ვარჯიში და ფსიქოლოგიური განწყობა, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია - კვირის პალიტრა

ვარჯიში და ფსიქოლოგიური განწყობა, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

გეშტალტთერაპევტი და ფსიქოლოგი თეა ცომაია, რომელმაც ახლახან კორონავირუსი დაამარცხა, საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფსიქოლოგის განმარტებით, მას Covid-19-თან წარმატებულ ბრძოლაში სიმშვიდის შენარჩუნება და ფიზიკური აქტივობა დაეხმარა.

მისივე რჩევით, ყველამ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ვარჯიში უნდა დაიწყოს და ჯასნაღი ცხოვრების წესით დაკავდეს.

"როდესაც კორონავირუსით დავინფიცირდი, მე მის მისაღებად უკვე მზად ვიყავი. გარკვეული პერიოდით ადრე მოვიძიე მეტი ინფორმაცია, გავიგე, რომ ეს არ იყო განაჩენი და საბოლოოდ, ვირუსსაც მშვიდად შევხვდი. შევიქმენი მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა და მზაობა იმისა, რომ ყველაფერს გადავლახავდი, ამ დროის განმავლობაში, მაქსიმალური შემართებით ვიყავი და მთელი ეს პროცესიც მე თავად გავხადე საინტერესო.მნიშვნელოვანია, გჯეროდეს, რომ შენ ამას შეძლებ.

წამით არ ავყოლილვარ პანიკას და ყველაფერი საკუთარ თავზე იუმორითა და ფიზიკური აქტივობით გადავიტანე. ფიზიკური აქტივობა კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იცით, ეს ყველაფერი დეპრესიას ჰგავს - თუ დანებდები და ლოგინად ჩავარდები, არაფერი გამოვა, მაგრამ თუ შეებრძოლები, აუცილებლად დაამარცხებ. დილით ვდგებოდი, ფანჯრებს ვაღებდი, სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი და ვვარჯიშობდი.

რაც უფრო მეტად ჩავერთვებით ფიზიკურ აქტივობაში, მით უფრო დავეხმარებით ჩვენს თავს ვირუსის კვალის წაშლაში. ექიმების რეკომენდაციაც ეს არის - არ უნდა ვიწვეთ და ფიზიკურად დავიტვირთოთ. ფიზიკური აქტივობა გავიწყებს პრობლემას და შედიხარ როლში, რომელიც მოგწონს. ამას უკვე ჯანსაღი ცხოვრება ჰქვია. ამ დროს ფორმაში დგები და როდესაც უყურებ საკუთარ თავს, რომელმაც ამდენი შეძლო, უფრო მეტი მოტივაცია გიჩნდება.“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი თეა ცოამაია.

მისივე თქმით, ვირუსის დამარცხებასთან ერთად, მან მავნე ჩვევების დაძლევაც შეძლო და უარი თქვა თამბაქოსა და ყავაზე. როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ ეს ვითარება გახდა საბაბი, გაეკეთებინა ის, რაც ყოველთვის სურდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.

ფსიქოლოგმა ფიტნესქსელ "ასპრიას“ ინიციატივაც შეაფასა, რომელიც კორონავირუსგადატანილ ადამიანებს, "ასპრიას“ ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ღია სივრცეში 1-თვიანი სავარჯიშო პროგრამით უფასოდ სარგებლობას სთავაზობს, რომელიც სპეციალური სუნთქვითი და მსუბუქი ვარჯიშებითაა შედგენილი. თეა ცომაიას შეფასებით, კარგ ამინდში ღია სივრცეში მოხვედრა ისედაც სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა საქმე ვარჯიშს ეხება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს დილით ხდება. ამ დროს ადამიანი უფრო მეტ ენერგეტიკულ მუხტს იღებს.

"კარგი იქნება, თუ ადამიანებს შეექმნებათ მშვიდი გარემო ღია სივრცეში სავარჯიშოდ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავს აქტივობებში ჩართვა კოვიდგადატანილი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად დავიტვირთებით, არამედ ეს ხელს შეგვიწყობს პოსტტრავმული სტრესის გადალახვაშიც, რადგან ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური კუთხით, ყოველთვის დადებით როლს თამაშობს.“ - მიიჩნევს ფსიქოლოგი.