KIU-ში სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

KIU-ში სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს

გასულ კვირას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა და ღონისძიების ფარგლებში პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. უნივერისტეტში კი სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული გარემოა.

უნივერისტეტის განცხადებით, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები როგორც აუდიტორულ რეჟიმში, ისე ონლაინ აგრძელებენ სწავლას. სასწავლო პროცესს ქართველ პროფესორებთან ერთად ტუმის წამყვანი პროფესორებიც წარმართავენ.

ამასთან, იმის გამო რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. სტუდენტებს საშუალება აქვთ პროფესორებთან შეხვედრები ბუნებაშიც ჩაატარონ.

აღსანიშნავია, რომ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 246-მა ახალგაზრდამ გადალახა.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში.

რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

სტუდენტთა რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

(R)