მოხატული სადარბაზოები ბათუმში
29-11-2020
მოხატული სადარბაზოები ბათუმში
ბათუმში სულ რამდენიმე მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სადარბაზოების დიდი ნაწილი ოდესღაც გადაღებეს და მათი პირვანდელი იერსახეც დაიკარგა. საუკუნის დასაწყისის ძველ ბათუმში სახლის არქიტექტურა და სადარბაზოს უხვი დეკორი, მოხატულობა, მეპატრონის განსაკუთრებულ სტატუსს უსვამდა ხაზს, რისთვისაც ისინი ფულს და ძალისხმევას არ იშურებდნენ მაშინდელი საუკეთესო არქიტექტორებისა თუ მხატვრებისთვის.


• ირ. აბაშიძის ქ. №3

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოა ირ. აბაშიძის ქუჩაზე, სადარბაზოს კედლებზე კლასიცისტურ სტილში შესრულებული ფერწერაა შემორჩენილი. ჯერ ისევ
ჩანს ნახატი პორტით და ნავებით, ვხედავთ ტაძრის გამოსახულებასაც, თუმცა საღებავი ჩამოკაწრული და დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შენახული ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები. მნახველის ყურადღებას იქცევს ფერების სიუხვე, ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი თემები და ჭერის ფაქიზად გამოყვანილი ორნამენტები.


• ვაჟა-ფშაველას №28

ეს სახლი პოდპოლკოვნიკ პომორსკის ეკუთვნოდა, რომლის პროექტითაც აშენდა 1904
წელს ბათუმის მეორე (ყოფილი პირველი) საჯარო სკოლა - მაშინდელი ქალთა გიმნაზია.
პომორსკის სახლი XIX-XX საუკუნის მიჯნაზეა ნაგები, რენესანსულ და ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი სახლის მთავარი ფასადი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გამოდის. სადარბაზოს მოხატულობა, ფასადის დეკორის სიუხვე და ქუჩის საერთო, არქიტექტურულ ქსოვილთან სრული ჰარმონია სახლს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ძეგლად აქცევს.


• სახლი ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე

ამ სახლის სადარბაზოს ჭერი და კედლები მქრქალი ცისფერი, მომწვანო და მოვარდისფრო საღებავებითაა მოხატული. მრგვალფორმიანი ანგელოზები წელიწადის სხვადასხვა დროს გამოხატავს.

სახლი 1904 წელსაა აშენებული, კედელზე მხატვრის ხელწერაცაა, მაგრამ გარჩევა შეუძლებელია.
სახლი 1904 წელს აუშენებიათ და თავდაპირველად იგი სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კი ვაჭარი გაუკულაკებიათ და სახლი თბილისელი ექიმის, ზურაბ წერეთლისთვის გადაუციათ.


მაშინდელი პრესა იუწყება, რომ წერეთელი: „ძირითადად შინ იღებდა ავადმყოფებს, თუ ხელმოკლე ბათუმელი იყო, მაშინ წამლებს უფასოდ აძლევდა“.
1950 წელს ზურაბ წერეთელი გარდაცვლილა და სახლში გერმანიიდან ახალჩამოსული, მოგვიანებით კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი რევაზ ინაიშვილი დასახლებულა ოჯახით.


• ფარნავაზ მეფის ქ. №51

ბაროკოს სტილის, 140 წლის სახლის ფასადიც იპყრობს ყურადღებას და სადარბაზოს ინტერიერიც, რომლის ჭერზეც ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები და ვარდის რტოებია გამოსახული. სახლში უნიკალური ბუხარი, 140 წლის წინანდელი კაფელი, სახელურები, მოხატული ჭერი, ძველი კიბე და მოაჯირებია შემორჩენილი.
აქ გადაიღეს სცენები ცნობილი ქართული ფილმისთვის „მონანიება“.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები