ახალი პროექტი "ომებსა და ადამიანებზე" - კვირის პალიტრა

ახალი პროექტი "ომებსა და ადამიანებზე"

1-ლ ოქტომბერს ჟურნალ "გზასთან" ერთად თომას კენილის "შინდლერის სია" გამოვა

"ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს", - შეუძლებელია, სტივენ სპილბერგის "შინდლერის სია" ნანახი გქონდეს და ეს ფრაზა არ გახსოვდეს. ფილმი მოგვითხრობს გერმანელი კათოლიკე ბიზნესმენის შესახებ, რომელიც ნაცისტური პარტიის წევრი იყო და ჰოლოკოსტისგან 1300 ებრაელი იხსნა.

1993 წელს გადაღებულმა ამ ეპოქალურმა ფილმმა ემოციურად ასახა, რამდენად უსაზღვროა ადამიანის სისასტიკე და, იმავდროულად, ჰუმანურობა; როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთმა კაცმა საკუთარი სტატუსი და სიცოცხლეც გაწიროს ათასობით უდანაშაულოს გადასარჩენად. ფილმს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს ჯონ უილიამსის მუსიკა და შავ-თეთრი ფერები.

ეს გენიალური ფილმი სტივენ სპილბერგმა ავსტრალიელი მწერლის თომას კენილის რომანის მიხედვით გადაიღო, ფილმის სცენარი კი სტივენ ზეილიანს ეკუთვნის. რომანი "შინდლერის კიდობანი" 1982 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე პოპულარული გახდა. ის მოგვითხრობდა ოსკარ შინდლერის ჰუმანურ აქტზე, მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ ექცეოდა ნაცისტური რეჟიმი ებრალებს. შინდლერი თავის საწარმოში 1300 ს ასაქმებს და ასე იხსნის მათ გაზის კამერებში გაგუდვისგან. თუმცა გადარჩენამდე გრძელი და სახიფათო, სისხლიანი გზა უნდა გაიაროს და ეცადოს, თავადაც მსხვერპლი არ გახდეს.

ოსკარ შინდლერი რეალური პიროვნება იყო და მართლაც იხსნა პოლონეთში დასახლებული ებრაელები გაზის კამერებისგან.

ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმის გამოსვლის შემდგომ, წიგნმა "შინდლერის კიდობანმა" მსოფლიო მოიარა. როგორც 80-90-იან წლებში, ახლაც ნაცისტების დანაშაულებისა და ამ დიქტატორული სისტემის მიმართ ინტერესი არ ცხრება. დღესაც გვაინტერესებს მოტივები, რატომ ექცეოდნენ ადამიანებს ასე, ჰქონდათ თუ არა გადარჩენის შანსი ტყვეებს, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ნაცისტურ გერმანიაში.

ამგვარი ინტერესი არ ცხრება საქართველოშიც, რომელმაც სულ რაღაც 19 წლის წინ დააღწია თავი"დიქტატორულ რეჟიმს, სახელად "საბჭოთა კავშირი". საბჭოთა მოქალაქემ იმ 14 ქვეყნის გარდა, სადაც გადაადგილებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა, გარე სამყაროს შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. მხოლოდ ორი-სამი ათწლეულია გასაჯაროვდა დოკუმენტები ნაცისტური გერმანიის დანაშაულებზე (ისევე, როგორც საბჭოთა კავშირზე, ოღონდ მოგვიანებით).

ამით აიხსნება თომას კენილის რომანის მრავალგზის გამოცემა. რომანი აშშ-ში პირველად "შინდლერის სიის" სახელწოდებით გამოიცა და მას შემდეგ მსოფლიოში ხშირად ამ სათაურით მოგზაურობს. ასეა საქართველოშიც - 1-ლ ოქტომბერს წიგნების ახალ სერიაში "ომებსა და ადამიანებზე" გამოვა "შინდლერის სია", რომელიც ჟურნალ "გზას" სპეციალურ ფასად გაჰყვება.

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა წიგნი ჟურნალთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ნახევარ ფასად შეიძინოს, ერთი კვირის შემდგომ კი მისი ღირებულება წიგნის მაღაზიებში 16.00 ლარი იქნება.

სერია "ომებსა და ადამიანებზე" კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს. წიგნების ნაწილს, რომელსაც ეს სერია გააერთიანებს, მკითხველი უკვე იცნობს: მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს", კრისტინ ჰანას "ბულბულს", ჰიზერ მორისის "აუშვიცის ტატუისტს", ენტონი დოერის "ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ" და სხვა წიგნებს, რომლებმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი მკითხველის გული დაიპყრო. სიახლე იქნება რიდიან ბრუკის "ომის შედეგები", ართურ გოლდენის "გეიშას დღიური" და ა.შ..