდებათ თანამედროვე მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური განათლება და მეცნიერული ეროვნული ცნობიერების პრინციპები, რათა არ წამოეგონ ცხოვრებაში სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ავანტიურას. სოროსული პროექტების მიზანი არის სწორედ ქვეყანაში სახელმწიფოს სუვერენიტეტის მოსპობა და განადგურება, რელიგიისა და კულტურის უპატივცემულობა და იმ ბრწყინვალე წარსულის გაუფასურება, რითაც ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული ღირებულებების დაცვა უმაღლესი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რანგში იყო ჩვენში აყვანილი. რომელი კონსტიტუცია და რომელი კანონი დაავალდებულებს ადამიანს გააკეთოს ის, რაც გააკეთეს დავითმა და კონსტანტინემ, დიმიტრი თავდადებულმა, ცოტნე დადიანმა, თევდორე მღვდელმა, ქეთევან წამებულმა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენმა ჩვენი ერისთვის წამებულმა გმირმა, რომელთა სახელებიც კი არ იციან დღეს მათ, ვინც უფროს თაობას და თავიანთ აღმზრდელებს ამაზრზენად გადაუარეს. საქმე გვაქვს სრულიად ახალ სოციალურ რეალობასთან, რაც უნდა გავაანალიზოთ, გავითვალისწინოთ და მივიღოთ შემდეგ ახალი საკანონმდებლო ბაზა.

სოროსის გრანტიჭამიებმა შექმნეს ჩვენს ქვეყანაში იდეოლოგიური კრიზისი, ძველი, სერიოზული ფილოსოფიური ლიტერატურის ნაცვლად თსუ-ს და მეცნიერებათა აკადემიის ხაზით სახელდახელოდ შეიქმნა და გავრცელდა ფილოსოფიის ახალი სახელმძღვანელოები, სადაც ლანძღავდნენ მეცნიერულ ფილოსოფიას, დიალექტიკის თეორიას, არ განიხილავდნენ თანამედროვე მეცნიერული შემეცნების პროცესს, კრიტიკული თეორიული აზროვნების არსს და მნიშვნელობას; ნაცვლად ამისა ახალგაზრდობაში მიზანმიმართულად ინერგებოდა აბსურდიზმი და ანარქია, რამაც გააუფასურა ბევრში სახელმწიფოს როლი, კანონის და მორალის ღირებულება.

"სინდისი", "რწმენა"’ "მოვალეობა"’ და "კანონი" ის ცნებებია, რომლებიც აძლევენ ადამიანის თავისუფლებას შინაარსს, ასწავლიან მას პასუხისმგებლობას, განსაზღვრავენ მის ღირსებას და ხდიან მას ადამიანად. მ.მამარდაშვილის "პროგრესულ" აზროვნებამდე ვერ მიღწეული აინშტაინი წერდა:"რწმენის გარეშე მცხოვრები ადამიანი არა მხოლოდ უბედურია, სიცოცხლის უნარიანიც კი აღარ არისო"’ ხოლო კ.იასპერსთან ვკითხულობთ:"იქ, სადაც არაფრის არ სწამთ, ფეხს იკიდებს ყველაზე აბსურდული რწმენა". დავუპირისპიროთ ახლა ამას სოროსული იდეოლოგიის ისტერიული კივილი:"რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ!" და მიხვდებით მაშინ, თუ რატომ დაინგრა და განადგურდა ჩვენში მორალი.

ერთ-ერთი პაექრობის დროს პარლამენტში თქვენ, ბ-ნო გიორგი, ოპონენტს უთხარით:"იცით საქმე რაშია? იმაში, რომ ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან მორალით!" დიახ, თქვენ ნამდვილად განსხვავდებით ერთმანეთისგან მორალით და იმიტომ, რომ თქვენ აღიზარდეთ სხვა მორალით და სხვა იდეოლოგიით (მადლობა ამისათვის თქვენს აღმზრდელებს), ხოლო თქვენი ოპონენტი სოროსული იდეოლოგიის ტიპიური შედეგია და ეს მაშინ, როდესაც ყველას ახსოვს ბ-ნი გოგი ალექსანდრია, რომელიც იყო უნივერსიტეტში ზნეობის, პიროვნულობის, პროფესიონალიზმის და აკადემიურობის ბრწყინვალე მაგალითი და რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩვენი თაობის ფიზიკოსების აღზრდის საქმეში. დღეს ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში აკლია ასეთი პედაგოგები, საერთოდ კი მთელი მსოფლიო განიცდის ამგვარ დეფიციტს.

კულტურა და განათლება აკავშირებს თაობებს ერთმანეთთან და ასწავლის ადამიანს როგორ უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრება მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი რევოლუციის გარეშე. პედაგოგი კი ეხმარება ახალგაზრდას თავისი დროის კულტურის დონის და საზოგადოებრივი ქცევის ნორმების ათვისებაში. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც არენაზე გამოვიდა თავისუფლების მოყვარე, აქტიური და შემოქმედებითი სუბიექტი, თავისი რისკიანი აზრებით და მოქმედებებით. განათლებამ უნდა აგრძნობინოს მას ვალდებულება და ისიც, რომ პიროვნებამ ყოველთვის უნდა აგოს პასუხი თავის მოქმედებაზე. მახათმა განდი წერდა:"განათლება არ შეიძლება გადაეცეს ინდივიდს სასწავლო პროცესში, ის თანდათან უნდა ამოიზარდოს მასში"; პედაგოგმა, როგორც ცენტრალურმა ფიგურამ ამ პროცესში, პირად მაგალითზე უნდა აჩვენოს ახალგაზრდას, რომ შეუძლებელია გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრება ზნეობის, ცოდნის, ძალადობაზე უარის თქმის და საკუთარი თავისუფლების საზღვრების დადგენის გარეშე. სწორედ ასეთები იყვნენ ჩვენი პედაგოგები და მათ შორის გოგი ალექსანდრია. მათ აღზარდეს ჩვენში მორალი, ქვეყნის ბედზე ზრუნვის უნარი, პროფესიონალიზმი და ის, რომ სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის უნდა იდგეს პირად ინტერესებზე მაღლა; დღევანდელი ონლაინ სწავლება კი რასაც "ამოზრდის" და რასაც დავიჭერთ მის შემდეგ ხელში, ამას გვიჩვენებს მომავალი, ისევე როგორც გვიჩვენა ეს "ბრწყინვალედ" ჩატარებულმა განათლების სისტემის რეფორმებმა, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები გავუშვით სახლებში და კაცმა არ იცის ვის ხელშია დარჩენილი დღემდე განათლების სისტემა. ქვეყანა წალეკა უზნეობამ და არაპროფესიონალიზმმა და საიდან გინდათ, რომ ქვეყანაში იყოს მორალი?!

ასეთ პირობებში რა ქნას მშობელმა, რომელიც მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად ცდილობს აღუზარდოს ქვეყანას ღირსეული მამულიშვილი; რომელ ერთს ებრძოლოს იგი:სიღატაკეს, სოროსის იდეოლოგიას, რასაც დღესაც აპიარებს თსუ(არ ცნობს მეცნიერულ ფილოსოფიას და დიალექტიკის თეორიას, რომლის სწავლებაც აყვანილი უნდა იყოს სახელმწიფოებრივ რანგში), თუ იმ უნიათო სახელმწიფო სტრუქტურებს(შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეს თუ განათლების სისტემა), რომელთა დეიდეოლოგიზირებულმა არაპროფესიონალიზმმა გააგიჟა საზოგადოება; და აი, ვუყურებთ ისევ ქუჩებში უღმერთოდ დახოცილ საჯიშე ახალგაზრდებს და არავითარი იმედი, რომ ყოველივე ეს კვლავაც არ გამეორდება, არ არსებობს! როდემდის?

მოწოდებებმა:"ჩავწვდეთ ამერიკის ხელს" და "ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს ამერიკა" საკმაოდ სახიფათო პროცესები წარმოშვა ჩვენში და ბოლოს დავინახეთ ისიც, რომ თავად ამერიკასაც არ დაადგა კარგი დღე სოროსის იდეოლოგიის წყალობით. დაიწყეს რუზველტის და კოლუმბის ძეგლების ნგრევა და იმ ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიების გამოყენება,რამაც მოსპო და გაანადგურა აზროვნება და მორალი ბევრ ქვეყანაში. მათთანაც უკვე სახეზეა აგრესიაში გადასული "დემოკრატია", ყოველგვარ გონივრულობას მოკლებული"თავისუფლება" და სრულიად არასწორად გაგებული "უმცირესობის უფლებები", როდესაც ბანდიტის, ნარკომანის და მკვლელის "პატივისცემა" ცხადდება საზოგადოებრივ ინტერესებზე და კანონზე მაღლა, მათრახებით ზურგდასისხლიანებული თეთრკანიანები უკოცნიან რატომღაც ტერფებს შავკანიანებს, ხოლო ყველაფერი ამით აღფრთოვანებული ობამა, კლინტონები და ე.წ. "დემოკრატები" გვამცნობენ ამაყად, რომ ეს არის ამერიკული ცხოვრების "ნანატრი" წესრიგი, სადაც ბიზნესის მთავარი დასაყრდენია დევიზი:რაც მეტია ქაოსი, მით მეტია კრიმინალი და მით მეტია ფული. ნამდვილად არ მინდა ვნახო ასეთი წესრიგი ჩემს ქვეყანაში და არც ის, რომ უკრაინის "ბერკუტის" წევრების მსგავსად{რომლებსაც აკრძალული ქონდათ იარაღის გამოყენება) უაზროდ დაიხოცონ ქუჩებში ჩვენი სამართალდამცავები.

თავიდან ამერიკა, როგორც წესი, ყველა ქვეყანას მფარველობას პირდება, მაგრამ ბოლოს რატომღაც შედის იქ როგორც ბატონ-პატრონი; მისი ზედმეტად "დემოკრატიული", "ლიბერალისტური" და სხვა ქვეყნის ბედზე "ზედმეტად მზრუნავი" საგარეო პოლიტიკა იწვევს ამ ქვეყნებში ფერად რევოლუციებს, ანგრევს და ანადგურებს მორალსა და დისციპლინას, ქადაგებს დეიდეოლოგიზაციას, არიგებს ყველას ჭკუას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ და ამ დროს ჩინეთი, სხვათაშორის, ცივილიზაციადაც არ მიიჩნევს ამერიკას, რომლის საგარეო პოლიტიკა არასოდეს ყოფილა გამართული, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ მათ აერიათ საშინაო პოლიტიკაც, დაიწყო რასიზმით პოლიტიკური სპეკულაციები, ძეგლების ნგრევა და სოროსის იდეოლოგიის ბაზაზე კარგად დამუშავებული "დემოკრატიული ილეთებით" სოციალური რეალობის ნგრევა და რევოლუციური გარდაქმნები. ნუთუ ისევ გავყვებით დეიდეოლოგიზაციის ამ მზაკვრულ გზას და აღარ აგვეხილება თვალები?(იხ. ჩემი წერილი:"დეიდეოლოგიზირებული მეცნიერული ელიტა და დასამარებული ფილოსოფიური ტრადიციები" gildasikharulidze.com). ამერიკას კი ნამდვილად არ ვუგებთ შანს, პირიქით, თანავუგრძობთ. ღმერთმა ქნას მოახერხონ და დაძლიონ მათ ეს კრიზისი.

ჩვენს წინაშე კი დღეს მწვავედ დგას ეროვნული იდეოლოგიის ბაზაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მართვის საკითხი და აღარ არის საინტერესო ის, მოეწონება თუ არა რომელიმე ქვეყანას ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი. საქართველოს გააჩნია საკუთარი ცხოვრების იმდენად დიდი ისტორია, რომ აქვს უფლება იცხოვროს თავისი ჭკუით და გონებით. მხოლოდ კონკრეტული რეალობის, კონკრეტულ კვლევებზე დამყარებული ეროვნული იდეოლოგია, როგორც აქტუალური მეცნიერული ცოდნა და ადეკვატური სამოქმედო პროგრამა გამართავს დღეს წელში ჩვენს ქვეყანას და გახდის მას წარმატებულს. თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ სახელმწიფოსთან კი ყველა ქვეყანა ისურვებს უკვე ურთიერთობას და აღარ ვიქნებით მაშინ მუდმივი მათხოვარი იმისა, რომ მიგვიღონ რომელიმე კავშირში.

კანონის დაცვა და სახელმწიფო წესრიგი, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება თანაბარი უფლებები, არ არის ტირანია, ეს მხოლოდ იცავს ინდივიდს და საზოგადოებას თავისუფლების აბსოლუტიზაციით გამოწვეული დეგრადაციისაგან. სამწუხაროდ, მდგომარეობა ქვეყანაში დღეს ისეთია, რომ ხშირად იკვეთება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნიშნებიც და კარგი იქნება ნამდვილად, თუ ქვეყნის ინტერესებს დაიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალკვალიფიცირებული ინსტიტუტები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დააყენებენ შესაბამის პირთა სისხლის სამართლის პასუხისნგებლობის საკითხს და ძირშივე ალაგმავენ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გამომწვევ ყოველგვარ ხელოვნურად შექმნილ მიზეზებს. მორალი პოლიტიკაში არის სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! აი, რა ჭირდება დღეს ხალხს. ყველაფერს უნდა აეხადოს ფარდა და დაერქვას თავისი სახელი. ამიტომაც არის, რომ გადამწყვეტი ხაზი დღეს გადის შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებზე, სადაც არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.მას კი შემდეგ აუცილებლად უნდა მიყვეს სხვა საქმეებიც, თუ გსურთ დავემსგავსოთ ქვეყანას და დავიბრუნოთ ჩვენი ღირსება.

თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს და ნუ გაგაღიზიანებთ, თუ ოპონენტები დაინახავენ იმას, რაც ვერ თუ არ დაინახა სახელმწიფო სტრუქტურებმა; ჯანსაღი ოპოზიცია სახელმწიფოებრივი განვითარების საფუძველია და ამაშია სწორედ ჭეშმარიტი დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა. რაციონალური არგუმენტაციით და არა ძალის გამოყენებით და ტყუილით უნდა მოვიგოთ ყოველგვარი კამათი ცხოვრებაში. მადლობა ისევ ჩვენს ჟურნალისტებს და იმ უკრაინელ დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელმაც ღირსეულად გაუძლო ყოველგვარ ლანძღვას და კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პროფესიონალი.

და ბოლოს: ერთხელ ე.შევარდნაძემ თქვა: 300 მრჩეველი მყავს და მეუბნებიან მათ შორის ერთი ჭკვიანიაო, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიპოვე რომელიაო. თქვენ თუ იცით, ბ-ნო გიორგი, ვინ არის სამართალდამცავ სტრუქტურებში ისეთი, ვისაც შეიძლება ენდოს ხალხი და მიმართოს სამართლის ძიების პროცესში? სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიპოვეთ ასეთი.არადა ძველი თაობის იმ "იდიოტური" მორალის წარმომადგენლებს, ვისთვისაც ქვეყნის და შვილების ინტერესები ყოველთვის იყო თავიანთ ინტერესებზე მაღლა და რომლებიც მთავრობამ ჯერ "ჩარეცხილებად" გამოაცხადა, აყარა პატივი, ღირსება, გააღატაკა და, მიუხედავად მრავალწლიანი კვალიფიცირებული შრომისა, დაუნიშნა ისეთივე პენსია, როგორც მათ, ვისაც ერთი დღეც კი არ უმუშავია ცხოვრებაში, ხოლო ბოლოს დააყენა ისინი კიდევ იმ ფართოდ გავრცელებული "პროგრესული მორალის" წინაშე, როდესაც საკუთარი აღზრდილი, ახალი სოციალური რეალობის ზეგავლენით, ისე გადაუვლის აღმზრდელებს, რომ თვალს არ დაახამხამებს. აი ამ ხალხს ნამდვილად ჭირდება ახალი ვითარების ამსახველი საკანონმდებლო ბაზა და ადეკვატური სამართალი. ბოლოს და ბოლოს, რა დააშავეს მათ ასეთი? ის, რომ პატიოსნად გაატარეს მთელი ცხოვრება? გიფიქრიათ ოდესმე ამაზე? თუ ისინი ბოლომდე "ჩარეცხილებად" უნდა დარჩნენ? რატომ?

ერთიც: დღეს საზოგადოებაში აუცილებელია ახალი მსოფლმხედველობრივი აზროვნების კულტურის ამაღლებაზე მუშაობა და ყველა დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ახალ მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსის ანალიზი, ანუ ის, რასაც აკეთებდნენ ჩვენი წამყვანი მეცნიერები საზოგადოება "ცოდნის" ხაზით. მ.მამარდაშვილის "მოძღვრების" ნარჩენები,რაც დღესაც აქტიურად პიარდება ქვეყანაში, ამაში ნამდვილად არ გამოგვადგება. ამ ასპექტში მუშაობას შეძლებენ მხოლოდ მაღალი რანგის სპეციალისტები. იუნესკომ ჯერ კიდევ როდის მოუწოდა ყველა ქვეყანას მეცნიერული ფილოსოფიის სწავლების სახელმწიფოებრივ რანგში წარმართვა. ჩვენთან კი ეს საკითხიგაცილებით ადრე იყო ძალიან კარგად დაყენებული. დასანანი იქნება, თუ ჩვენი მეცნიერების მიერ იმ დროს მიღებული შედეგები არ დაეკარგება ჩვენს ახალგაზრდობას.

და რაც მთავარია: ბ-ნო გიორგი! აიღეთ პასუხისმგებლობა, დაგვანახეთ გუნდი და წარმოადგინეთ პროგრამა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ, რომ სხვა გზა დღეს არ არსებობს. ხალხი თქვენ გენდობათ და გამოგყვებათ კიდეც ბოლომდე.


გილდა სიხარულიძე

(R)

ნანა
20 აგვისტო 2020 17:09
ვეთანხმები ქალბატონ გილდას და ერთს დავამატებ, ამ ეტაპზე სავალალო მდგომარეობაშია პოლიცია და პროკურატურა რეგიონებში. აღარ არსებობენ გამომძიებლები, სავალდებულო არ არის გამომძიებლისათვის იურიდიული განათლება. სამართალი აშკარად შერჩევითია, სხვა რა ახსნა აქვს, რომ გახმაურებულ საქმეებზე დაზარალებულს ყველაფრის უფლება აქვს, სხვა საქმეებზე კი დაზარალებული არაფერს წარმოადგენს. დააბრუნეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებული, როგორც მხარე. მისი გაქრობა მიშას ბრალია გირგვლიანის საქმის გამო. ეს არ არის პატარა და სახუმარო საქმე. მიშას ხელისუფლება მძულს და მინდა მის დროს მიღებული მზაკვრული კანონები შეიცვალოს და არა გამყარდეს. უფრო გაბედულები იყავით და ყურს ნუ უგდებთ ნაცხროვას.
დოდო
18 აგვისტო 2020 10:33
გმადლობთ ქალბატონო გილდა,

ბატონო გიორგი გთხოვთ მოუსმინოთ ქალბატონს, მან ყველა დედის სათქმელი თქვა, დაიცავით ჩვენი შვილები ამ აგრესიული, დამანგრეველი, დეგრადაციის გზაზე დამყენებელი „თავისუფალი“ და ვითომ „დემოკრატიული“ სოროსული იდეოლოგიისაგან.
სამწუხაროდ ამ ქაოსში მშობლები უძლურებად ვიქეცით, წაგვართვეს ხელიდან შვილების აღზრდის ბერკეტები ჩვენც და პედაგოგებსაც, ბნელი ძალები მართავენ ჩვენი შვილების ფსიქოლოგიას.
გიორგი
17 აგვისტო 2020 12:29
ასეთ ელემენტარულ საკითხებში, ვერ ერკვევიან სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოები. ეს ბრალია იმისა, ქალია თუ კაცია, წარმოდგენა, რომ არა აქვთ, თავიანთი უფლებამოსილებებში, სახელმწიფოს მოწყობა-მართვაში. ჰკითხეთ, რისთვის სხედან იქ. პასუხისმგებლობა ნული, გასამრჯელოები და პრივლეგიები უზომოდ დიდი. ეს ყველაფერი უმეცრობისა და უცოდინრობის ბრალია. მარტო ინგლისურის ცოდნა, როგორც შალიკომ და გუგულიმ იცის, არ არის საკმარისი ქვეყნის მართვისთვის. უღრმესი მადლობა ქ-ნო გილდა, ასეთი მასტერკლასის ჩატარებისთვის. თქვენ უნდა ისხდეთ იქ, საიდანაც დღეს ტვინგამომშრალნი, გვმოძღვრავენ. ძალიან საინტერესოა, რა მეთოდით ხდება ამ ტვინგაყინული მინისტრების შერჩევა. სად არის ამათი სამჭედლო, საიდან მოედინებიან, რა კალაპოტს მოყვებიან. დაუჯერებელია, თვითდინებით რომ მოექანებოდნენ.

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?