ახალგაზრდები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის - კვირის პალიტრა

ახალგაზრდები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

გაიცანით მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები

როგორც ჩვენი გაზეთის გასულ ნომერში გიამბობდით, USAID-ის მხარდაჭერით, ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. უკვე ცნობილია ის ორი ინიციატივა, რომლებიც თავად ლანჩხუთელებმა აირჩიეს: აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია. პირველი მათგანი მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით, მეორე კი - ნიკოლოზ ბერიძეს. ეს ინიციატივები რეალობად მომდევნო წლის განმავლობაში იქცევა, მანამდე კი ჩვენ მათ ავტორებს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

- მოუყევით ჩვენს მკითხველს თქვენ შესახებ. ალბათ, ბევრს აინტერესებს, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ამ იდეების კონკურსში გაიმარჯვეს.

მარიკა ბერიძე: ვარ 20 წლის და ვცხოვრობ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში. ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ბიოლოგის სპეციალობით.

სალომე გეგიძე: 16 წლის ვარ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ვცხოვრობ და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში ვსწავლობ.

ნიკოლოზ ბერიძე: ვარ 38 წლის, ვცხოვრობ სოფელ სუფსაში და ერთ-ერთ ნავთობ კომპანიაში, საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის სპეციალისტად ვმუშაობ. თქვენი იდეების შესახებ გვიამბეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს ისინი?

მარიკა ბერიძე: მე და სალომემ კონკურსის ოთხი თემიდან აქცენტი კულტურაზე გავაკეთეთ. ჩვენი იდეა გულისხმობს აკეთში გურული ოდის მსგავსი კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობას, რომელსაც სხვადასხვა ფუნქცია ექნება. აქ იქნება ხუხუნაიშვილების, ანუ „შვიდკაცას“ გუნდის, „აკეთელების ღიღინის“ კუთხე, რომლებმაც კრიმანჭულის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი და მისი უბადლო შემსრულებლები იყვნენ. ამას გარდა, როგორც ცნობილია, სწორედ აკეთი იყო პირველი სოფელი გურიაში, სადაც 1893 წელს სახალხო ბიბლიოთეკა დაარსდა, ამიტომ გვსურს სივრცეში პატარა, ზოგად საგანმანათლებლო დანიშნულების ბიბლიოთეკაც განთავსდეს. კიდევ ერთი კუთხე სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიეძღვნება და ასევე იქნება კუთხე „კალანდა“, რომელიც სტუმრებს გურული ტრადიციების შესახებ უამბობს.

სალომე გეგიძე: ოდის ეზოც მთლიანად გურული ტრადიციების მიხედვით მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ მის მიმდებარედ გაშენებულია ჩხავერის ჯიშის ყურძენი, რაც მას დამატებით ხიბლს მისცემს. თანაც, შიდა ტურიზმის განვითარება ძალიან აქტუალურია, ამიტომ ვფიქრობთ, ამ სივრცის დახმარებით, ჩვენი სოფელი გურიის ერთ-ერთი ტურისტული ლოკაცია გახდება და მუნიციპალიტეტსაც დამატებით სარგებელს მოუტანს. რაც მთავარია, აკეთის კულტურა დავიწყებას არ მიეცემა, ახალგაზრდებს კი ცოდნის გაღრმავების საშუალება ექნებათ. ჩვენი იდეის განხორციელება აკეთის ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლის.

ნიკოლოზ ბერიძე: სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლა გვაქვს, თუმცა ის რეაბილიტაციას საჭიროებს და ჩემი იდეაც სწორედ ამაზეა. რეაბილიტაციის პროცესი კი სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. ინიციატივის განხორციელება არა მარტო სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულისთვის, არამედ მიმდებარე სოფლებისთვისაც მნიშნველოვანია, რადგან ახალგაზრდები განახლებულ სამუსიკო სკოლაში ისწავლიან. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათ საერთოდ არაფერი აქვთ.

- როგორ შეაფასებდით მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება?

მარიკა ბერიძე: ვფიქრობ, ამგვარი პროექტები როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა თითოეული მოქალაქის ვალია და ამ პროექტით აკეთის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სოფლისა და მუნიციპალიტეტის წინსვლაში აქტიურად ჩართვის მეტი სტიმული ექნებათ.

სალომე გეგიძე: ასეთი პროექტები ახალგაზრდებს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება, რომელიც კარიერული და პიროვნული ზრდისთვისაც მნიშვნელოვანია. მათ საკუთარ თავზე მუშაობისა და სოფლის განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ.

ნიკოლოზ ბერიძე: მიხარია, რომ ეს პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც მეტ აქტიურობას, სასარგებლო შეჯიბრებითობას ნიშნავს. ის ფაქტი, რომ სწორედ ჩემი იდეა განხორციელდება, სიამაყის გრძნობას მიჩენს და სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც მიზრდის. ალბათ, მონაწილეობას მომავალ წელსაც მივიღებ.

(R)