მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები ცნობილია
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები ცნობილია
ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. უკვე ცნობილია, რომ ამ იდეების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ორი ახალი ინიციატივა განხორციელდება: აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე მოეწყობა, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კი სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მოხდება.

კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის იდეა მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით. მათი ჩანაფიქრით, აიგება გურული ოდა სახლი, რომელიც "აკეთელების ღიღინის" კუთხეს, პატარა ბიბილიოთეკას, სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების კუთხესა და გურული ტრადიციების კუთხეს, "კალანდას" გააერთიანებს. იდეის ავტორების აზრით, ოდა არა
მარტო მნიშვნელოვან კულტურულ, არამედ ტურისტულ ცენტრადაც იქცევა. სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია კი ნიკოლოზ ბერიძის იდეაა. მისი ინიციატივა სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. სკოლა სარგებელს მოუტანს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სამუსიკო სკოლაში სწავლობენ ან ისწავლიან.

ეს არის ის გამარჯვებული
იდეები, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში თავად ლანჩხუთელებმა გამოავლინეს. გამარჯვებულებზე მომდევნო მასალებში კიდევ უფრო დეტალურად მოგიყვებით, მანამდე კი ამ სტატიაში კონკურსის მიმდინარეობასაც შევაჯამებთ.

როგორც ცნობილია, 3 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო. იგი ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ მხოლოდ კონკრეტული იდეა უნდა წარედგინათ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა. მთავარ თემებად წელს განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეირჩა.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივები ენთუზიაზმით ჩაერთნენ: ორგანიზატორებს ფეისბუქის გვერდზე ინტენსიურად უკავშირდებოდნენ და დეტალებით ინტერესდებოდნენ. ინიციატივამ არა მარტო ქალაქის, არამედ პრაქტიკულად ყველა სოფლის მაცხოვრებლების აქტიურობა გამოიწვია და ეს იდეების რაოდენობაზეც აისახა.
სულ კონკურსში მოქალაქეებმა 47 ინიციატივა წარადგინეს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო მათთან აქტიურად თანამშრომლობდა და კონსულტაციებსაც უწევდა. საბოლოოდ, ელექტრონულ კენჭისყრაზე ის 22 იდეა მოხვდა, რომლებიც 2021 წლის პრიორიტეტულ თემებს - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, სკვერებს, კულტურული კლუბების კეთილმოწყობას, სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებს შეეხებოდა.

კენჭისყრაში მონაწილე თითოეულ პირს მისთვის სასურველი 3 იდეისთვის შეეძლო ხმის მიცემა, თუმცა ამ პროცესში, სამწუხაროდ, პრობლემებიც გამოიკვეთა, რაც დაკავშირებული იყო რიგი მომხმარებლების მხრიდან განხორციელბულ არაკეთილსინდისიერ ქმედებეთან. ამ პრობლემებზე რეაგირება მოხდა როგორც კნეჭისყრის მიმდინარეობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც. ამასთანავე, ვინაიდან წელს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი საპილოტედ, პირველად განხორციელდა, პროექტის გუნდმა აქტიურად დაიწყო მუშაობა ხმის მიცემის პროცესის დახვეწაზე, რათა მსგავსი ხარვეზები მომდევნო წლებში აღარ განმეორდეს. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ პროექტის სტარტი შედგა და ის კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდება.

(R)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები