შინაური ფრინველის ქცევა - კვირის პალიტრა

შინაური ფრინველის ქცევა

ქათმის ყველა ჯიში და სახესხვაობა ბანკივური ქათმისგან წარმოიშვა. თანამედროვე ჯიშები ბევრი რამით ჰგავს წინაპრებს, შეინარჩუნეს ისეთი ინსტინქტები, როგორიცაა, მაგალითად, მიწაში ქექვა საკვების მოსაძიებლად - რამდენიმე საათის გამოჩეკილი წიწილებიც კი ასე იქცევიან. მეორე მხრივ, თანამედროვე ჯიშების ნაწილს გაუქრა ბუდის მოწყობის, კვერცხების დამალვისა და 21 დღის განმავლობაში, წიწილების გამოჩეკამდე, მათზე ჯდომის ინსტინქტი. ქათმებში არ არსებობს ზუსტად ერთნაირი ორი ინდივიდი - ყველა უნიკალურია.

ქათმებს როცა დააკვირდებით, რამდენიმე საოცარ თვისებას შენიშნავთ. თითოეული ქათამი განსაკუთრებულია, ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთან და უნიკალურია თითოეული ინდივიდის ხმის ტონი. თვალდახუჭული შეძლებთ ზუსტად ამოიცნოთ, რომელი მათგანი კრიახებს. თანაც მალე მიხვდებით, რომ ზოგიერთი ქათამი, ადამიანების მსგავსად, სხვებზე მეტს "ლაყბობს".

ქათმები გამოსცემენ მრავალ განსხვავებულ ბგერას და თითოეულს საკუთარი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს, ვინც ქათმებთან დიდ დროს ატარებს, ბგერების მიხედვით შეუძლია ამოიცნოს ფრინველების ემოციათა მთელი სპექტრი - როდის შეეშინდათ, რა მოეწონათ, რამ დააფრთხოთ და სხვ.

ჯერჯერობით არ არსებობს ქათმისნაირთა ყველა ბგერის საბოლოო სია, არც არავის განუსაზღვრავს, რას ნიშნავს თითოეული ეს ბგერა ფრინველებისთვის. მიუხედავად ამისა, წიწილების, დედლებისა და მამლების "ლექსიკონს" კარგად არჩევს ყველა, ვისაც ფრინველთა ბგერების მოსმენის გამოცდილება აქვს.

პატარების საუბარი. წიწილა მაშინაც წივის, სანამ კვერცხიდან გამოიჩეკება; გამოჩეკისთანავე გამოსცემს რამდენიმე განსხვავებულ ბგერას, რითაც გამოხატავს კმაყოფილია თუ უკმაყოფილო.

კმაყოფილების წივწივი რბილი, არარეგულარული ბგერებია, რომელთაც წიწილები ერთმანეთსა და დედასთან კონტაქტის დასამყარებლად იყენებენ. სიგნალის მნიშვნელობაა: "მე კარგად ვარ!"

ბედნიერების წივწივი რბილი, ხშირად განმეორებადი ბგერებია, რომელთაც წიწილები მაშინ გამოსცემენ, როცა საკვებს იპოვიან ან კრუხის ფრთის ქვეშ შეძვრებიან, თავს ბედნიერად გრძნობენ, რადგან დასაძინებლად თბილ, უსაფრთხო ადგილს მიაგნეს. სიგნალის მნიშვნელობაა: "ცხოვრება მშვენიერია!"

შეშფოთებული წივილი მაღალი, მკვეთრი ბგერებია, რომელთაც წიწილები გამოსცემენ მაშინ, როცა სცივათ და შიათ. სიგნალის მნიშვნელობაა: "შემიბრალეთ!"

პანიკური წივილი დაკარგული ან შეშინებული წიწილას მაღალი, ყურთასმენის წამღები წივილია. ჰგავს შეშფოთებულ წივილს, ოღონდ უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. სიგნალის მნიშვნელობაა: "მიშველეთ!"

შიშის წივილი. ძლიერ, ხშირად განმეორებად ბგერებს წიწილა მაშინ გამოსცემს, როცა რაღაც უცნაურს ან საშიშს (მაგალითად, უცხო საგანს ან თავისკენ გაწვდილ ხელს) დაინახავს. სიგნალის მნიშვნელობაა: "ნურაფერს დამიშავებ!"

დამფრთხალი წივილი მოულოდნელად დაჭერილი წიწილას დაბნეული ძახილია. სიგნალის მნიშვნელობაა: "ვაიმე!"

წიწილებთან ურთიერთობისას, მათ მოსაზიდად და დასამშვიდებლად, შეეცადეთ მოასმენინოთ მხოლოდ დაბალი სიხშირის, მოკლე, რბილი და განმეორებადი ბგერები. უეცარი, მაღალი სიხშირის, გრძელი და ძლიერი ბგერები (მაგალითად, ბავშვების ან ტრანსპორტის ხმაური) მათ შეაშინებს.

დედის ენა. როდესაც წიწილა კვერცხიდან გამოჩეკამდე წივილს იწყებს, კრუხი ამ ხმებზე ბგერებითვე რეაგირებს. ასეთი ადრეული ურთიერთობით წიწილა დედის ხმის ამოცნობას სწავლობს. წიწილების გამოჩეკის შემდეგ დედალი სამ გამორჩეულ ძახილს იყენებს, რომელთა საშუალებით პატარებს აგროვებს, საკვების მოძიებაში ეხმარება და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

კრუხუნი მოკლე, დაბალი, განმეორებითი ბგერებია, რომელთაც წიწილებიანი კრუხი გამოსცემს. ბგერებთან ერთად ფრინველი ზოგჯერ იფხორება კიდეც, რითაც წიწილებს მიანიშნებს, რომ მასთან ახლოს იყვნენ და შორს არ წავიდნენ.

საჭმელად მოხმობა მაღალი და უფრო ხშირად განმეორებადი ბგერებია. ზოგჯერ თუ კრუხი გემრიელ ნამცეცებს გადააწყდება, კრუხუნს თავს ანებებს და საჭმელად მოსახმობ ხმებს გამოსცემს, რათა წიწილებმა სწრაფად მოირბინონ და საკვები მოძებნონ. ადგილის მისათითებლად კრუხი ნისკარტს მიწაზე უკაკუნებს, ნამცეცებს პატარა ნაწილებად აქუცმაცებს, რომელთაც წიწილები ადვილად ყლაპავენ. სიგნალის მნიშვნელობაა: "რაღაც გემრიელი ვიპოვე!"

გაჩუმების ბრძანება რბილი, ვიბრირებადი ბგერებია, რომლებითაც კრუხი წიწილებს აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და აიძულებს, მიწას გაეკრან და ჩუმად იყვნენ. როდესაც წიწილები პატარები არიან და დედალს არ შორდებიან, მის ფრთებქვეშ ძვრებიან. როდესაც წამოიზრდებიან და აქეთ-იქით სირბილს იწყებენ, დედის სიგნალების გაგონებისას ბალახში წვებიან. სიგნალის მნიშვნელობაა: "არ იხმაუროთ!"

მამლის ენა. მამლებს მრავალფეროვანი "ლექსიკონი" აქვთ, რომლის საშუალებითაც უამრავი სიგნალის გადაცემა შეუძლიათ. ამ ფრინველებს, როგორც ჩანს, მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა - მათ მიერ გამოცემული ბგერებიც ამას ემსახურება.

ვრცლად ამ საინტერესო თხრობას გაეცნობით გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მიერ სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი სერიის პირველ წიგნში "მეფრინველეობა".