მკითხველი სულ მალე პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს
19-11-2020
მკითხველი სულ მალე პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს
ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეოთხე წელია ტარდება. მისი მიზანი ახალი ავტორების აღმოჩენა და თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა. პროექტის არსებობის განმავლობაში, ქართველმა მკითხველმა არაერთი ნიჭიერი მწერალი გაიცნო და შეიყვარა. მათი წიგნები დიდი ტირაჟით იყიდება, ბევრი მათგანისთვის კი სწორედ კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვება აღმოჩნდა სამწერლო ასპარეზზე დიდი წარმატებების დასაწყისი.

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ 3 საუკეთესო რომანი, ტრადიციულად, ჟიურიმ და მკითხველმა გამოავლინა. ამის შემდეგ გამარჯვებული ავტორები თავიანთ მენტორებთან ერთად
რომანების სრულყოფაზე მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდებზე სპეციალურად ამ რომანებისათვის გადაღებული ფოტოებია გამოყენებული, რომელთა ავტორებიც გოგა ჩანადირი, ლუიზა ჩალათაშვილი და სალომე ლომთაძე არიან.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L-ში“ განმარტავენ, 3 ახალი, უსაზღვროდ საინტერესო და ამაღელვებელი რომანი, დღის სინათლეს სულ მალე იხილავს და წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება.
მანამდე კი გამარჯვებული ავტორები თავიანთი წიგნების შესახებ მოგვითხრობენ.
დავით ჩომახიძის "დეტექტივობანა“ – ხალხი სრჩეული (მენტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ყდის ფოტოს ავტორი: სალომე ლომთაძე)
კრიმინალური თრილერის მოყვარულებისთვის ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. როგორც მისი ავტორი აღნიშნავს, ეს რომანი გარკვეულწილად 90-იანი წლების გზამკვლევის როლს შეასრულებს:

"დეტექტივობანა“მოგვითხრობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის მარადიულ დაპირისპირებაზე, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას, სიყვარულს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს. ჩემი აზრით, წიგნი ორი ტიპის მკითხველს დააინტერესებს. პირველი – ვინც 90-იანი წლები გამოიარა, რადგან ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და მეორე – თანამედროვე თაობას, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ან ნაცნობებიდან სმენია, "დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს,“ - ამბობს დავით ჩომახიძე.

ნიკოლოზ ცისკარიშვილის "ცეცხლისწამკიდებელი“ –ჟიურის რჩეული (მენტორი: როსტომ ჩხეიძე, ყდის ფოტოს ავტორი: ლუიზა ჩალათაშვილი)
ეს არის რომანი იმაზე, თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავისსავე შინაგან სამყაროს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელმაც თავად მასზე ძალიან იმოქმედა:

"მთავარი გმირი გაურბის საკუთარი შიშის ობიექტს და ამ დევნაში სხვა, უფრო საზარელ არსებებს წააწყდება. რომანი გაჯერებულია სათავგადასავლო ელემენტებით და შინაგანი მონოლოგებით, მუდამ ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი და შინაგანი სამყაროები. "ცეცხლისწამკიდებელი“ სავსეა ბრძოლით, ძიებით, დევნით, ფიქრით, ტანჯვით, მარტოობით, შიმშილით. ყველაფერი ეს არის კიდეც სიმბოლო და არც არის. სინამდვილეში, ეს ერთი მეტად გრძელი და რთული თავგადასავალია, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით, უცნაური მეტამორფოზით სრულდება,“ - ამბობს ნიკოლოზ ცისკარიშვილი.

ქარდა ქარდუხის "ჰერმესის დახლიდარები“ –ჟიურისა და ხალხის ერთობლივი არჩევანი (მენტორი: გიორგი კეკელიძე, ყდის ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი)
ეს რომანი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სამიჯნურო-სათავაგადასავლო ჟანრი იტაცებს. "ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულნშაროში ჩადის. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა:

"პერსონაჟის თავგადასავალში არის "ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდის ალუზია – გულანშაროს, როგორც ვაჭართა ქალაქის, მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის. რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია. მკითხველი, ისევე როგორც ავტორი, მისგან უნდა ელოდოს სიყვარულსა და ადამიანის სულის რაობაზე უწყვეტ ფიქრს, სადღაც გაუჩინარებული სამყაროს ძიებისას,“ - აღნიშნავს ქარდა ქარდუხი.

როგორც ხედავთ, თქვენ წინაშეა 3 ერთმანეთისგან განსხვავებული რომანი, რომლებიც წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე გამოჩნდება. მათი ავტორები კი იმედოვნებენ, რომ ისინი საინტერესო მოგზაურობაში გაუძღვებიან მკითხველს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები