"წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება - კვირის პალიტრა

"წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება

ნაცისტური გერმანიის რეჟიმის შთაგონებით შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებების ძირითად ნაწილს დაუნდობლობა, სისასტიკე და სიკვდილი აერთიანებს, მაგრამ ყველა გმირის ისტორია განსხვავებულად ტრაგიკული და არავის მსგავსია.

სანამ მათ წაკითხვას დავიწყებთ, წინასწარ ვიცით, რომ აქ დაგვხვდება ესესი, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კამერები, სისხლი და ომი, მაგრამ მაინც გვაინტერესებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისასტიკე და შეუწყნარებლობა? ანგარება და ჩაგვრის სურვილი? ამ ყველაფერს შეჩვეულებს კი გულზე მალამოსავით გვედება ოსკარ შინდლერის ჰუმანურობა, გერმანელი და ზოლიან პიჟამაში შემოსილი ებრაელი ბიჭუნების მეგობრობა, ლიზელის დედობილ-მამობილის მიერ ებრაელი ბიჭის შეფარება...

ჩამოთვლილთაგან ზოგი ისტორია გამოგონილია, ზოგი რეალური, თუმცა ყველა სიკვდილის ქრონიკას ასახავს.

გამომცემლობა "პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ჩვენი უახლესი ისტორიიდან, ომის თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები ერთ პროექტში გაეერთიანებინა.

სერია "ომებსა და ადამიანებზე“ თომას კენილის "შინდლერის სიით“ დაიწყო და მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდით“ გრძელდება. წიგნი ჟურნალ "გზასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, 29 ოქტომბერს გამოვა. ნაწარმოების მთავარი გმირები გამოგონილი პერსონაჟები არიან, თუმცა რეპრესიები, მკაცრი კონტროლი, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება, ნაცისტური გერმანიისთვის დამახასიათებელია.

"წიგნის ქურდის“ მთავარი გმირი ცხრა წლის გოგონა ლიზელია, რომელიც 1939 წლის გერმანიაში ცხოვრობს. ეს ის დროა, როცა სიკვდილი სახლიდან სახლში და ქალაქიდან ქალაქში მოურიდებლად დაჰქრის და საქმე სულ უფრო და უფრო ემატება.

ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, რადგან მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. როგორც ლიზელის, ისე ყველა მეზობლის სახლში შიში, უიმედობა და შიმშილი ჩაბუდებულა და არსად წასვლას არ აპირებს. ლიზელი შემთხვევით გახდება წიგნის ქურდი. ის სულ უფრო და უფრო მეტს კითხულობს, ბოლოს კი თავად იწყებს წერას. პატარა, ნაცრისფერი ქუჩიდან სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში მოგზაურობს. ოჯახის მდგომარეობას ამძიმებს ებრაელი ბიჭი, რომელიც მათ სარდაფში დამალეს და ესესის ოფიცრების მკაცრი შემოწმება. ერთ დღეს კი ჰიმელ-სტრიტს დაბომბავენ...

წიგნში მოთხრობილია ქალაქის მერის ოჯახის დამოკიდებულებაც პატარა ლიზელის მიმართ, აღწერილია, 1939 წელს როგორ ცხოვრობდნენ გერმანიაში, როგორ ექცეოდნენ ნაცისტები უდანაშაულო ადამიანებს.

მწერალმა მარკუს ზუზაკმა იმ ისტორიათა ნაწილი, რომელიც წიგნშია აღწერილი, მშობლებისგან მოისმინა. ისინი მიუნხენში ცხოვრობდნენ და თავიანთი თვალით ხედავდნენ, როგორ მიჰყავდათ გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკში. სწორედ მშობლების მონათხრობმა მოახდინა მწერალზე უდიდესი შთაბეჭდილება.

2013 წელს გამოვიდა ბრაიან პერსივალის მიერ გადაღებული ფილმი - "წიგნის ქურდი“, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, ფილმის დასასრული მაყურებელს თვალცრემლიანს ტოვებს-ხოლმე.

ასეთივე სიმძრაფრითაა აღწერილი მოვლენები ლიტერატურულ ნაწარმოებშიც, რომელიც ქართულ ენაზე "პალიტრა L”-მა რამდენიმე წლის წინ უკვე გამოსცა, თუმცა პროექტის "ომებსა და ადამიანებზე“ ფარგლებში, "წიგნის ქურდის“ ახალი გამოცემა უკვე მომზადდა და დღის სინათლეს მალე იხილავს.

უახლესი ისტორიის თემატიკაზე შექმნილი წიგნები ყოველთვიურად, ჟურნალ "გზასთან“ ერთად გამოვა და მკითხველი მას სპეციალურ ფასად - 8 ლარად, ჟურნალთან ერთად კი 10 ლარად შეიძენს.