შარლ დე გოლის წერილები წინანდალის მუზეუმში - კვირის პალიტრა

შარლ დე გოლის წერილები წინანდალის მუზეუმში

წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები მიიღო საჩუქრად.

წერილების ადრესატი და ნივთების მესაკუთრე როჟე დე გოლი, გენერალ დე გოლის ძმისწული იყო, თავისუფალი საფრანგეთის მებრძოლი და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი.

წინანდლის მუზეუმს აღნიშნული წერილები და ნივთები გადასცა როჟე დე გოლის მემკვიდრემ, წინააღმდეგობის მოძრაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წევრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, წინანდლის მეგობარმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა.

საჩუქრის საზეიმო გადაცემას საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო კოლასი და დეგოლების ოჯახის მემკვიდრე დაესწრნენ.

წინანდლის მუზეუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ დე გოლების ოჯახის მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საქართველოში დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის და დამპყრობლისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლო.

„ჭავჭავაძეების ოჯახს საფრანგეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, წინანდლის მამულს თავის დროზე ბევრი გამოჩენილი ფრანგი სტუმარი სწვევია. ალექსანდრე ჭავჭავაძე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანიც იყო. ამ ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორია კვლავაც გრძელდება და წინანდლის მამულში დღესაც ხშირად ჩამოდიან ფრანგი სტუმრები. ჩვენი მუზეუმის კოლექციას ახლა ლეგენდარული შარლ დე გოლის წერილებიც შეემატა.“ გიორგი რამიშვილი - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

წინანდლის მამულს არაერთი ფრანგი სტუმარი ახსოვს, მათ შორის იყო ალექსანდრე დიუმა უფროსიც. თავად ალექსანდრე ჭავჭავაძე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი იყო. და დღეს წინანდალსა და საფრანგეთს შორის ერთი ისტორიული ხიდი შეემატა, რომელიც საფრანგეთის და საქართველოს მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.

(R)