სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე "ბიბლია განმარტებებით" სასწავლო პროგრამაში შევიდა - კვირის პალიტრა

სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე "ბიბლია განმარტებებით" სასწავლო პროგრამაში შევიდა

"ბიბლია განმარტებებით" ძალიან კარგი სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერ სასწავლებელში, სადაც საღვთისმეტყველო საკითხები აინტერესებთ"

მნიშვნელოვანმა და წარმატებულმა პროექტმა "ბიბლია განმარტებებით" კიდევ უფრო საჭირო ფუნქცია და დანიშნულება შეიძინა - ამიერიდან სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები წმინდა წერილის შესწავლისას სწორედ ამ სერიით იხელმძღვანელებენ. ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი გიორგი თოდუა, თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია და პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილის, ღვთის სიტყვის სწორად განმარტება, რაშიც მკითხველს დაეხმარება "ბიბლია განმარტებებით", რომლის შექმნაზეც პროფესიონალთა დიდი გუნდი მუშაობს.

ირაკლი ორჟონია, თეოლოგიის დოქტორი: - პროექტის სახელიც ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საგანძურია "ბიბლია განმარტებებით". ერთი მხრივ, მასში წარმოდგენილია ბიბლიური მუხლები, შესაბამისი თავები და იმავდროულად, მუხლების განმარტებები, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ისეთი წიგნით იხელმძღვანელოს, სადაც ორივე მხარეა გაერთიანებული. ამ წიგნის უპირატესობა სწორედ ეს არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, წმინდა წერილის წაკითხვისას ჩვენი განმარტების საფუძველზე შეიძლება დიდი ცდომილება მოგვივიდეს. ბიბლიაში ისეთი სწავლებებია გადმოცემული, რაც განმარტებას საჭიროებს, რათა სწორად აღვიქვათ. ეკლესიის მამებმა სწორედ ამიტომ დაიწყეს წმინდა წერილის განმარტება ჯერ კიდევ სამოციქულო პერიოდიდან. ეს წიგნიც ამას ეფუძნება და დიდად ამარტივებს საქმეს. მეორე მხარეც არის - რიგითი მკითხველისთვის საეკლესიო განმარტებები ადვილად ხელმისაწვდომი არ არის და მათი მოძიება რთულია, თუ ადამიანი პროფესიულად არ არის ამით დაინტერესებული. რამდენიმე ტომად გამოცემული "ბიბლია განმარტებებით" კი პირდაპირ, ერთიანი სახით აწვდის მას სასურველ მასალას.

- როგორ შეაფასებთ ამ წიგნს, როგორც სახელმძღვანელოს, რომლის მეშვეობითაც სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებიც შეძლებენ მათთვის მნიშვნელოვანი ტექსტების გაცნობას? შესაძლებელია თუ არა გამოიყენონ სხვა სასწავლებლებშიც, სადაც რელიგიის ისტორია ისწავლება? - საქართველოში რამდენიმე სასულიერო სასწავლებელია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ცაგერში, გრემში, ახალციხეში... ჩემი აზრით, ეს მათთვის ძალიან კარგი სახელმძღვანელოა და მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება - მაგალითად, ბაკალავრს გაუადვილებს საქმეს - უამრავი წყაროს მოძიების გარეშე კონკრეტულ ტექსტებს განმარტებებით გაეცნობა.

"ბიბლია განმარტებებით" ძალიან კარგი სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერ სასწავლებელში, სადაც საღვთისმეტყველო საკითხები აინტერესებთ.

გიორგი თოდუა, სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი: - სერიის "ბიბლია განმარტებებით" გამოცემა ძალიან საშური, საღვთო საქმეა. ახლა უკვე ახალი აღთქმა გამოდის და დაინტერესებული მკითხველი წმინდანებად შერაცხილ მამათა ნააზრევს გაეცნობა. სწორედ მათი სწავლების თანახმად, ბიბლია, იგივე წმინდა წერილი, ღვთის სიტყვაა, ღვთის გამოცხადებითი მოძღვრება, რომელშიც დაუნჯებულია თითოეული ჩვენგანის გადარჩენის, ანუ ცხონების საიდუმლო. აქედან გამომდინარე, ერთია საღვთო სწავლება და მეორე - მისი გაშინაარსება, განმარტებითად განვრცობა, რათა ყოველი ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები იყოს ის, რაც ღვთის რჩეულმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა ჩაწერეს ღვთის შთაგონებით.

ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ წმინდა პეტრე მოციქულის ეპისტოლედან, სადაც ის პავლე მოციქულს ახსენებს. პეტრე მოციქული მცირეაზიელ ქრისტიანებს მიმართავს: სანამ მე მოგწერდით წერილს, მანამდე ჩემმა საყვარელმა ძმამ, პავლემ მოგწერათო და, იმავდროულად, ის ამ წერილის ერთგვარ შეფასებას გვთავაზობს. ამბობს, პავლეს ეპისტოლეებში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებიაო, "რასაც უსწავლელნი და მერყევნი საკუთარი თავის წარსაწყმედად ამახინჯებენ" - ანუ, ვინც პავლეს სიტყვას ჯეროვნად ვერ იგებდა, თავისებურად იაზრებდა და ამით საეკლესიო განმარტებას სცილდებოდა. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და ასე წარმოიქმნა სხვადასხვა სახის სექტა ანუ მწვალებლობა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ თუკი პავლეს წერილში პეტრე მოციქულისთვის იყო ზოგიერთი რამ ძნელად გასაგები, ჩვენთვის მით უფრო არ იქნება? სწორედ ამიტომ გვჭირდება სწორი საეკლესიო განმარტების მოხმობა. "ბიბლია განმარტებებით" სწორედ ამაში გვეხმარება. მასში შესული ბევრი რამ თანამედროვე ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონია. ამ გუნდის წევრებმა და მთარგმნელებმა ბევრი იშრომეს, რათა ქართულ ენაზე გადმოეტანათ ის ნაწყვეტები, რომლებიც მკითხველს დაეხმარება ბიბლიური ფრაზების გაგებაში. მინდა წარმატება ვუსურვო ამ პროექტის ავტორს, რედაქტორს, გუნდის თითოეულ წევრს, წარმატებით მიეყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ამით ბევრ ადამიანს მოიზიდავენ ქრისტეს ეკლესიაში, ერთადერთი ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი მოძღვრებისკენ.

ამ ტომებში შესული წმინდა მამათა ბევრი განმარტება თანამედროვე ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონია.

თამარ მამაცაშვილი, "ბიბლია განმარტებებით", პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი: - შარშან, სექტემბერში, პირველი ტომის პირველი ეგზემპლარი მოიტანეს რედაქციაში. რამდენი ბრძოლა გამოვიარეთ მანამდეც და მას მერეც, მაგრამ წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. ახლა ახალი აღთქმის განმარტებებზე ვმუშაობთ. წინასწარ არ დაგვიგეგმავს, მაგრამ, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ახალი აღთქმის პირველი წიგნის გამოსვლის დღე 23 ნოემბერს, გიორგობას დაემთხვა. სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამაში უკვე შეიტანეს "ბიბლია განმარტებებით", როგორც ერთ-ერთი სახელმძღვანელო.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

თამთა დადეშელი