20 აგვისტოდან ჟურნალ "გზასთან“ ერთად თანამედროვე ავტორის იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია“ გამოვა - კვირის პალიტრა

20 აგვისტოდან ჟურნალ "გზასთან“ ერთად თანამედროვე ავტორის იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია“ გამოვა

20 აგვისტოდან ჟურნალი "გზის“ მკითხველს შეეძლება, წარმატებული თანამედროვე ქართველი ავტორის - იაგო თვალაბეიშვილის სადებიუტო ნაწარმოებს გაეცნოს.

"ტრანსმუტაცია“ - ეს არის ავტორის პირველი წიგნი, რომლითაც მან გამომცემლობა "პალიტრა L”-ის კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გაიმარჯვა და პრემია "ლიტერას“ ლაურეატი გახდა.

წიგნი მოგვითხრობს კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირული ბიჭის შესახებ, რომლის ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები ხდება. ისინი სრულიად თავდაყირა აყენებენ, როგორც ბიჭის ყოველდღიურობას, ისე მის აზროვნებასა და შეხედულებებს სამყაროსა და გარშემომყოფების მიმართ. ერთი ადამიანის ისტორიით, ავტორი ცდილობს, გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე - სინამდვილეში ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ ადამიანები?!

"იაგო თვალაბეიშვილის სადებიუტო რომანი "ტრანსმუტაცია“ მკითხველს საინტერესო თავსატეხებს უჩენს და ერთი შეხედვით, მსუბუქი ტონებით ხატავს დღევანდელი სამყაროს სარკასტულ და ტრაგიკულ პორტრეტს“, - წერს ლევან ბერძენიშვილი ნაწარმოების შესახებ.

წიგნის გამოსვლიდან, მალევე, მას ასობით მკითხველი გაეცნო და ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა. მისი ხელმისაწვდომობის გაზრდისა და თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციის მიზნით, "პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ის ჟურნალ "გზასთან“ ერთად გამოსცეს.

წიგნსი სპეციალური ფასია 8.50, ჟურნალთან ერთად - 10.50 ლარი.

კითხვაზე, რას მოგვითხრობს წიგნი, რისი თქმა უნდოდა "ტრანსმუტაციით“, ავტორი გვპასუხობს:

"მგონი, კიდევ მქონდა სათქმელი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ამ ბოლო დროს მეხსიერების პრობლემა დამჩემდა. ვერ ვიხსენებ წერა რისთვის დავიწყე, რისთვის გამოვეცი ჯერ პირველი და მერე მეორე წიგნი ან რაღატომ ვაპირებ მესამე წიგნის გამოცემას. ესეც რაღაცნაირი ამბავია, აუხსნელი კი არა, უბრალოდ, რაღაცნაირი. დასასრულ, ვიდრე უხიაგი ხუმრობებისთვისა და პათეტიკური ტონისთვის ბოდიშს მოვიხდიდე, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუკი სასიამოვნო ზაფხულსა და შემდეგ უკვე უშფოთველ, ვირუსული ინფექციებისგან თავისუფალ შემოდგომას გისურვებთ. და ჰო, რაც მთავარია, ბევრი იკითხეთ, ოღონდ თანამედროვე ქართველი ავტორები”, - ეუბნება ის მკითხველს.

თანამედროვე ქართველი ავტორების აღმოჩენას მეოთხე წელია, ემსახურება გამომცემლობა "პალიტრა L“-ის კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომლის გამარჯვებულთა ნაწარმოებები მართლაც ბესტსელერად იქცა. კონკურსის მეშვეობით, საშუალება გვაქვს, ნიჭიერ ქართველ ავტორებს გავეცნოთ და მათი განვითარებისა და წარმატების მომსწრენი გავხდეთ.