"სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ "საპარტნიორო ფონდის“ შემადგენლობაში, ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს“ – გიორგი დანელია - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ "საპარტნიორო ფონდის“ შემადგენლობაში, ფონდი მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე უნდა კონცენტრირდეს“ – გიორგი დანელია

"ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ "საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან, ასევე, პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელთა ჩართულობა და როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ერთერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რეორგანიზაციის ფარგლებში, არის სახელმწიფო აქტივების ფონდის გარეთ გატანა. მივიჩნევთ, რომ საქართველოს რკინიგზა და სხვა მსხვილი სახელმწიფო კორპორაციები არ უნდა იყვნენ "საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის შემადგენლობაში, ფონდი უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს პროცესი დაწყებულია. რეფომირების პირველ ეტაპზე ენერგეტიკული კომპანიები "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და "ესკო“ გავიდნენ ფონდის სტრუქტურიდან და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით,“ განაცხადა "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.

როგორც გორგი დანელიამ არნიშნა, "საპარტნიორო ფონდი“ უნდა იყოს საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონცენტრირდება კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული მიმართულებით.

"ვფიქრობთ, ჩვენი როლი მნიშვნელოვანია წარმოების, ასევე, მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვართ პროაქტიური ინვესტორები, ჩვენ არ მივდივართ ბიზნესთან და არ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დააფინანსებდნენ ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მათი დამხმარე და ბიზნესი თვითონ მოდის ჩვენთან, თუ მას სჭირდება კაპიტალით დაფინანსება და არა - სესხი. "საპარტნიორო ფონდი“ კი ეხმარება ბიზნესს, რომ მათი პროექტი ბანკისთვის უფრო მიმზიდველები გახდეს“, განაცხადა გიორგი დანელიამ.

(NS)