23 ნოემბრიდან "ბიბლია განმარტებებით" - "ახალი აღთქმა" 9 ტომად - კვირის პალიტრა

23 ნოემბრიდან "ბიბლია განმარტებებით" - "ახალი აღთქმა" 9 ტომად

"ეს ტომები იქნება სულის დიდი დღესასწაული"

"ბიბლია განმარტებებით" ჟურნალ "კარიბჭისა" და "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტია, რომელმაც გამოცემისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ეტაპზე 12 ტომია გამოსული, მე-15 ტომით კი ძველი აღთქმის განმარტებები დასრულდება და მე-16 ტომიდან "ახალი აღთქმა" დაიწყება. სიახლეებზე გვესაუბრება პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ

მამაცაშვილი.

- პროექტი, რომელიც წმინდა წერილის სწორად გააზრებაში გვეხმარება, შარშან სექტემბერში დაიწყო და "კვირის პალიტრასთან" ერთად, უკვე 12 ტომი გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში რამდენად დიდი იყო მკითხველის გამოხმაურება და რამდენად გამართლდა ის მიზანი, რაც ჩაფიქრებული იყო?

- პროექტი იმდენად გრანდიოზულია, რომ როცა მასზე დავიწყეთ ფიქრი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ბევრი ეჭვით უყურებდა, შევძლებდით კი მის ხორცშესხმას? თავად განსაჯეთ, ათასწლოვანი ისტორიის მქონე სამყაროს წიგნად წოდებული ბიბლია ასე ზედმიწევნით, მუხლობრივად განმარტებული, სხვადასხვა წმინდა მამათა, ბიბლიის მკვლევართა, ისტორიკოსთა ნაშრომებზე დაყრდნობით დღემდე ქართულად არ გვქონია ამ სახით გამოცემული და ახლა, ღვთის ნებით ხორციელდება ასეთი მნიშვნელოვანი საქმე. ინტერესი პროექტის მიმართ ძალიან დიდია. კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის დროსაც კი არ შეგვიწყვეტია მუშაობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მკითხველს მოუდუნებია ყურადღება, პირიქით, სულ გვწერდნენ, რომ არ გამორჩენოდათ მორიგი ტომები.

- ყველაზე მეტად რომელ ნაწილზე იყო მოთხოვნა? - ბიბლიის თითოეული წიგნი უნიკალურია და, ალბათ, შეუძლებელია რომელიმეზე თქვა, რომ ნაკლებად საინტერესოა, თუმცა მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი მოსეს ხუთწიგნეულმა და ფსალმუნთა განმარტებებმა დაიმსახურა.

- რაც მთავარია, განმარტებების ტექსტებზე პროფესიონალები მუშაობენ - თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები. მათთვის უთუოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასეთ საპასუხისმგებლო პროექტზე მუშაობა. - მკითხველმა უკვე იცის, რომ პროექტის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული "კარიბჭის" სარედაქციო ჯგუფი, ბიბლიის კათედრა, თეოლოგები, სასულიერო პირები.

"ბიბლია განმარტებებით" არაერთმა თეოლოგმა შეაფასა როგორც საუკუნის პროექტი. ღვთის დიდი წყალობაა, რომ ქართულ ენაზე შევძლებთ ამ სულიერი საზრდოს მიღებას და ჩვენ, სარედაქციო ჯგუფის წევრები, ვმადლობთ უფალს, რომ ასეთ საკაცობრიო პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა.

უკვე ლაპარაკია, რომ სხვადასხვა სასულიერო სასწავლებელში ბიბლიის შესწავლისას ამ სერიის წიგნებს გამოიყენებენ და ეს ძალიან სასიხარულოა.

- რას წავიკითხავთ მე-15, ძველი აღთქმის ბოლო ტომში? - ბოლო ტომში შედის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მაკაბელთა წიგნებისა და მესამე ეზრას წიგნის განმარტებები.

- მე-16 ტომიდან მკითხველი უკვე ახალ აღთქმას გაეცნობა და მას 9 ტომი დაეთმობა. მისი პირველი ნაწილია "ოთხთავი", ანუ ოთხი სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა", "კათოლიკე ეპისტოლენი", "წმინდა მოციქულ პავლეს ეპისტოლენი" და "გამოცხადება იოანესი", ანუ "აპოკალიფსისი". ერთად იქნება თავმოყრილი წმინდა მამათა განმარტებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც დღემდე ქართულ ენაზე არ იყო თარგმნილი. ამ საკითხზე უფრო ვრცლად გვესაუბრეთ... - ძველი აღთქმის ბოლო წიგნზე - "მესამე ეზრაზე" მუშაობა ახლახან დავასრულე. ბოლო მუხლებიდან ფრაგმენტს მოვიტან ჩვენი მკითხველისთვის: "ვერ იტყვის ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე... ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით".

აი, ასე სრულდება ძველი აღთქმა და მერე... მერე იშვება უფალი, განკაცდება ჩვენთვის, ჩვენი სიყვარულისთვის... მოვა ცოდვილთა საკურნებლად და საცხოვნებლად... მოვა და დაგვიდებს ახალ მცნებებს ნეტარებისა, სიყვარულისა, სიკეთისა, ერთგულებისა, სამართლიანობისა...

ისე ველოდები "ახალი აღთქმის" დაწყებას "ბიბლიის განმარტებების" პროექტში, როგორც შობის დღესასწაულს... მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!

მკითხველშიც განსაკუთრებული მოლოდინი იგრძნობა ახალი აღთქმის წიგნებისადმი და ეს აათმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას. ჩვენ ვპირდებით, რომ ეს ტომები მართლაც სულის დიდი დღესასწაული იქნება.

თამთა დადეშელი