"დღეს ისეთი ჩავარდნა გვაქვს, რომ ამოსვლა ძალიან რთული იქნება" - კვირის პალიტრა

"დღეს ისეთი ჩავარდნა გვაქვს, რომ ამოსვლა ძალიან რთული იქნება"

დეფიციტური კლასიკური ლიტერატურა წიგნის თაროს უბრუნდება

მალე, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მკითხველი მიიღებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალ გამოცემას, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვიდტომეულს, პროექტის პირველი ტომი "მთვარის მოტაცება", გაზეთთან ერთად გაიყიდება. ამ გამოცემას მკითხველი დიდი ხანია ელოდება, ამჯერად მისი სურვილი დაკმაყოფილებულია.

"მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა - ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს, ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: - შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა!" - წერდა თითქმის საუკუნის წინ კონსტანტინე გამსახურდია და ამით ამზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ მის მსგავსად "მცირე მდინარეების" პირას დაბადებულ ქართველებს საკუთარი ქვეყნით ეამაყათ. იმავდროულად, თავადაც იქცეოდა საკუთარი ქვეყნისთვის საამაყოდ - ეპოქის კლასიკოსს ფილოსოფიის დოქტორის წოდება ბერლინის უნივერსიტეტში მიანიჭეს. ამასთან, საუკეთესოდ ფლობდა სამხედრო ხელოვნებას. ის წერდა: "ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო კარიერა... მინდოდა პრუსსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა, მაგრამ რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი", - იგონებდა მწერალი. საბედნიეროდ, მან სამხედრო კარიერას მწერლობა არჩია.

"მთვარის მოტაცებამ" დიდი პოპულარობა მოუტანა. მწერალი დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ფიქრობდა ამ წიგნის დაწერაზე, მაგრამ წინ სულ რაღაც ეღობებოდა. ბიძგი მწერლის მეუღლის, რებეკა ვაშაძის გარდაცვალება იყო. სწორედ ამ ტკივილისას დაიძრა ის ამოუწურავი ზღვა, რომელიც ამ რომანშია გადაშლილი.

სულ მალე კონსტანტინე გამსახურდიას საგანძური მკითხველის ხელთ აღმოჩნდება, რის შესახებაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გვესაუბრება:

- გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მკითხველის სურვილებს რომ ყოველთვის ითვალისწინებს, ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან. ამიტომაც ხშირად გვთხოვენ იმ წიგნების გამოცემას, რომელთა დეფიციტია წიგნის ბაზარზე. კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების გამოცემაც სწორედ მათი სურვილი იყო. მოგეხსენებათ, გამოცემების დეფიციტის მიზეზი ხშირად მწერლის მემკვიდრეებთან შეთანხმებაა და სწორედ ეს მომენტი იყო ამ შემთხვევაშიც. ასე რომ, როდესაც მწერლის მემკვიდრეებთან შევთანხმდით, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა გამსახურდიას შვიდტომეულის გამოცემაზე. ის ფასდაუდებელი საგანძურია და გულით გვიხარია, რომ მკითხველისთვის მისი მიწოდების შესაძლებლობა გვაქვს.

- ჩემი ინფორმაციით, ლამაზი გამოცემა იქნება. როგორც ცნობილია, კონსტანტინე გამსახურდია თავად იყო ესთეტი. - ლამაზიც და მდიდრულიც. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ყურადღება მივაქციეთ პროექტის ვიზუალურ მხარესაც. ილუსტრაციები ძალიან საინტერესო მხატვარმა შეასრულა. ასე რომ, დეკემბრიდან ჩვენს მკითხველს ამ შვიდტომეულის კითხვის სიამოვნება ექნება. მათგან პროექტის ექვსი ტომი შემდეგი რომანებია: "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა", "დიონისეს ღიმილი", "ვაზის ყვავილობა" და "დავით აღმაშენებელი" 2 ტომად, მეშვიდე ტომში კი მწერლის შესანიშნავი ნოველები და მოთხრობები იქნება.

- "მთვარის მოტაცება" მწერლის ყველაზე გაბედულ წიგნად ითვლებოდა. თუმცაღა თავად გამსახურდია იყო ეპოქის ყველაზე გაბედული მწერალი - მის თითოეულ რომანს შეუძლია სულიერი რევოლუცია მოახდინოს. - ეს კლასიკოსის თვისებაა, რომელიც მუდამ გაუხუნარი რჩება. იმიტომაც ითხოვდნენ ჩვენი მკითხველები ასე დაჟინებით ამ შვიდტომეულის გამოცემას. ეს პროექტი არა მარტო მათ თაროებს ან დღევანდელ ქართული წიგნის ბაზარს დაამშვენებს, არამედ მომავალი თაობაც სიყვარულით წაიკითხავს.

გიორგი გამსახურდია - "გულწრფელად ვაფასებ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გადაწყვეტილებას კონსტანტინე გამსახურდიას შვიდტომეულის გამოცემის თაობაზე. ჩვენთვის, კონსტანტინე გამსახურდიას მემკვიდრეებისთვის, ეს არა მარტო კლასიკოსი მწერლის უფრო პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, არამედ მწერლის ღირებულებების აქტუალიზაციასაც. ქვეყნის გამაერთიანებელი იდეები, პატრიოტიზმის პრიორიტეტი და სხვა მყარი სულიერი ღირებულებები, რომლებსაც კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებში ვხედავთ, უეჭველად განაწყობს მკითხველს უკეთესი ქვეყნის სურვილისკენ, იმ მოტივაციისკენ, რომ საკუთარი ქვეყანა თავად ვაშენოთ და სხვებს არ ველოდოთ. ჩვენი ოჯახისთვის პროექტზე შეთანხმებისას სწორედ ამ ღირებულებების პოპულარიზაცია იყო პრიორიტეტული და არა მატერიალური შემოსავალი. თავისთავად გამომცემლობა "პალიტრა L"-საც შეეძლო ეს პროექტი სხვა პროექტით ჩაენაცვლებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას შვიდტომეულის გამოცემა დაისახა პრიორიტეტად.

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნებზე მართლაც დეფიციტი იყო გაჩენილი. პირადადაც მქონია შემთხვევა, როდესაც ახლობლისთვის ბაბუას წიგნის ჩუქება გადამიწყვეტია, მაგრამ შოვნა ძალიან გამჭირვებია. მოხარული ვარ, რომ შვიდტომეულში კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების უდიდესი ნაწილია წარმოდგენილი, რაც მკითხველს დეფიციტს შეუვსებს. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ აღნიშნული გამოცემა სწორედ გამომცემლობა "პალიტრა L"L-მა დაისახა მიზნად, იმ გამომცემლობამ, რომელიც მკითხველის სერიოზული პარტნიორია. ვფიქრობთ, ჩვენც ღირსეული პარტნიორი შევარჩიეთ კონსტანტინე გამსახურდიას წიგნების ტირაჟირებისთვის".