ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები მიიღო - კვირის პალიტრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები მიიღო

მომავალ კვირაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს. ვინ არიან KIU-ს პირველი სტუდენტები და ვის ექნება უნიკალური შესაძლებლობა ისწავლოს და იცხოვროს რეგიონში პირველ საუნივერსიტეტო კამპუსში?

უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა და 245 სტუდენტმა ჩააბარა.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში, ხოლო TUM-ის წარმომადგენლებმა და KIU-ს სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სტუდენტების ქულათა მაჩვენებელს და მიღებულ შედეგებს დადებითი შეფასება მისცეს.

რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარული წელს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტის პროგრამა და ბოლოს მათემატიკა. საინტერესოა, რომ მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

KIU-ს სტუდენტთა შორის არიან ისეთი წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებმაც გერმანიაში გამგზავრების და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს. რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მცხოვრები, სსიპ წალენჯიხის მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგონაა, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-ს გრანტიც (შიდა დაფინანსება) მოიპოვა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდებიც. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

###

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.