"ომის შედეგები"
23-11-2020
"ომის შედეგები"
წიგნი მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომლებიც არასდროს შუშდება

ჩვენ ბევრი რამ წაგვიკითხავს ომებზე, ვიცით, რა კვალი დაატყო ნგრევამ, სიკვდილმა, წამებამ და შიმშილმა ადამიანების ფსიქიკას. ომში გამარჯვებული დამარცხებულიცაა, რადგან მან გამარჯვებას მსხვერპლად უამრავი სიცოცხლე შესწირა, ხოლო ვინც გადარჩა, ისიც ტანჯვისთვის არის განწირული - მათ საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე არაერთი დოკუმენტური ფილმი გვინახავს, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილები იმ სასაკლაოს იხსენებდნენ, რაც ჰიტლერმა მოაწყო, გვინახავს განადგურებული, დამშეული ფაშისტური გერმანიის
თუ საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ბელადთა ამბიციებმა გასრისა. ვიცით ნამდვილი ჯოჯოხეთის - აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის, გაზის კამერებისა და საერთო სასაფლაოების შესახებ. ეს ყველაფერი დღეს ისტორიაა, რომელიც უკან მოვიტოვეთ და თითქოს აღარ გვეხება.

წარსული საშუალებაა იმისა, ისწავლო, მომავალში როგორ მოიქცე, რა აღარ უნდა დაუშვა, ამიტომ ყოველთვის უნდა
გვახსოვდეს ომის შედეგები.
მეორე მსოფლიო ომმა მხატვრულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფში დიდი ინტერესი დაიმსახურა. ეს შავბნელი პერიოდი დღემდე არაერთი მწერლისა და რეჟისორის შთაგონებაა.

მკითხველს ომის პერიოდი დღესაც ძალიან აინტერესებს. გამომცემლობა "პალიტრა L"-ში გვიამბობენ, რომ ლიტერატურა­, რომელსაც ომის თემატიკაზე გამოსცემენ,­ მუდმივად ბესტსელერთა სიაში ხვდება. ცოტა ხნის წინ "პალიტრა L"-მა ახალი სერია "ომებსა და ადამიანებზე" დაიწყო, რომელიც აერთიანებს ომის თემაზე დაწერილ მნიშვნელოვან, ღირებულ და საინტერესო მხატვრულ ლიტერატურას. სერიის პირველი ორი წიგნი "წიგნის ქურდი" და "შინდლერის სია" იყო, მესამე კი მოგვითხრობს ომის შედეგებზე, რომელიც არანაკლებ სასტიკი და მტკივნეულია.

"ომის შედეგები" - სწორედ ასე ეწოდება რიდიან ბრუკის ბესტსელერს, რომელიც 1946 წლის ჰამბურგელებზე გვიამბობს. დანგრეული, მიწასთან გასწორებული გერმანია შიმშილობს. არანაკლებ მძიმე მდგო­მარეობაა ქალაქში შესულ მოკავშირეთა რიგებშიც. რიდიან ბრუკი გვიამბობს, როგორ "ამყარებენ წესრიგს" ბრიტანელები. ჰამბურგის დროებით გუბერნატორად დანიშნეს ბრიტანელი სამხედრო, რომელსაც ომის დროს 11 წლის შვილი დაეღუპა. ბრიტანელი სამხედრო გერმანიაში ცოლთან ერთად ჩადის და ქალაქის აღდგენაზე იწყებს­ მუშაობას. მათი მასპინძლები გერმანელი მამა-შვილი არიან, ომმა მათი ბედნიერი ოჯახიც გაანადგურა. ზიზღითა და შურისძიების წყურვილით დაწყებულ ურთიერთობას მალე თანაგრძნობა ცვლის, ორივე მხარე დანაკარგს გლოვობს, მაგრამ ცხოვრების თავიდან დაწყებასაც ცდილობს.

როგორც წიგნის მთარგმნელი ლევან­ ინასარიძე აღნიშნავს, ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები: "ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: "არა ომს!", ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა".

რიდიან ბრუკის ბესტსელერის მიხედვით რეჟისორმა ჯეიმზ კენტმა გადაიღო ფილმი "მტრის სახლში", რომელშიც მთავარ როლებს კინოვარსკვლავები ალექსანდრ სკარსგარდი და კირა ნაითლი ასრულებენ. ფილმი 2019 წელს გამოვიდა. ის ომის შემდგომ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენას შეგვიქმნის. ომი ვერც ერთ მხარეს ვერ აძლევს იმას, რაც სურდათ, ბელადთა მსახურებას კი ყოველთვის ფატალური შედეგი აქვს. საინტერესოა, ქართველ მკითხველზე რა შთაბეჭდილებას დატოვებს რიდიან ბრუკის "ომის შედეგები", რომელმაც ბევრი ადამიანი დააფიქრა.

წიგნი სულ მალე, 26 ნოემბრიდან გამოვა ჟურნალ "გზასთან" ერთად და გაიყიდება სპეციალურ ფასად - 8.00 ლარად (ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები