თავშესაფარი - კვირის პალიტრა

თავშესაფარი

"ქათმების დაბინავების მეთოდები იმდენია, რამდენი მეფრინველეც არსებობს - სრული შეზღუდვიდან სრულ თავისუფლებამდე"

თუ ქათმებისთვის ყველაფრით აღჭურვილ, უნივერსალურ თავშესაფარს ეძებთ, გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციაში, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს მოთხოვნებს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის გეოგრაფია და კლიმატი, მიწის ნაკვეთის ფართობი, შესანახი ქათმების რაოდენობა, შერჩეული ჯიში ან ჯიშები, და მიზანი, რისთვისაც მათი შენახვა გადაწყვიტეთ, ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რამდენად მიმზიდველადაც უნდა გამოიყურებოდნენ მორბენალი ქათმები, რომლებიც ყველგან მიწაში იქექებიან და ხეებზე იბუდებენ, პასუხისმგებლობის მქონე მეპატრონე განზრახ არასოდეს გაუშვებს მათ თავისუფლად, რადგან ამით შეიძლება მეზობლები გააღიზიანოს, ფრინველები კი მტაცებლებს ჩაუგდოს ხელში.

შემოღობილი საკვები სივრცე. შემოღობილი ეზო ქათმებისთვის უსაფრთხო ადგილია მზეზე და სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სირბილისთვის, რაც მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. შემოღობილი ადგილის ბევრი უპირატესობის მიუხედავად, მას ერთი დიდი ნაკლიც აქვს - ქათმები სწრაფად ანადგურებენ მიწის საფარს - ქექავენ, თხრიან და იქაურობას სკინტლით ავსებენ. რაც მცირეა ეზო, მით სწრაფად დაიფარება მაგარი ქერქით ან ტალახით, გააჩნია კლიმატს. მაშასადამე, ქათმების თავშესაფრის მოწყობისას უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ მისი გავლენა თქვენი მიწის ნაკვეთზე...

რადგან ქათმები ყველაზე მეტად თავშესაფრის სიახლოვეს აქტიურობენ, ნიადაგის გაშიშვლება შესასვლელთან იწყება და თანდათან ფართოვდება. კარგ, დიდ ეზოში მცენარეული საფარი საქათმის კარიდან ყველაზე მოშორებულ ადგილებში მაინც იზრდება. ხრიოკ და ბალახოვან ადგილებს შორის ხშირად სარეველების სარტყელი ფორმირდება. ეს მცენარეები იმდენად ხეშეში და უგემურია, რომ ქათმები მათ არც ჭამენ და ვერც თელავენ. მწვანე ბალახოვანი საფრის გასალამაზებლად და დასაცავად დროდადრო მისი გათიბვა დაგჭირდებათ. სიხშირე დამოკიდებულია კლიმატზე, სეზონსა და ქათმების რაოდენობაზე.

თუ დიდ ეზოში, რომელიც ქათმებისთვის გინდათ, ხეები არ ხარობს, მოაწყვეთ ერთი ან მეტი პატარა თავშესაფარი სხვადასხვა ადგილას - ქათმებს ექნებათ ჩრდილიანი და ქარსაფარი ადგილი, სადაც მტაცებელ ფრინველებსაც დაემალებიან. ძალიან გამოადგებათ თავშესაფარში სარწყულებელიც. დიდი ხეები ან მოწყობილი თავშესაფრები ფრინველებს ათამამებს - ისინი საქათმიდან შორს მიდიან და ამით მის შესასვლელთან მიწას ნაკლებად აზიანებენ.

ხეებთან ფრთხილად. ეზოში ხეების დარგვას, რაც ქათმებს ჯანმრთელობასა და ხალისს მატებს, რამდენიმე ნაკლიც აქვს: ხეებზე, აგრეთვე ღობის ბოძებზე, ჯდება ქორი; ღობესთან ახლო მდგარი ხე ფრინველებს საშუალებას აძლევს, ტოტებზე შეფრინდნენ და გარეთ გადაფრინდნენ; ხე, რომლის ტოტები ღობის გარეთ არის გადასული, მტაცებლებს ეზოში შეღწევას უადვილებს. იზრუნეთ, რომ ხის ტოტები ღობეს არ გასცდეს.

ეზოს როტაცია. ეზოს მოწესრიგების ერთ-ერთი გზაა მისი სექციებად დაყოფა და ყველა ქათმის მხოლოდ ერთ მათგანში შეშვება. როტაცია ამცირებს ნიადაგში პათოგენებისა და პარაზიტების კონცენტრაციას, რადგან თითოეულ სექციას პერიოდულად დასვენების საშუალება ეძლევა. ერთი სექციიდან მეორეში ქათმების გადაყვანის სიხშირე დამოკიდებულია მცენარეულობის განადგურების სისწრაფეზე, თავშესაფრები. გადასატანი თავშესაფრები სულ უფრო პოპულარული ხდება. შესაძლებელია მათი პერიოდულად გადაადგილება და ამით ქათმების უზრუნველყოფა ჯანსაღი ნიადაგითა და ახალი საკვებით. თავშესაფრის ადვილად გადასატანად არსებობს ოთხი ძირითადი ტიპის კონსტრუქცია...

ფიქსირებული თავშესაფრის გარშემო ეზო სწრაფად იფარება ჭუჭყითა და ტალახით; დაგროვილი სკინტლიც თანდათან დაავადებების გავრცელების კერა ხდება, ამიტომ მუდმივი ნაგებობები უფრო მიზანშეწონილია მცირერიცხოვანი გუნდისთვის, სადაც მშრალი კლიმატი და ეზოს როტაციის კარგი სისტემაა.

ვენტილაცია. რაც მეტ დროს ატარებენ ქათმები შენობაში, მით უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ვენტილაცია. სხვა ცხოველებთან შედარებით, ქათმების სუნთქვის სიხშირე უფრო მაღალია, ამიტომ ჟანგბადს სწრაფად შთანთქავენ და იმავდროულად დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს, სითბოსა და ტენს გამოყოფენ. ამის გამო ქათმებს ხშირად ემართებათ სასუნთქი გზების დაავადებები. მდგომარეობას უფრო ამძიმებს თავშესაფარში დაგუბებული ჰაერი, რადგან მასში დაავადებათა საჰაერო გზით გადამტანი პათოგენური მიკროორგანიზმების კონცენტრაცია გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე სუფთა ჰაერში.

დაწვრილებითი კომპეტენტური რჩევებისთვის წაიკითხეთ "მეფრინველეობა" - პირველი წიგნი სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი ლიტერატურის სერიიდან, გამომცემლობა "პალიტრა L-ისგან".