ვინ არიან კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" - გამარჯვებულები - კვირის პალიტრა

ვინ არიან კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" - გამარჯვებულები

"ცეცხლისწამკიდებელი" დიდ მოგზაურობაზე, დევნაზე, ბრძოლასა და ძიებაზეა. რას გაურბის ადამიანი, რას დაეძებს და რისკენ ილტვის..."

ონკურსებში კონკურენცია ყოველთვის ისეთი დიდია, ძნელია, ბევრ ნიჭიერ ავტორს შორის რამდენიმე საუკეთესო ამოარჩიო და ამ არჩევანმა ისე გაამართლოს, რომ ის ჟიურისა და მკითხველის ფავორიტად იქცეს, წიგნი კი - ბესტსელერად. გამომცემლობა "პალიტრა L"-ი უკვე ოთხი წელია, ასეთ ავტორებს ეძებს, გამარჯვებულებს სამწერლო ასპარეზზე თავის წარმოჩენაში უწყობს ხელს და ისინიც ღირსეულ ადგილს იჭერენ ქართველ თანამედროვე ავტორთა შორის. "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020"-ის კონკურსში ხალხმა და ჟიურიმ 16 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამმა ავტორმა გაიმარჯვა. ესენი არიან ჟიურის რჩეული - ნიკოლოზ ცისკარიშვილი ("ცეცხლისწამკიდებელი"); ხალხისა და ჟიურის ერთობლივი არჩევანი - ქარდა ქარდუხი ("ჰერმესის დახლიდარები") და ხალხის რჩეული - დავით ჩომახიძე ("დეტექტივობანა"). მათ რომანებს მკითხველი მაღაზიების თაროებზე ნოემბრიდან ნახავს. აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრები იყვნენ ლიტერატორი პაატა ჩხეიძე და მწერლები გურამ ოდიშარია და დავით გაბუნია.

"ახალგაზრდა ავტორისთვის ეს პროექტი საუკეთესო შესაძლებლობაა მწერლობაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად"

ნიკოლოზ ცისკარიშვილი, "ცეცხლისწამკიდებლის" ავტორი: - კონკურსში შარშანაც ვმონაწილეობდი, ოღონდ სხვა რომანით, თუმცა მაშინ წარმატებას ვერ მივაღწიე. როგორც ჩანს, წლევანდელს უფრო მომზადებული შევხვდი და ჟიურის მოწონება დავიმსახურე. ვფიქრობ, ამჯერად უფრო შესაფერისი ნაწარმოები შევარჩიე. ვერ ვიტყვი, გამარჯვებას ველოდი-მეთქი, ამიტომ შედეგმა გამაოცა და გამახარა. ახალგაზრდა ავტორისთვის ეს პროექტი საუკეთესო შესაძლებლობაა მწერლობაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, საკუთარი თავის, ნაწარმოებების წარმოსაჩენად, ნააზრევისა და პიროვნების ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად. კონკურსმა წერისთვის მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა მომცა. ამ რომანის გამოქვეყნება ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო ცხოვრების ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ადამიანი გამარჯვებითაც არანაკლებ სწავლობს, ვიდრე დამარცხებით.

კონკურსმა უპირველესად ის მასწავლა, რომ მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო, საკუთარი თავის უნდა გწამდეს. თუ შენ გწამს, სხვებიც დაგიჯერებენ. ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და შედეგიც აუცილებლად გამოჩნდება. ფარ-ხმლის დაყრით ხშირად იმაზე ვამბობთ უარს, რაც ჩვენში საუკეთესოა.

- რის შესახებ მოგვითხრობს რომანი "ცეცხლისწამკიდებელი", რომელმაც თქვენ გამარჯვება მოგიტანათ?

- ნაწარმოები დიდ მოგზაურობაზე, დევნაზე, ბრძოლასა და ძიებაზეა. რას გაურბის ადამიანი, რას დაეძებს და რისკენ ილტვის... სიუჟეტი დროისა და სივრცის მიღმა ვითარდება, უფრო სწორად, კონკრეტული დროითა და სივრცით შეზღუდული არ არის. მთავარ გმირს არა აქვს სახელი, რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს. ნაწარმოების სიუჟეტი, პერსონაჟები და მოვლენები ერთი დიდი სიმბოლოს შემადგენელი ნაწილებია. წიგნში გვხვდება როგორც სათავგადასავლო, ისე მისტიკის ელემენტები, ერთმანეთს ენაცვლება პერსონაჟის შინაგანი მონოლოგები, მისი აზროვნების რთული და მრავალფეროვანი პროცესი და ბრძოლის ან ნადირობის სცენები, რაც ნაწარმოებს სხვადასხვა გემოვნების ადამიანისთვის საინტერესოს ხდის.

შეგვიძლია რამდენიმე თემა გამოვყოთ, რომლებიც ნაწარმოებს დასაწყისიდან ბოლომდე მიჰყვება. ესენია: შიში, ბრძოლა, დაუსრულებელი მოგზაურობა, ძიება... ადამიანი უპირველესად საკუთარ თავს უნდა დაეძებდეს და ამ დროს შეიძლება უამრავი ახალი რამ აღმოაჩინოს. ჩვენ საკუთარ თავში მთელ სამყაროს ვატარებთ. ის, ვისაც თავის თავში ჩაღრმავების არ ეშინია, ვინც მარტოობას არ გაურბის, გარდაიქმნება და იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე არის, თუმცა ხანდახან ეს მეტისმეტად რთულია და უმრავლესობა ხშირად ერთ ადგილზე დარჩენას, დანებებას, დინების მიყოლას ამჯობინებს. წიგნი მოგვითხრობს, როგორ შევებრძოლოთ საკუთარ სისუსტეს, ჩვენშივე როგორ ვეძიოთ უკეთესი არსება. შემოქმედება და შემეცნება ადამიანის ორი უმთავრესი მიზანია. წიგნი არის გრძელ დუმილზე, ტანჯვაზე, მოგონებებზე, მონატრებაზე, მიუსაფრობაზე, სევდაზე, სიხარულზე, შიმშილზე, წყურვილზე, ტკივილზე, სიკვდილზე, სიცოცხლესა და რწმენაზე.

- რა ასაკში დაიწყეთ წერა?

- ბავშვობაშივე... პირველი ცდები, ცხადია, ღიმილის მომგვრელი იყო. შედარებით აქტიურად და მეტი სერიოზულობით დაახლოებით სამი წელია ვწერ. პროფესიით ფილოსოფოსი ვარ, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ.

- რა რჩევები და შეფასებები მიიღეთ პროექტის მსვლელობისას თუნდაც წერის სტილის შესახებ? - სრულყოფილი ნაწარმოები არ არსებობს და ცხადია, იყო ჟიურის როგორც დადებითი შეფასებები, ასევე შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების შემდგომ წიგნი უკეთესი გახდა. მადლობას ვუხდი ჟიურის წევრებს - პაატა ჩხეიძეს, დავით გაბუნიასა და გურამ ოდიშარიას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მენტორსა და რედაქტორს როსტომ ჩხეიძეს, რომლის დახმარებითაც ნაწარმოები გაცილებით უკეთესი გახდა. რა თქმა უნდა, მადლობა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ცხადია, სხვა ნაწარმოებების გამოცემაც მსურს, მაგრამ ახლა მთლიანად "ცეცხლის წამკიდებელზე" ვარ გადართული... ყველაზე რთული მონაკვეთი გავიარე და ახლა შემიძლია უფრო მეტი დრო დავუთმო შემოქმედებით საქმიანობას, მეტი თავდაჯერებით ვწერო.

"ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ მკითხველთან"

ფრიდონ ქარდავა - ქარდა ქარდუხი, "ჰერმესის დახლიდარების" ავტორი:

- ხალხისა და ჟიურის ერთობლივი არჩევანი - ეს ტიტული საპასუხისმგებლო და ორმაგად სასიხარულოა. გილოცავთ წარმატებას. რა ემოცია იყო ეს თქვენთვის? - მადლობა მოლოცვისთვის. რა გითხრათ... ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ომი გადამეხადოს, ომი თუ არა, პატარა ბრძოლა მაინც და ბოლოს ისეთი გასავათებული ვიყავი, რომ სიხარულის ემოციის გამოსახატავად ენერგია აღარ დამრჩა, მგონი. ჭკვიანურად მოფიქრებული პროექტია, რაღაცნაირად აცოცხლებს ხანდახან მინავლებულ ლიტერატულ ცხოვრებას. ჩემთვის აღმოჩენა, ალბათ, ის იყო, რომ ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ მკითხველთან. თითქოს მათ მაჯისცემას ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ მკითხველიც აყურადებდა ჩემს გულისცემას. რაც შეეხება ჟიურის წევრების, როგორც პროფესიონალი ლიტერატორების შეფასებას, ეს მით უფრო სასიხარულო იყო. გამომცემლობასთან თანამშრომლობა კი, ალბათ, ყოველთვის გადამწყვეტია ავტორისთვის, რადგან კონკურსში გამარჯვებული რომანის კი არა, შეიძლება მწერლის ბედის განმსაზღვრელადაც კი იქცეს ხანდახან.

- თქვენ შესახებ რას გვეტყვით? რა პროფესიის ხართ? - ისტორიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და არქივში ვმუშაობ. ჩემი პროფესია არის წერა.

- რაზეა "ჰერმესის დახლიდარები"? სად და როგორ ვითარდება სიუჟეტი? - ნაწარმოები თითქოს სათავგადასავლოა, ერთ-ერთი პერსონაჟი, მთხრობელი, სამშობლოდან ადრე გადახვეწილი შეყვარებულის მოსაძებნად ჩადის ხმელთაშუა ზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში, სადაც ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად მოვლენების შუაგულში ექცევა გაცხოველებული სასიყვარულო და საზოგადოებრივი ურთიერთობების ფონზე.

ამ ნაწარმოების ინსპირაციის წყარო თუ ბიძგი იყო საუკუნის მიჯნაზე საქართველოში დატრიალებული საოცრად საინტერესო ამბები, სადღაც ჩემი სულისკნელის ხშირად მოუხელთებელ ხვიარებში მიმოლექილი. თემა და სათქმელი, ალბათ, უფრო გაუცნობიერებლად მოედინება ხოლმე. ეს პროექტი კი დიდი მოტივაცია გახდა ჩემთვის. ღმერთით, შეიძლება სასიკეთოდ გადამწყვეტი და გარდამტეხი აღმოჩნდეს ჩემს დახლართულ ცხოვრებისა თუ სამწერლობო გზაზე.

"ბედნიერი ვარ, რომ ხალხის რჩეულის ტიტული მოვიპოვე. ჩემი აზრით, ხალხი ყველაზე კრიტიკული ჟიურია"

დავით ჩომახიძე, "დეტექტივობანას" ავტორი: - კონკურსი ლამის ორი თვე მიმდინარეობდა და ყოველი დღე ისეთი ძლიერი ემოციებით გახლდათ დატვირთული, რომ ყველაზე ინფანტილური ადამიანიც კი აზარტული გახდებოდა და მეც თავისებური, ასე ვთქვათ, სპორტული აზარტით ვხვდებოდი სიახლეებს, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად ვადევნებდი თვალს კონკურსის რეიტინგს.

რაც შეეხება კონკურსანტებს, ყოველი მათგანი ღირსეული მოწინააღმდეგე იყო. ბედნიერი ვარ, რომ ხალხის რჩეულის ტიტული მოვიპოვე. ჩემი აზრით, ხალხი ყველაზე კრიტიკული ჟიურია, ამიტომ მადლობას გადავუხდი ყველა იმ მკითხველს, ვინც ჩემს ნაწარმოებს უპირატესობა მიანიჭა, კონკურსანტებს შორის გამომარჩია და გამარჯვების შანსი მომცა.

- გვიამბეთ "დეტექტივობანაზე", რომელშიც მოვლენები 1990-იანი წლების საქართველოში ვითარდება. რას გაიგებს მკითხველი ახალს ამ ნაწარმოებიდან? - "დეტექტივობანას" წერა 1999 წლის მიწურულს დავიწყე. ნაწარმოების ზოგ გმირს ჰყავს რეალური პროტოტიპი, მოთხრობილი ისტორია კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა მაშინდელ საქართველოში ისეთი ამბები ხდებოდა, რომ "დეტექტივობანას" ისტორიის რეალობაში განვითარებაც არ გახლდათ გასაკვირი.

ნაწარმოები კრიმინალური თრილერია, მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს. სიუჟეტი უმეტესად იმერეთში ვითარდება. ნაწარმოების გმირები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც შემთხვევითობის წყალობით ორგანიზებულ დანაშაულს ახდიან ფარდას...

მკითხველს დავაიმედებ, რომ წინ არაჩვეულებრივი თავგადასავალი ელის. ჩემი ნაწარმოებით მინდოდა მაშინდელი ახალგაზრდების ყოფა თანამედროვე მკითხველამდე მომეტანა. ვფიქრობ, "დეტექტივობანა" ორი ტიპის მკითხველისთვის იქნება საინტერესო - ვინც 90-იანი წლები გამოიარა და ვისაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ან ნაცნობებისგან სმენია. "დეტექტივობანა" მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს, ალბათ, მისი წყალობით წარმოდგენა შეექმნებათ არა მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, არამედ გაიგებენ, რა პირობებში უწევდათ ცხოვრება მაშინდელ ახალგაზრდებს.

- ნაწარმოების სათაურსა და სიუჟეტზე თქვენმა პროფესიამაც ხომ არ იქონია გავლენა? - იურიდიული განათლება მაქვს, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია, ჯერ ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწეოდი, ამჟამად შემოსავლების სამსახურში ვმუშაობ. წერა ადრეულ ასაკში დავიწყე. ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს. ალბათ, ყველაფრის თავიდათავი ჩემი წიგნებისადმი სიყვარული იყო. თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობდი, მოგვიანებით კი, ასაკის მატებასთან ერთად, წერის სურვილიც გამიჩნდა. მინდოდა თავად შემექმნა რაღაც, თითქოს უხილავმა ძალამ მაიძულა, ხელში კალამი ამეღო. ჩემი პირველი ნაწარმოები "სიკვდილმისჯილი", რომელიც 2002 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნებოდა. ამჟამადაც ვმუშაობ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებზე, რომელსაც მალე დავასრულებ.

თამთა დადეშელი