დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, "ჰიუნდაი ავტო საქართველო" შემოიყვანს - კვირის პალიტრა

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, "ჰიუნდაი ავტო საქართველო" შემოიყვანს

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, "ჰიუნდაი ავტო საქართველო" შემოიყვანს. სწორედ ის არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი წარადგინა. შეთავაზებული წინადადების მიხედვით შესყიდვის თანხა 30 მლნ ლარია.

ბოლო ტენდერის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე არსებული შეთავაზებით ბიუჯეტიდან 497 000 ლარი დაიზოგა. შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29-მილიონიანი პირველი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა.

ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება. მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერისგან განსხვავებით, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილი იყო. თავდაპირველად, მერია 300 მიკროავტობუსის შეძენაზე 29,819 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, ბოლო ტენდერის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30,497 მლნ ლარი იყო. პრეტენდენტმა კომპანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30 მლნ ლარი შესთავაზა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სატრანსპორტო კომპანია და შემოიყვანს თუ არა "ჰიუნდაი ავტო საქართველო" ახალ ლურჯ მიკროავტობუსებს თბილისისთვის, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის.

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: მიკროავტობუსები უნდა იყოს 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი "მეტალიკი", გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამასთან, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი, ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები კი უნდა იყოს თბო-იზოლირებული. სატენდერო მოთხოვნებს თუ გავითვლისწინებთ და კომპანია "ჰიუნდაი საქართველოს" განაცხადს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქს ასეთი მიკროავტობუსი მოემსახურება.

ეს არის მოდელი Hyundai H350 - მან 2017 წელს წლის ავტომობილის დაჯილდოვების პრესტიჟულ ცერემონიალზე "წლის მინიბასის" კატეგორიაში აიღო ჯილდო. ის საერთაშორისო ბაზარზე უფრო იაფი ღირს ვიდრე მისი უშუალო კონკურენტები Volkswagen Crafter და Mercedes-Benz Sprinter. სამხრეთ-კორეული კომპანია მას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის ფილიპინებზე, ვიეტნამსა და თურქეთში.