ეს არჩევანი ჩვენი დიდგორია (R) - კვირის პალიტრა

ეს არჩევანი ჩვენი დიდგორია (R)

ვიდრე ჭეშმარიტად პატიოსან, ზნეობრივ და საქმის ნამდვილად გამკეთებელ კაცს ექნება პოზიცია: “არ ვერევი პოლიტიკაში“, ვიდრე მაღალი რანგის პროფესიონალები დადგებიან განზე და არ მიეხმარებიან მთავრობას რაციონალური პოლიტიკის შემუშავებაში, ქვეყანა ვერ უპასუხებს დროის მოთხოვნებს და ვერ გახდება კონკურენტუნარიანი. თავად ამ ხალხისგან კი ეს დეზერტირობაა და სხვა არაფერი. პოლიტიკა არ არის არც ოჯახური ბიზნესი და არც რაღაც დაუშვებელი, ამორალური მეთოდებით ბრძოლა მაღალი თანამდებობების დასაკავებლად სახელმწიფო სტრუქტურაში; პოლიტიკა არის მოქმედების კულტურა, პროგრესული ტენდენციების ხედვის უნარი და ადეკვატური საქმიანობა ყველგან, ვის, სად და როგორც ეს შეუძლია.

ქვეყანას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ექსტრემიზმი, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ექსტრემისტი და ოპოზიციონერი. ოპოზიციონერს ყოველთვის გააჩნია განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს აზრი შეიძლება ზოგჯერ საზოგადოებრივი პროგრესის წყაროდაც კი იქცეს; ზოგჯერ შეიძლება ოპოზიციონერი ცდებოდეს კიდეც, მაგრამ ამ დროსაც მას აწუხებს და სტკივა ქვეყნის ბედი; სჯერა, რომ ქვეყნისათვის აუცილებელია სტაბილურობა და ისიც, რომ ხალხმა არასოდეს არ უნდა დაკარგოს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ოპოზიციონერი არასოდეს არ დაუპირისპირდება ქვეყნის ტრდიციებს, კულტურას და ისტორიას. ექსტრემისტი კი არის პროვოკატორი, ის ჰგავს ტერორისტს,რომელიც ანგრევს სახელმწიფოებრივ წესრიგს და ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ექსტრემისტი ცდილობს არეულობის და დესტაბილიზაციის შეტანას ყველგან და ყველაფერში. მისი მთავარი იარაღია ინფორმაციული ზემოქმედება მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე, იმ მიზნით, რომ შეარყიოს მათში სულიერი, ისტორიული და პატრიოტული ტრადიციები, მოახდინოს სოციალური დაძაბულობის პროვოცირება, ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტება; მას სურს წარმოშვას ნაციონალური, რელიგიური და რეგიონალური დაპირისპირებები და შექმნას ხალხში უაზრო და გაუთავებელი კონფლიქტები. ამიტომ თვლიან ექსტრემიზმს მთავარ სამხედრო საფრთხედ ქვეყნისათვის.

დროა ვამხილოთ ამ პროცესების დაუღალავი იდეოლოგები, რადგან მათი საქმიანობა სრულიადაც არ წარმოადგენს რაღაც უწყინარ მოძრაობას, ისინი ამზადებენ ექსტრემისტ-ტერორისტებს ქვეყნის დასანგრევად და სპეციალურად ზრდიან ისეთივე ხუნვეიბინებს, რომელთა აღვირახსნილ მოქმედებებს დროულად დაუსვა წერტილი თავის დროზე ჩინეთის მთავრობამ. საინტერესოა სად არიან ამ დროს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, ვის ან რის უფლებებს იცავენ ისინი მაშინ, როდესაც ჩვენივე ტერიტორიაზე , ჩვენს ქვეყანაში, მშობლების და პედაგოგების თვალწინ აღებულია კურსი ჩვენი ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი აზროვნების მოსპობისკენ, მათში ტრადიციების, კულტურის, მორალის და პატრიოტიზმის განადგურებისკენ. ვის უფლებებს იცავენ ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურები? სოროსის იდეოლოგიით შემოტანილ წესებს და უფლებებს? რითაც მთლიანად ითელება ადამიანის ღირსება, რწმენა, მორალი და კანონი? დაკარგულია უფროსისადმი პატივისცემა, შვილები ხოცავენ აღმზრდელებს და პირიქით; ხდება ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ სრულიად გაუგებრად შემოღებული ე.წ. "პირადი ინფორმაციის დაცვის კანონს“ ამოფარებული , მრავალჯერ ნასამართლები, ავაზაკი და გარეწარი, სარგებლობს რა მოსახლეობის არაინფორმირებულობით, თავისუფლად შედის კონტაქტში სხვა ადამიანებთან და საფრთხეს უქმნის მათ ცხოვრებაში. გავიხსენოთ თუნდაც გორში 8 წლის გოგონას ამაზრზენი სიკვდილის ამბავი. უბედურ მშობლებს რომ რაიმე სცოდნოდათ მათ გვერდით არსებული საშიშროების შესახებ, ხომ დაიცავდნენ თავს ამხელა საშინელებისგან. საინტერესოა, რამდენი უდანაშაულოს სიცოცხლე უნდა შეიწიროს ერთმა გადაგვარებულმა დამნაშავემ, რომ დადგეს, ბოლოს და ბოლოს, მისი სიკვდილით დასჯის საკითხი? ან რომ მოხდეს, მაგალითად, სასწაული და გაიხსნას 8 თვის რაფალიანცის ქვევრში დახრჩობის ამბავი, რა უნდა მიესაჯოს მკვლელს, ცოცხალი უნდა დარჩეს? იქნებ დავფიქრდეთ და მივხვდეთ იმას, თუ სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებამ რა მდგომარეობა შეგვიქმნა ქვეყანაში.

ხალხი დაიღალა ამ ჰიპერტროფული დემოკრატიით და იმ "თავისუფლებით“, რომელიც გაიგივებულია აღვირახსნილობასთან. ხალხს მოენატრა სიმართლე, სახელმწიფოებრივი წესრიგი და სურს ყოველი დანაშაულისათვის ადეკვატური დასჯის კანონი. არავის აღარ უნდა მიტინგები და ანარქია. ყველას სურს სრულყოფილი სამართალი, კანონის დიქტატურა და სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გამართული და პროფესიული მუშაობა. ამიტომ ვდგავართ არჩევანის წინაშე:ან სტაბილურობა, წესრიგი და კანონი ან გაუთავებელი მიტინგები, დესტაბილიზაცია და ანარქია.

უნდა ვაღიაროთ, რომ დანგრეული განათლების სისტემის და განადგურებული კულტურის ფონზე, ძალიან დიდხანს ვავარჯიშეთ ჩვენი ახალგაზრდობა "ლგბტ“-ს "რთული“ სტრუქტურის შინაარსობრივი ასპექტების დეტალურ ანალიზში, რის წყალობითაც კარგად იციან უკვე ჩვენმა შვილებმა "ლგბტ“-ს არსი და მისი ყველაზე "საინტერესო“ კომპონენტების ზუსტი მნიშვნელობა, იციან ისიც, თუ როგორ უნდა დაიცვან ამ ადამიანების სულიერი სიმშვიდე და უფლებები. მაგრამ ახლა, როდესაც თავზე დაგვემხო სახელმწიფოებრივი მართვის ყველა სტრუქტურა და ქვეყანა აშკარად დადგა "ცოტა უფრო მეტად“ სერიოზული პრობლემების წინაშე, ხომ არ დადგა დრო ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდობა თურმე სხვა საქმისათვის ჭირდება ქვეყანას. ნიჭიერი ბავშვები სახელმწიფოს მთავარი განძია და მთავრობის მხრიდან ამ განძს დიდი მოვლა, პატრონობა და გაფრთხილება ჭირდება. მთავრობამ უნდა დაიცვას ისინი ათასგვარი ამორალური, კრიმინალური და ანტისახელმწიფოებრივი დარტყმებისაგან. ბაჩალიაშვილის მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ყველასთვის. მას რომ პროფესიულ განათლებასთან ერთად სათანადო პოლიტიკური მომზადებაც ქონოდა, არ ყოფილიყო ესოდენ მიამიტი და მიმნდობი, ასე ადვილად არ წამოეგებოდა საზიზღარ პროვოკაციაზე და არ აღმოჩნდებოდა ხაფანგში. დღეს კი, სამწუხაროდ, ეს მშვენიერი გოგონა მშობლების და მთელი საზოგადოების მოუშუშებელი ტკივილია. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს მომავალში, მკვლელმა კი უნდა მიიღოს შესაფერისი სასჯელი.

მთავრობა გვერდში უნდა დაუდგეს მოსახლეობას ყველა საინფორმაციო ომში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა უნდა მოამზადოს ამგვარი ომისათვის; ყველაზე მეტად უჭირთ დღეს მშობლებს და პედაგოგებს. მათ დიდი დახმარება და ხელისშეწყობა ჭირდებათ მთავრობის მხრიდან, რათა შეძლონ და ქვეყანას აღუზარდონ ღირსეული მომავალი თაობა - ერის კეთილდღეობის მთავარი პირობა და სახელმწიფოს სრულყოფილი არსებობის მთავარი გარანტი. ამიტომ უნდა ავირჩიოთ პოლიტიკოსები, რომლებსაც ეცოდინებათ სამართლიანი და რაციონალური წესრიგის ფასი საზოგადოებრივი მოწყობისათვის, ისეთები, რომლებიც არ ააგებენ თავიანთ პოლიტიკას კორუფციაზე და ტყუილზე, არ მისცემენ ბიუროკრატიას თარეშის უფლებას, იქნებიან ყოველთვის პრინციპულები, პატივს სცემენ სხვას, მაგარმ არასოდეს არ შეცვლიან ქვეყნისათვის სასარგებლო პოზიციებს სხვა რომელიმე ქვევნის მოწოდებებით და კარნახით, "შეეგუებიან“ თანაც იმ ფაქტსაც, რომ ჩვენ ძირძველი კულტურის მქონე ქვეყანაში არსებობენ კიდევ ისეთი "გაუნათლებელი“ და "ჩამორჩენილი“ ადამიანები, რომლებმაც, მიუხედავად "პროგრესული აზრების“ დიდი პროპაგანდისა, თავიანთი "გონებრივი შეზღუდულობის“ გამო, ვერ იქნა და ვერ გაიგეს მაინც ის, თუ რას უნდა ნიშნავდეს "ორი დედით“ და "ორი მამით“ შექმნილი ოჯახი. ეს ხალხი, რა თქმა უნდა, არასოდეს არავის შევიწროებას არ დააპირებს, მაგრამ კარგი იქნება ნამდვილად, თუ ასევე დაცული იქნება მათი ინტერესები და უფლებებიც. ანუ მათაც ექნებათ ცხოვრების და არსებობის უფლება და ეროვნული ინტერესების და ტრადიციული ფასეულობების დაცვის გამო არავინ უწოდებს მათ რეტროგრადს, არ დააყენებს მუდმივად არჩევანის წინაშე: “ან ჩვენთან და ევროპასთან ერთად, ან ევროპისა და ჩვენს გარეშე“. ისე საინტერესოა მაინც, თუ რატომ არის, რომ ყოველთვის, როგორც კი ვიწყებთ ეროვნული ინტერესების და ტრადიციული ღირებულებების დაცვას, დასავლეთი ღიზიანდება და გვემუქრება იზოლაციით. ისინი რატომღაც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან ჩვენს მიერ წარსული ცხოვრებიდან დადებითი მომენტების აღიარებას და ამის გამო ყოველთვის მტრად გვაცხადებენ; ასევე ნებისმიერი რაციონალური აზრი, თუ ის მათ პოზიციებს უპირისპირდება, არის მათგან უგულვებელყოფილი და მიუღებელი. რატომ? გიფიქრიათ ოდესმე ამაზე? ვიფიქროთ!

აქ ისევ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ წლების მანძილზე ჩვენი მეცნიერული ელიტა(თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი და ფილოსოფიის ინსტიტუტი), ვისაც ფაქტიურად უნდა ებრძოლა ქვეყნის დაცვისა და გადარჩენისათვის, ნაცვლად ამისა ებრძოდა მეცნიერულ ეროვნულ იდეოლოგიას, რის გამოც ჩამოინგრა ჩვენში მეცნიერება, ზნეობა და კულტურა. სულ ახლახან კი ისევ იუბილე გადაუხადეს იმ კაცს (მ.მამარდაშვილი), რომელიც ასე მოძღვრავდა ჩვენს ახალგაზრდობას:"რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ“ და მთელი სერიოზულობით აწვდიდა მათ "ახალი აზროვნების იმ სტილს, რასაც უნდა ეჩვენებინა“ თურმე მათთვის "ადგილი ცხოვრებაში და გაეგებინებინა ის, თუ რატომ მოვიდნენ ისინი ამ ქვეყანაზე: ვინ ვარ სინამდვილეში, რა ადგილი მიკავია, როგორ ვარ მასში განლაგებული? მაგალითად, რეალურად ეს ქალი დედაჩემია, მაგრამ ცოლი მგონია და ვექცევი როგორც ჩემ ცოლს. იმ წამს, იმ მომენტში, იმ ადგილას. სადაც მე ამ ქალს ვექცევი როგორც ჩემ ცოლს. მე რაღაც მემართება, იმიტომ რომ სინამდვილეში მე მისი შვილი ვარ“ ( მ.მამარდაშვილი. "საუბრები ფილოსოფიაზე“, ლექციების ციკლი, 1992წ.). პირდაღებულ მკითხველს ავტორი იქვე აძლევს "ამომწურავ“ განმარტებას:“ეს შეხედვა არის ის, რასაც ფილოსოფიაში ეწოდება რეალობის ხილვა“.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ რეალობის ამგვარი "ხილვა“ საკმაოდ შოკის მომგვრელია "პროგრესულ აზროვნებას“ მოკლებული მკითხველისათვის, ვისთვისაც გასაგებია მხოლოდ "ვიწრო“, "ჩამორჩენილი“ ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული დედის ცნების შინაარსი. კარგი იქნება, თუ ახალი მთავრობა ამ შოკირებული ხალხის მდგომარეობასაც გაითვალისწინებს და მეტი სიფრთხილით დაადგება ამგვარი "პროგრესების“ შემოტანის გზას, ხოლო ისეთი ცნებების შინაარსს, როგორიცაა "დემოკრატია“, "თავისუფლება“ და "ოჯახი“ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით შეავსებს. (ამ საკითხებს ეხება ჩემი წერილები:“SOS! SOS! SOS! დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით”, "მამის სული დაგვავიწყდა...“, "ვაი თავისუფლებისაგან“ და სხვ. საიტი:gildasikharulidze.com.).

ყოველი ეპოქის სულიერი მდგომარეობა გამოიხატება ხელოვნებაში, მეცნიერებაში და ფილოსოფიაში. ამასთან დაკავშირებით ვაგნერი წერდა:“იქ, სადაც დუმდება ხელოვნება, არენაზე გამოდიან ყოველთვის მეცნიერება და ფილოსოფია, მაგრამ შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობებს აწყდება რაციონალური აზრი, საქმეში ერთვის ისევ ხელოვნება“. სამწუხაროდ, არც აკადემიას და არც თსუ-ს ეს სიბრძნე აღარ ახსოვთ. წარსულის ცოდნა კი გვჭირდება იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ აწმყო და მომავალი. განათლებაზე და კულტურაზე გადის სწორედ პიროვნული დისციპლინის ის მთავარი ღერძი, რაც აძლევს ნებისმიერ ადამიანს თვითშეზღუდვისა და თვითკონტროლის უნარს, უკრძალავს მიშვებულობას და აღვირახსნილობას და, რაც მთავარია, არის ეროვნული, რაციონალური სახელმწიფოებრივი აზროვნების მთავარი გარანტი, როდესაც წარმატებულ ადამიანად ითვლება ქეთევან წამებული და არა ის, რომელმაც მეტი ფული დააგროვა და მეტი ქონება იშოვა. თსუ და მეცნიერებათა აკადემია უნდა გამხდარიყო ამ კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოებრივი აზროვნების დამცველი და ღრმა პროფესიული და ფილოსოფიური განათლების ბაზაზე დაეწყო ისეთი სერიოზული პრობლემის კვლევა, როგორიცაა "21 საუკუნის მეცნიერი და პედაგოგი“. ამის ნაცვლად ჩვენმა ფილოსოფოსებმა ბრძოლა გამოუცხადეს ეროვნულ იდეოლოგიას, დიალექტიკას და ფილოსოფიაში მთავარ მსოფლმხედველობად გამოცხადდა მ.მამარდაშვილის აბსურდიზმი. ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მომავალმა მთავრობამ უნდა მიხედოს.

დემოკრატია არ ნიშნავს ამერიკის ბატონობას მსოფლიოზე, დემოკრატიული იდეები ნამდვილად კარგია და სასრგებლო სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, მაგრამ ჩვენში რატომღაც ისინი დაუკავშირეს უზნეობას, კორუფციას და კრიმინალს, რის გამოც მძიმე დღეში აღმოჩნდა საზოგადოება. ასევე ნამდვილად არაფერია ცუდი "თავისუფლებაში“, ოღონდ "თავისუფლება“ ეძლევა ადამიანს როგორც პრობლემა და მხოლოდ თვითონ ინდივიდზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოიყენებს მას ცხოვრებაში. ამიტომაც თქვა სარტრმა: “ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“. "თავისუფლების“ ცნების ეს სირთულე გამოიყენეს სწორედ სოროსის გრანტებით დაფინანსებულმა იდეოლოგებმა და დაიწყეს ამის საფუძველზე ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების განადგურება, რასაც შემდეგ მოყვა ფერადი რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები; ბოლოს ეს მოხდა უკრაინაში, იგივე დააპირეს შემდეგ ბელორუსიაშიც, სადაც დაიწყო ანალოგიური პროცესები, მაგრამ ბელორუსიამ დროზე აუღო ალღო ყველაფერს და თავს უშველა. დღეს სომხეთი იმკის უკვე პაშინიანის ლიბერალიზმით ზედმეტად გატაცების შედეგებს და კაცმა არ იცის როდის დამთავრდება ეს ყველასთვის ერთნაირად საშინელი საომარი მოქმედებები.თუ არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკა გახდეს რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გაუკუღმართებული ნაწილი, მაშინ ძალზედ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ "დემოკრატიისა“ და "თავისუფლების“ ცნებებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვწყვიტოთ მათი შინაარსი ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.

ეროვნული იდეოლოგია არის ის, რაც აერთიანებს სოციუმს და იცავს მის, როგორც მთელის ინტერესებს. გვახსოვდეს, რომ თავისუფლების კანონი ზნეობრივი კანონია ანუ ის კი არ განსაზღვრავს სახელმწიფოს არსს და საზრისს, არამედ თვითონ სახელმწიფოს არსით და საზრისით განისაზღვრება თავისუფლების შინაარსი. მხოლოდ ასეთ ვითარებაში არ იქცევა "თავისუფლება“აღვირახსნილობად და ექნება მას პიროვნებისთვის ობიექტური რეალობის ადეკვატური საზღვრები. ნეოლიბერალური საზოგადოება კი წინა პლანზე წევს მხოლოდ ნეოლიბერალურ ფასეულობებს, აღიარებს მხოლოდ ინდივიდს და უგულებელყოფს საზოგადოებას და საზოგადოებრივ ღირებულებებს, რაც არის გზა ანარქიისკენ; ამ დროს, იკარგება ყოველგვარი კავშირი თაობათა შორის, საზოგადოებაში ირღვევა წონასწორობა, ჩნდება კრიზისი სულიერების სფეროში და ვეღარ ვგებულობთ იმას, თუ საით მიდის ჩვენი კულტურა. ის, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი, არის პრობლემა, რომელიც დახვდება ახალ მთავრობას.

ახალმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ "დემოკრატიისა“ და "თავისუფლების“ ცნებებზე მეტად ხალხი დღეს დაინტერესებულია "სტაბილურობით“ და გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს იმ ზოგადი ფასეულობების ძიებას მეცნიერული ეროვნული იდეოლოგიის სახით, რაც დაეხმარება მას საზოგადოების ერთ, შეკრულ მთელად გააზრებაში და აპოვნინებს სწორ გზას ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის. ფილოსოფიის ისტორიაში ტყუილად როდი იყო ყოველთვის "დიალექტიკის“ თემა ყველაზე მთავარია და ცენტრალური. ამიტომაც გამოუცხადა სოროსმა ომი დიალექტიკას.

და კიდევ: საზოგადოების რეალური წარმატებებისათვის საჭიროა და აუცილებელი, რომ ადამიანებს შორის არსებობდეს ნდობის ფაქტორი და კიდევ ის. რომ საზოგადოებას და სახელმწიფოს გააჩნდეს თავიანთი მოქმედებებისათვის ერთი და იგივე ვექტორი. თითოეული ადამიანი იგრძნობს მაშინ პასუხისმგებლობას თავის მოქმედებაზე და იმასაც, რომ მხოლოდ პასუხისმგებლობით მოქმედების შემთხვევაში იქნება ის შემოქმედი. ყოველი შემოქმედის ჭეშმარიტი ღირებულება კი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეძლებს იგი გაიცნობიეროს თავი საზოგადოებრივი მთელის ნაწილად და რამდენად გაითვალისწინებს თავის შემოქმედებაში ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ინტერესებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ შემოქმედი უნდა იყოს ძველი ფასეულობების მონა და მორჩილი. "ვერ იქნები მშენებელი, თუ არა ხარ მნგრეველი“ - კარგად თქვა ეს ნიცშემ.; მაგრამ ყოველმა მნგრეველმა უნდა იცოდეს კარგად ის, თუ რა უნდა დაანგრიოს და რისი დანგრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სწორედ ასეთი კარგი მნგრეველები იყვნენ თვითონ ნიცშე, ბორი, ჰაიზენბერგი, ვაგნერი, დალი, ჩვენი ვაჟა და მრავალი სხვა, რომელთა შემოქმედებამ დაანგრია ძველი ისე, რომ წინ წასწია ამით საკაცობრიო კულტურა, რასაც ვერ ვიტყვით ლიბერალისტების მიერ დანგრეულ უკრაინაზე, სადაც ქვა ქვაზე აღარ არის დღეს დარჩენილი. მტკივნეულია და კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, ალბათ, ყარაბაღის ომის შედეგებიც. ასეთი ნგრევები და ასეთი რევოლუციები არ გვინდა.

სახელმწიფოზე განაწყენებული ხალხი არის ყველა ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით ალბათ ყველა ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები და მოხდეს ქვეყნის განვითარება; მაგრამ ამ დროს ყველა მათგანმა უნდა დაანგრიოს ძველი და შემოიტანოს ახალი მხოლოდ და მხოლოდ თავისი რეალობის სერიოზული კვლევის და ანალიზის საფუძველზე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ შემოთავაზებული მეთოდებით და კარნახით. რეალობის ობიექტურად ამსახველი კანონი და მისი დაცვა ყველგან აუცილებელია. მაგალითად, დეინდუსტრიალიზაცია, რაც გვირჩიეს და გვეგონა , რომ მრეწველობის დანგრევის ფასად წინა პლანზე წამოვწევდით სოფლის მეურნეობას, არ აღმოჩნდა სწორი და ჩაგვაგდო საბოლოოდ დახატული დოლარის ტყვეობაში.

და ბოლოს: პირადად მე არასოდეს არ ვმდგარვარ ნაციონალების გვერდით და ჩემი ასაკიდან გამომდინარე ვიყავი მხოლოდ ერთი პარტიის წევრი და ამ პარტიის ბილეთი არ დამიწვავს და არ გადამიგდია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ, მიუხედავად ბოლო პერიოდში დაშვებული უდიდესი შეცდომებისა, ცვლილებები ქვეყანაში უნდა წასულიყო მაინც სხვაგვარად და არა ისე, როგორც ეს დაიწყო ხრუშჩოვმა და გააგრძელა შემდეგ გორბაჩოვმა. ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გადაყრა და განადგურება არ იყო ნამდვილად სწორი, თუმცა ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი. მაგრამ დღეს, როდესაც ბედუკაძე ეროვნულ გმირად არის გამოცხადებული და კაცმა არ იცის ის, თუ რა პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა 8 თვის რაფალიანცი, როდესაც კორუფციამ და ბიუროკრატიამ შეჭამა ქვეყანა, მშიერია და შეურაცხყოფილი პატიოსანი კაცი, თავზე გვაქვს დამხობილი ყველა სერიოზული დარგი ქვეყანაში და აშკარად ვდგავართ უფსკრულის პირას, იქნებ მივაფურთხოთ ეშმაკს, დავუგდოთ ყური იმას, თუ რა რეფორმებზე ლაპარაკობს სააკაშვილი და ჩვენს სახელმწიფო მმართველობაშიც გავითვალისწინოთ ზოგი რამ ისეთი, რაც სასრგებლოა და მნიშვნელოვანი. ავია თუ კარგია, ეს კაცი დადის დასავლეთის ყველა ქვეყანაში, ხვდება ამ ქვეყნების პირველ პირებს, ისინიც დიდი ინტერესით და ყურადღებით იხილავენ მის მიერ შემუშავებულ რეფორმებს, ჰყავს თავისი მომხრეები და ოპონენტები, აშკარად და დაუნდობლად ებრძვის კორუფციას(სიკვდილით დასჯის კანონზეც კი ალაპარაკდნენ ბოლოს უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი აღტაცებითაც გამოეხმაურა ამას საზოგადოება). სააკაშვილი სისტემატურად აყენებს "დეოფშორიზაციის“ და "ნაციონალიზაციის“ საკითხებს. ისე მარტო GWP-ს პრივატიზაცია რად ღირს, რამაც გააგიჟა და გადაიყვანა გონებიდან მთელი თბილისი , როგორც სურთ და როგორც მოეხალისებათ, ისე მართავენ ისინი წყალკანალს, წინა საუკუნეში გაკეთებულ გახეთქილ მილებში არჭობენ ნაფოტებს და ამას ქვია მათთან სარემონტო სამუშაოები. კაცი არ არის თანაც, რომ ვინმემ მოთხოვოს მათ ამაზე პასუხი. სემეკი არ მითხრათ ახლა, ეს კიდევ სხვა ციხე-სიმაგრეა აუღებელი და ა.შ. და ასე ძალიან ბევრი... როდემდის? ხალხს მოენატრა სახელმწიფოებრივი წესრიგი და დისციპლინა.

სააკაშვილს კარგად ექნება, ალბათ, გაცნობიერებული უკვე ისიც, თუ რა დღეში ჩააგდო მის დროს თსუ და მეცნიერებათა აკადემია სოროსის მზაკვრულმა პოლიტიკამ, ისიც, რომ აუცილებელია და საჭირო ქართული სამეცნიერო პოტენციალის გამოცოცხლება, მეცნიერების განთავისუფლება ფსევდო მეცნიერებისაგან და გადარჩენა, რაც ნამდვილად ვერ მოხერხდება ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, რადგან ამ სტრუქტურებში ფესვგამდგარი, უპასუხისმგებლო და შეუფერებელი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ბიუროკრატია მაქსიმალურად უშლის ხელს ამგვარ პროცესებს. გვეღუპება ახალგაზრდობა და თუ დახმარება უნდა სააკაშვილს,ამაში დაგვეხმაროს. თავის დროზე ხომ ერთი ხელის მოსმით კანონისა და ადამიანის უფლებების ყოველგვარი დარღვევით გამოყარეს თსუ-დან ახლად კონკურსგავლილი დამსახურებული პედაგოგები და მეცნიერები, რომელთაგანაც ბევრს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ბევრს ენატრება დღეს ფიზიკის ის ბრწყინვალე ფაკულტეტი, რომელიც გაურკვეველი ხალხის ხელშია ჩავარდნილი და მიწასთანაა ამჟამად გასწორებული. საუკეთესო პედაგოგები კი სხედან ამ დროს სახლებში და კადრებს ვერ ზრდიან. ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი რამის გამოსწორება თუ პოლიტიკური ნება იქნება.

სწორს ამბობს სააკაშვილი, რომ "ბიუროკრატია, როგორც ბაქტერია, ისე ხრავს სახელმწიფოს ორგანიზმს“. ტყუილია? იგი ერთგულად უდგას გვერდში ზელენსკის და კბილებით იცავს მის ავტორიტეტს. რა არის ამაში ცუდი? ნეტავი ჩვენ პრემიერ-მინისტრსაც ჰყავდეს ამგვარი დამცველი! ისე დღეს, როდესაც დაკარგა აზრი ამ გაურკვეველ პარტიებს შორის გაუთავებელმა კინკლაობამ, დაიღალა ხალხი და გაღიზიანებულია სხვადასხვა დაჯგუფებების ქუჩებში უაზრო სირბილით და ყვირილით, იქნებ სულაც არ იყოს ცუდი სააკაშვილის და გახარიას ტანდემი?! იქნებ მოვიდა დრო, რომ "ქოცების“ და "ნაცების“ ნაცვლად ვიხმაროთ ტერმინები:“პროფესიონალი“ და "არაპროფესიონალი“, "მცოდნე“ და "უცოდინარი“, "ზნეობრივი“და "უზნეო“ და საკონტროლო გასროლა იყოს ყოველთვის ამ დროს დებატები. ნახეთ, რა მშვენიერი სანახავი იყო მკერდგადაღეღილი, თმააჩეჩილი, თამამი, კომპლექსებისგან სრულიად თავისუფალი, თავისთავში ბოლომდე დაჯერებული ტრამპი და მის გვერდით ზედმიწევნით კოხტად გამოწყობილი ბაიდენი, რომელიც საცოდავად ახამხამებდა თვალებს ტრამპის მიერ ტყვიასავით ნასროლ ფრაზებზე და ენაც კი დაება იმ დროს, როდესაც ტრამპმა მას შვილის მიერ ჩინეთსა და უკრაინაში ჩატარებულ უკანონო ოპერაციებზე დაუწყო ლაპარაკი? და თანაც მაშინ, როდესაც უკრაინის მთავარ პროკურორს, გორდონთან ოფიციალურ ინტერვიუში, სულ დეტალებში ქონდა უკვე გადმოლაგებული ყველაფერი ამის შესახებ. აი ასეთი უნდა იყოს გამარჯვება! ჭეშმარიტება ძლიერია იმიტომ, რომ მართალია!

და კიდევ: მდგომარეობა დღეს ქვევანაში ისეთია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საეჭვო ინტერესებით თავისუფლად მოქმედებენ კრიმინალური და ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფები, რომლებიც დიდ მატერიალურ და მორალურ ზიანს აყენებენ მოსახლეობას, თელავენ ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნიან ქვეყანას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ასეთ ვითარებაში დიდი შეცდომა და წინდაუხედაობაა ჩვენგან ალბათ ის, რომ არ გვაინტერესებს და არ ვცდილობთ მოვისმინოთ ჩვენივე თანამემამულის და თანაც უმაღლესი რანგის პროფესიონალის იგორ გიორგაძის აზრი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, იგი უდაოდ ფლობს ბევრ ჩვენთვის უცნობ და მიუწვდომელ ინფორმაციას და შეუძლია ამიტომ თავისუფლად აგვიხსნას ბევრი ჩვენთვის ერთი შეხედვით გაუგებარი და მიუწვდომელი ფაქტი და მოვლენა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგორ გიორგაძე, რომელიც კარგი მამის კარგი შვილია, არასოდეს და არაფერში, საქართველოსთვის ზიანის მომტან პოზიციას მხარს არ დაუჭერს.

ასევე: საჭიროა და აუცილებელი უკვე, ალბათ, რომ ორი ქვეყნის საქმეში კარგად გარკვეულ პირებს შორის მოლაპარაკებებით გადაწყდეს საბოლოოდ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, სადაც ბევრი რამ მართლაც ძალზედ ბუნდოვანია და გაურკვეველი; მხოლოდ რუსეთის ლანძღვა და თანაც იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ სოროსის, ობამას, კლინტონის და ბაიდენის ძალზედ საეჭვო პოლიტიკას აპიარებდნენ, მიუღებელი და ზიანის მომტანია ქვეყნისათვის. დროა გავარჩიოთ ამ საკითხში თეთრი და შავი, ოღონდ არა უაზრო ისტერიკებით და რაღაც უპასუხისმგებლოდ ნასროლი ფრაზებით, არამედ ობიექტური რეალობის და არსებული ძალზედ მტკივნეული ფაქტების სერიოზული და მკაცრად არგუმენტირებული ანალიზით. გარეთ XXI საუკუნეა და დროა მივეჩვიოთ ოპონენტებთან წყნარ, აუღელვებელ და რაციონალურ კამათს. "ადამიანის მთავარი თვისებაა აზროვნება, მოდით ვიაზროვნოთ ღირსეულად“ - წერდა სოლოვიოვი.

და ერთიც:აშკარაა დღეს, რომ არცერთი პატიოსანი და ზნეობრივი ადამიანი არ შეეგუება იმას, რომ ბინძურმა სამართალმა გადაწყვიტოს კარტოგრაფების საქმე, მაჩალიკაშვილის საკითხი, მამალაძის პრობლემა და მრავალი სხვა. ბატონმა ივერიმ მშვენივრად აჩვენა, რომ ადამიანი არის გონებრივი და ზნეობრივი გარკვეულობა. გარდაუვალია, ნამდვილად გარდაუვალი,მართლმსაჯულების სერიოზული რეფორმა, რის გარეშეც საზოგადოების ვერავითარი სახელმწიფოებრივი მოწყობა ვერ შედგება. ხალხს სურს სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! ეს არჩევნები ჩვენი დიდგორია!

იხილეთ მეტი

გილდა სიხარულიძე

(R)