"წიგნის ქურდი" - ტრაგედიითა და ჰუმანიზმით აღსავსე გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრებამ - კვირის პალიტრა

"წიგნის ქურდი" - ტრაგედიითა და ჰუმანიზმით აღსავსე გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრებამ

ნაცისტური გერმანიის რეჟიმის შთაგონებით შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებების დიდ ნაწილს დაუნდობლობა, სისასტიკე და სიკვდილი აერთიანებს, მაგრამ ყველა გმირის ისტორია განსხვავებულად ტრაგიკულია.

სანამ მათ წაკითხვას დავიწყებთ, წინასწარ ვიცით, რომ აქ დაგვხვდება ეს-ესი, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კამერები, სისხლი და ომი, მაგრამ მაინც გვაინტერესებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისასტიკე და შეუწყნარებლობა? ანგარება და ჩაგვრის სურვილი? ყოველივე ამას შეჩვეულებს კი გულზე მალამოსავით გვედება ოსკარ შინდლერის ჰუმანურობა, გერმანელი და ზოლიან პიჟამაში შემოსილი ებრაელი ბიჭუნების მეგობრობა, ლიზელის დედობილ-მამობილის მიერ ებრაელი ბიჭის შეფარება...

ჩამოთვლილთაგან ზოგი ისტორია გამოგონილია, ზოგიც რეალური, თუმცა ყველა სიკვდილის ქრონიკას ასახავს.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა ჩვენი უახლესი ისტორიიდან ომის თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები ერთ პროექტში გაეერთიანებინა.

სერია "ომებსა და ადამიანებზე" თომას კენილის "შინდლერის სიით" დაიწყო და მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდით" გრძელდება. წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად 29 ოქტომბერს გამოვა. ნაწარმოების მთავარი გმირები გამოგონილი პერსონაჟები არიან, მათ ნაცისტური გერმანიის დაუნდობლობა და სისასტიკე გამოცადეს.

"წიგნის ქურდის" მთავარი გმირი 9 წლის გოგონა ლიზელია, რომელიც 1939 წლის გერმანიაში ცხოვრობს. ეს ის დროა, როცა სიკვდილი სახლიდან სახლში, ქალაქიდან ქალაქში დათარეშობს.

ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს, რადგან მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. როგორც ლიზელის, ისე ყველა მეზობლის სახლში შიში, უიმედობა და შიმშილი ჩაბუდებულა. ლიზელი შემთხვევით გახდება წიგნის ქურდი. ის სულ უფრო და უფრო მეტს კითხულობს, ბოლოს კი თავად იწყებს წერას. პატარა, ნაცრისფერი ქუჩიდან სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში მოგზაურობს. ოჯახის მდგომარეობას ამძიმებს ებრაელი ბიჭი, რომელიც მათ სარდაფში დამალეს, და ეს-ესის ოფიცრების მკაცრი შემოწმება. ერთ დღეს კი ჰიმელსტრიტს დაბომბავენ...

წიგნში მოთხრობილია ქალაქის მერის ოჯახის დამოკიდებულებაც პატარა ლიზელისადმი, აღწერილია, 1939 წელს როგორ ცხოვრობდნენ გერმანიაში, როგორ ექცეოდნენ ნაცისტები უდანაშაულო ადამიანებს.

მწერალმა მარკუს ზუზაკმა იმ ამბების ნაწილი, რომლებიც წიგნშია აღწერილი, მშობლებისგან მოისმინა. ისინი მიუნხენში ცხოვრობდნენ და ხედავდნენ, როგორ მიჰყავდათ ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკში. სწორედ მშობლების მონათხრობმა მოახდინა მწერალზე უდიდესი შთაბეჭდილება.

2013 წელს გამოვიდა რეჟისორ ბრაიან პერსივალის ფილმი "წიგნის ქურდი", რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, ფილმის დასასრული მაყურებელს თვალცრემლიანს ტოვებს.

ასეთივე სიმძაფრითაა აღწერილი მოვლენები ლიტერატურულ ნაწარმოებშიც, რომელიც ქართულ ენაზე "პალიტრა L"-მა რამდენიმე წლის წინ გამოსცა, თუმცა პროექტ "ომებსა და ადამიანებზე" ეგიდით მომზადდა "წიგნის ქურდის"ახალი გამოცემაც და ის დღის სინათლეს მალე იხილავს.

უახლესი ისტორიის თემატიკაზე შექმნილი წიგნები ყოველთვიურად ჟურნალ "გზასთან"ერთად გამოვა და მკითხველი მას სპეციალურ ფასად - 8 ლარად, ჟურნალთან ერთად კი 10 ლარად შეიძენს.

მარიამ მენაბდიშვილი