მკითხველი სულ მალე პროექტის "გახდი ბესტლესელის ავტორი 2020"-ის გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს - კვირის პალიტრა

მკითხველი სულ მალე პროექტის "გახდი ბესტლესელის ავტორი 2020"-ის გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს

ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" უკვე მეოთხე წელია იმართება - მისი მიზანი ახალი ავტორების აღმოჩენა და თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაციაა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მკითხველმა არაერთი ნიჭიერი მწერალი გაიცნო და შეიყვარა. მათი წიგნები დიდი ტირაჟით იყიდება, ბევრი მათგანისთვის კი სწორედ კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვება აღმოჩნდა სამწერლო ასპარეზზე დიდი წარმატების დასაწყისი.

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" კონკურსის სამი საუკეთესო რომანი ჟიურიმ და მკითხველმა გამოავლინეს. შემდგომ გამარჯვებულმა ავტორებმა თავიანთ მენტორებთან ერთად რომანების სრულყოფაზე იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდებზე სპეციალურად ამ რომანებისთვის გადაღებული ფოტოებია გამოყენებული, რომელთა ავტორებიც გოგა ჩანადირი, ლუიზა ჩალათაშვილი და სალომე ლომთაძე არიან.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ში განმარტავენ, სამი ახალი უსაზღვროდ საინტერესო და ამაღელვებელი რომანი დღის სინათლეს სულ მალე იხილავს და წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება, მანამდე კი გამარჯვებული ავტორები თავიანთი წიგნების შესახებ მოგვითხრობენ.

დავით ჩომახიძის "დეტექტივობანა" - ხალხის რჩეული (მენტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ყდის ფოტოს ავტორი სალომე ლომთაძე) - კრიმინალური თრილერის მოყვარულებისთვის ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ავტორის თქმით, ეს რომანი გარკვეულწილად 90-იან წლებში გზამკვლევის როლს შეასრულებს:

- "დეტექტივობანა" მოგვითხრობს ბოროტებისა და სიკეთის მარადიულ დაპირისპირებაზე. ნაწარმოებში დიდი ადგილი ეთმობა მეგობრობას, სიყვარულსა და სამართლიანობისთვის ბრძოლას. ჩემი აზრით, წიგნი ორი ტიპის მკითხველს დააინტერესებს: პირველი, ვინც 90-იანი წლები გამოიარა, ნაცნობ გარემოში დაბრუნდება, და მეორე - თანამედროვე თაობას, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებში წაუკითხავს ან ნაცნობებისგან სმენია. "დეტექტივობანა"" მათთვის 90-იანებში გზამკვლევის როლს იკისრებს", - ამბობს დავით ჩომახიძე.

ნიკოლოზ ცისკარიშვილის "ცეცხლისწამკიდებელი" - ჟიურის რჩეული (მენტორი როსტომ ჩხეიძე, ყდის ფოტოს ავტორი ლუიზა ჩალათაშვილი) - ეს არის რომანი იმაზე, თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავისივე სულიერ სამყაროს. ავტორის თქმით, ეს არის წიგნი, რომელმაც მასზე ძალიან იმოქმედა:

"მთავარი გმირი გაურბის საკუთარი შიშის ობიექტს და ამ დევნაში სხვა, უფრო საზარელ არსებებს წააწყდება. რომანი გაჯერებულია სათავგადასავლო ელემენტებით და შინაგანი მონოლოგებით, ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი და შინაგანი სამყაროები. ""ცეცხლისწამკიდებელი""სავსეა ბრძოლით, ძიებით, დევნით, ფიქრით, ტანჯვით, მარტოობით, შიმშილით... ყოველივე ეს სიმბოლოა და არც არის. სინამდვილეში, ეს ერთი მეტად გრძელი და რთული თავგადასავალია, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით, უცნაური მეტამორფოზით მთავრდება", - ამბობს ნიკოლოზ ცისკარიშვილი.

ქარდა ქარდუხის "ჰერმესის დახლიდარები" - ჟიურისა და ხალხის არჩევანი (მენტორი გიორგი კეკელიძე, ყდის ფოტოს ავტორი გოგა ჩანადირი) - ეს რომანი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სამიჯნურო-სათავაგადასავლო ჟანრი უყვარს. "ჰერმესის დახლიდარები" პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც სატრფოს მოსაძებნად ხმელთაშუა ზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროზე ჩადის. ავტორი ამბობს, რომ ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერ ეგოა:

"პერსონაჟის თავგადასავალში არის "ვეფხისტყაოსნის" ეპიზოდის ალუზია - გულანშაროს, ვაჭართა ქალაქის მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის. რომანი სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზეა, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია. მკითხველი, ისევე როგორც ავტორი, მისგან უნდა ელოდოს სიყვარულსა და ადამიანის სულის რაობაზე უწყვეტ ფიქრს სადღაც გაუჩინარებული სამყაროს ძიებისას", - ამბობს ქარდა ქარდუხი.

P.S. როგორც ხედავთ, თქვენ წინაშეა სამი ერთმანეთისგან განსხვავებული რომანი, რომლებიც წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე გამოჩნდება. მათი ავტორები კი იმედოვნებენ, რომ საინტერესო მოგზაურობაში გაუძღვებიან მკითხველს.