"ფენიქსი" უკვე "გზაშია"! - ოთხი ავტორის "მისტიკური" პროექტი - კვირის პალიტრა

"ფენიქსი" უკვე "გზაშია"! - ოთხი ავტორის "მისტიკური" პროექტი

"ფენიქსი" ძალიან საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტი იყო. ის თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარი წიგნი-თამაშია, მკითხველი თავად აირჩევს მისთვის სასურველ გაგრძელებას და სიუჟეტს ფაზლის ნაწილებივით ააწყობს"

"ფენიქსი" - ინტერაქციული წიგნი, თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარი რომანია, რომელსაც რამდენიმე ალტერნატიული გაგრძელება და რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული აქვს. ხაზებთან ერთად, ჟანრებიც იცვლება და მისთვის სასურველს ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის, ეს იქნება დრამა, თრილერი, მისტიკა, სათავგადასავლო თუ დეტექტივი. "ფენიქსს" ოთხი ავტორი ჰყავს: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ნიკოლას მაჩაბელი და ელის დოჯსონი. ისინი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებენ და მკითხველს დაუვიწყარ ემოციებს სთავაზობენ.

19 ნოემბრიდან "ფენიქსის" თითოეული წიგნი ორ კვირაში ერთხელ "გზასთან" ერთად გამოვა და ჩვენი ჟურნალის მკითხველს შესაძლებლობა ექნება, მთავარ გმირებთან ერთად მათ სამყაროში იმოგზაუროს და იმ საინტერესო ამბების მონაწილე გახდეს, რომელთაც თავად აირჩევს. "ფენიქსის" უნიკალურობა სწორედ ეს არის, მკითხველი თავად ირჩევს, რომელი გაგრძელება წაიკითხოს, თავად ადგენს მისთვის სასურველ ალტერნატიულ რეალობას...

თეა ინასარიძე: - "ფენიქსი"ოთხი ავტორის კოლაბორაციის შედეგია. ეს ძალიან საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტი იყო. "ფენიქსი" თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარი წიგნი-თამაშია, მკითხველი თავად აირჩევს მისთვის სასურველ გაგრძელებას და სიუჟეტს ფაზლის ნაწილებივით ააწყობს. ყოველ ნაწილს ქვესათაური აქვს. "ასტროიდი" ამბის დასაწყისია, რომელიც ძალიან საინტერესო, საკვანძო ადგილას წყდება. მთავარი გმირი, სალი, რთული გადაწყვეტილების წინაშე დგება. მან არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელზეც მისი ბედია დამოკიდებული. "ასტროიდის" წაკითხვის შემდეგ, მკითხველი აირჩევს იმ ხაზს, რომელიც მეტად დააინტერესებს - ანუ ამბავს ორი ალტერნატიული განვითარება აქვს. "ფენიქსს" სამი მთავარი გმირი ჰყავს: სალი, ვატო და გიგა. "ასტროიდში" ამბავს სალი მოგვითხრობს. თუ მკითხველს სურს აირჩიოს გაგრძელება, სადაც სალი ვატოს აირჩევს, მაშინ "გადატვირთვა" უნდა წაიკითხოს, ხოლო თუ დაინტერესდება, როგორ განვითარდება მოვლენები რომანში, სალი გიგასთან შესახვედრად წავა თუ არა, მაშინ მკითხველმა "ჩაფერფვლა" უნდა აირჩიოს. თითოეული ნაწილი საკვანძო ადგილას წყდება და ყოველ ნაწილს ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება. შედეგად ვიღებთ მრავალ პარალელურ რეალობას" და რვა, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფინალს.

იდეის ავტორი კრეატორი კოტე იანტბელიძეა. მას გაუჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო წიგნი, რომელსაც ექნებოდა რამდენიმე შესაძლო გაგრძელება და მკითხველი მოირგებდა ავტორის როლს, თავად მიიღებდა მონაწილეობას სიუჟეტის ფორმირებაში.

- ნაწარმოებები საკვანძო ადგილას წყდება და შემდგომ ორი შესაძლო გაგრძელება მოჰყვება. რა ინტრიგაა თითოეულში? - "ასტროიდში" მთავარ პერსონაჟებს ვეცნობით. სალი ქიმიკოსია და მაგისტრატურაზე სწავლობს. მუშაობს თემაზე "ყავის ქიმია". სწავლის პარალელურად მუშაობს "ჩიტყ ცოფფეე"-ში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. აქ საუკეთესო ყავა და კრუასანები იყიდება. კაფეს პირველი სტუმარი ყოველთვის ერთი ადამიანია, რომელიც მუდამ 08:45 საათზე მოდის და "ამერიკანოს" უკვეთს. სალის ძალიან მოსწონს ეს ახალგაზრდა მამაკაცი და მის ვინაობას მისი პლასტიკური ბარათიდან იგებს. სალი ვატო გიორგაძეს "ინსტაგრამში" იპოვის და აღმოაჩენს, რომ ის ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. თუ კაფეში მუდამ მკაცრი დრესკოდით შემოდის, სოციალურ ქსელში თავგადასავლების მოყვარული ბიჭია. ერთადერთი ნივთი, რომელიც რეალურ ვატოს ვირტუალურთან აკავშირებს, სპორტული მაჯის საათი, გარმინის"ფენიქსია", რომელიც უცნაურ კონტრასტს ქმნის მის ჩაცმულობასთან. კაფეს ყოველდღიური სტუმარია გიგაც, რომელიც ბანკში მუშაობს. მას ძალიან მოსწონს სალი და ერთხელაც კინოთეატრში დაპატიჟებს. ღამის სეანსზე მიმავალი სალი მეტროს ბაქანზე შემთხვევით გადაეყრება ვატოს, რომელიც მას საეჭვო შეთავაზებას გაუკეთებს. სალიმ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. "გადატვირთვაში" გავიცნობთ ვატოს, ხოლო "ჩაფერფვლაში" - გიგას. მართალია, ვატოს პერსონაჟში მეტი იდუმალებაა, მაგრამ გიგას ხაზი სავსეა მოულოდნელობებით.

წერის პროცესი რთული და საინტერესო იყო. ერთმანეთთან 24-საათიანი კომუნიკაცია გვქონდა. ხშირად ვიკრიბებოდით და ვათანხმებდით დეტალებს, რადგან ზოგ წიგნში სცენა სხვა პერსონაჟის რაკურსით მეორდება და ცდომილების საშიშროება იყო. ოთხივე ავტორს განსხვავებული სტილი გვაქვს, მაგრამ ამ პროექტში კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.

ლეგენდის თანახმად, ფენიქსი ჯადოსნური ფრინველია, რომელიც ყოველ 100 წელიწადში სიკვდილის წინ თავს იწვავს და ფერფლისგან კვლავ აღდგება. ის მუდმივი განახლების სიმბოლოა. ეს სახელწოდება ძალიან მოუხდა ინტერაქციულ წიგნს. თუ რომელიმე ხაზში შენი საყვარელი პერსონაჟი კვდება, სხვა ნაწილში გადარჩება და მისი ცხოვრება სხვაგვარად გაგრძელდება. ვინც ყველა ხაზს წაიკითხავს, არაერთი სიურპრიზი ელის.

- მალე "ფენიქსი" ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოვა, თუმცა, როგორც ვიცი, ჩვენი მკითხველისთვის კიდევ გაქვთ სიურპრიზი. - "ფენიქსი" ძალიან საინტერესო სიახლეა ლიტერატურის მოყვარულთათვის. წიგნებს საინტერესო თამაში მოჰყვება. მკითხველს შეეძლება შეაგროვოს 15 არტეფაქტი, გაშიფროს საიდუმლო ტექსტები, ამოხსნას თავსატეხები.

ბექა ბაღაშვილი (ნიკოლას მაჩაბელი): - პროექტს გვიან შევუერთდი. თავიდან სამი ავტორი წერდა, თუმცა ტორესა მოსიმ გაგრძელება ვეღარ შეძლო და რეკომენდაცია მე გამიწია. ჩემთვის ეს გამოწვევა იყო. ჩემი პირველი წიგნი "ჩაინა კონტრასტებიდან" შარშან, ნოემბერში გამოვიდა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის ფარგლებში. დიდი რომანების წერის გამოცდილება არ მქონია და ვიფიქრე, მეცადა. "ფენიქსის" სხვადასხვა ნაწილი რომ წავიკითხე, იდეები მაშინვე დამებადა და გავუზიარე თეა ინასარიძეს, რომელსაც ჩემი ვერსიები ძალიან მოეწონა. საერთოდ, რეალიზმში წერა მიყვარს, მაგრამ მოვლენებს ისე ვავითარებ, რომ მკითხველი გაუგებრობაში ვარდება - ის, რაც თითქოს რეალურად ეჩვენებოდა, არარეალური აღმოჩნდება, რაც მის გაოცებას იწვევს.

საერთოდ, "ფენიქსის" თითოეული ნაწილი დამოუკიდებელ წიგნადაც შეგვიძლია წავიკითხოთ, იმდენად საინტერესოდ და კარგად ვითარდება თითოეული ვარიანტი.

თამთა დადეშელი