"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია - კვირის პალიტრა

"წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“ - გიორგი დანელია

"ჩვენ წელს უკვე გვაქვს აუდიტის მონაცემები, როგორც ჩვენი შვილობილების, ასევე - "საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებულიც და აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა და "საპარტნიორო ფონდი“ უკვე მოგებაზე გადიან, შესაბამისად, ის საკითხი, რომელიც შარშან იდგა, წელს მკვეთრად გაუმჯობესებულია“, განაცხადა "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.

გიორგი დანელიამ აღნიშნა, რომ ის აკუმულირებული ზარალი, რომლის შესახებ გასულ წელს იყო საუბარი, ფონდს იმის გამო შეექმნა, რომ მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური შედეგები "საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში აისახებოდა.

"ეს გამოწვეული იყო იმითი, რომ საქართველოს რკინიგზის ბალანსიდან ჩამოიწერა ისეთი მსხვილი პროექტი, როგორიც იყო შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელზეც ასობით მილიონი აშშ დოლარი იყო დახარჯული და ბუნებრივია, რომ ეს აისახებოდა ფონდის იმ წლის ფინანსურ მონაცემებში“, აღნიშნა გიორგი დანელიამ.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, "საპარტნიორო ფონდს“ აქვს საქმიანობის ორი მიმართულება: საინვესტიციო საქმიანობა და სახელმწიფო აქტივების ფლობა.

"ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მხოლოდ ვფლობთ და არა - ვმართავთ სახელმწიფო აქტივებს. შესაბამისად, ჩვენს საკუთრებაში არსებული საქართველოს რკინიგზის ან გაზისა და ნავთობის კორპორაციის მმართველობაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ფონდი ამ აქტივებს უბრალოდ ფლობს და თეორიულად მათგან უნდა ვიღებდეთ დივიდენდებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზას ბოლო წლების განმავლობაში, ფინანსური სირთულეები ჰქონდა, ბუნებრივია, ისინი დივიდენდს არ იხდიდნენ და ის თანხებიც, რომლებიც კომპანიაში იყო, რკინიგზის განვითარებას ხმარდებოდა. მათი ფინანსური შედეგები კი - მოგებაც და ზარალიც ფონდის შედეგებში აისახა. თუმცა, წლევანდელი ფინანსური აუდიტის მონაცემებით, "საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გადიან“, განაცხადა გიორგი დანელიამ.

(NS)