ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან - კვირის პალიტრა

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

16 ნოემბრიდან მკითხველი "ხელოვნების სასახლის" დირექტორის გიორგი კალანდიას წიგნს იხილავს.

როგორც თავად გიორგი აღნიშნავს, "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" - ეს არის საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, მრავალტომეული, კერძოდ, 12 ტომი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ისტორიას უძველესი დროიდან 1950 წლამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ასახავს ქართველების ისტორიას საზღვრებს მიღმა.

წიგნს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს და მკითხველი თითოეულ ტომს თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მიიღებს.

"ევროპაში მოგზაურობის დროს, მე და ჩემი მეგობარი ვიდექით ავტობუსის გაჩერებაზე და ვსაუბრობდით ქართულად. მოვიდა ერთი ინგლისელი ქალბატონი და გვკითხა, რა ენაზე საუბრობთო? როცა ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები, დამისვა ძალიან ბანალური კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა სწორედ ამ წიგნით ვცადე. მან მკითხა: ვინ არის ყველაზე ცნობილი და სახელოვანი ქართველი და რა გაუკეთებიათ ქართველებს მსოფლიოსათვის? ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენი დიდი ხნის შრომის შედეგი - "ქართველები მსოფლიო ისტორიაში", - გიორგი კალანდია.

წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით, რომელსაც ავტორი, როგორც თავად აღნიშნავს, ათი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა.

"მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მიწევდა მოგზაურობა საქართველოს საზღვრებს მიღმა იმისათვის, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად აღმომეჩინა ქართული კვალი; მეპოვა ესა თუ ის ისტორიული ძეგლი, კულტურისა თუ ხელოვნების ნიმუში და რაც ყველაზე მთავარია, მეპოვა ადამინები, რომლებიც ჩვენი დიდი წინაპრების შთამომავლები იყვნენ, იმ წინაპრების, რომლებიც საქართველოდან ძნელბედობის გამო ან უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედად წავიდნენ. აი, სწორედ ამ ადამიანებთან 10 წლის განმავლობაში ჩემმა ურთიერთობამ, საბოლოოდ, მოიტანა ის შედეგი, რომ შეიქმნა 12-ტომეული. ეს მოიცავს მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოში ქართველების ღვაწლს, ისტორიულ როლს", - ამბობს გიორგი კალანდია.

გამოცემაში მრავლად შევხვდებით ისტორიას ისეთ ქართველებზე, რომელთა შესახებ აქამდე არც კი გვსმენია.