საქართველო: კიბოს სტიგმასთან ბრძოლა - კვირის პალიტრა

საქართველო: კიბოს სტიგმასთან ბრძოლა

რეგიონალური ცენტრი მიზნად ისახავს კიბოს გამოვლენის ისტორიულად დაბალი მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

როდესაც 46 წლის დარეჯან ბერიშვილი მშობლიურ ზუგდიდში კიბოს სკრინინგის ახლად გახსნილ ცენტრში რუტინული ვიზიტით იმყოფებოდა, მოლოდინი ჰქონდა, რომ დადასტურდებოდა, რომ ჯანმრთელია. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას მკერდში მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

"ის, რომ სიმსივნე ჯერ კიდევ შედარებით ადრეულ ეტაპზე გამოავლინეს, ვფიქრობ, ამის წყალობით ვარ ახლა ცოცხალი", - განაცხადა ბერიშვილმა. დიაგნოზის დასმის შემდეგ, მას წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია ქუთაისში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამედიცინო მუშაკები ამბობენ, რომ ადგილობრივი ძალისხმევა რუტინული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით შედეგის მომცემია. ზოგადად, კიბოს სკრინინგის მაჩვენებელი საქართველოში კვლავ დაბალია. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, ქართველი ქალების მხოლოდ 18 პროცენტს აქვს ჩატარებული მკერდის კიბოს სკრინინგი. შედარებისთვის, საბერძნეთში ეს მაჩვენებელი 40 პროცენტს, ხოლო ფინეთში 80 პროცენტს შეადგენს.

"განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი სხვაობა ადრეულ ეტაპზე წარმატებული გამოვლენით აიხსნება", - განაცხადა იოსებ აბესაძემ, თბილისის კიბოს პრევენციის ცენტრის დირექტორმა. "და ამაში მთავარ, მნიშვნელოვან როლს სკრინინგი ასრულებს".

"მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ სკრინინგი პოპულარული პრაქტიკა გამხდარიყო და ის ჯანდაცვის რუტინულ პროცედურად ექციათ, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ჩვენ კვლავ გვიწევს მოსახლეობის დიდი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ სკრინინგი სასარგებლო პრაქტიკაა".

მისი თქმით, საქართველოში კიბოს სკრინინგის მომსახურებით მხოლოდ მოსახლეობის 12-15 პროცენტი სარგებლობს, ხოლო სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 40-60 პროცენტს სჭირდება სკრინინგი, რათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ეფექტურად შემცირდეს. სიმსივნის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, შიში და სტიგმა ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს არ სურს მონაწილეობა მიიღოს სკრინინგის პროგრამებშიც კი. პრაქტიკოსები ამბობენ, რომ ამ დამოკიდებულების შესაცვლელად საჭიროა უფრო ღია დისკუსია ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებსა და პაციენტებს შორის.

"ამ დაბრკოლების წარმატებით გადასალახად საჭიროა პრობლემის აღქმის სისტემური შეცვლა", - განაცხადა აბესაძემ. "სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია უნდა გააქტიურდეს ისე, რომ საბოლოოდ დაინერგოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის სწორი კულტურა ძირეულ დონეზე და არ იქნას განხილული, როგორც ისეთი რამ, რაც მხოლოდ მათთვისა ხელმისაწვდომი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. უნდა იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე მანამ, სანამ ჯანმრთელი ხართ, რადგან შეიძლება დაგვიანებული იყოს, თუ ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებთ, როდესაც ჯანმრთელობა გაუარესდება".

გამოვლენის მაჩვენებლები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც საქართველოში 2008 წელს კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამა დაიწყო. პროგრამის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა უკვე IV სტადიის შემთხვევები იყო და ძირითადად მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. 2016 წლისთვის I და II სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგრამ ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებსაც სამედიცინო მომსახურებაზე ნაკლები წვდომა აქვთ. ზუგდიდის სკრინინგის ცენტრი, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში "ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობისა" და "საქართველოში ჩეხეთის კარიტასის" (CCRG) ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, მიზნად ისახავს ადრეული გამოკვლევების გაუმჯობესებას კიბოს გავრცელებული სახეობებისთვის სამეგრელოში-ზემო სვანეთში მცხოვრები თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანისთვის.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონში კიბოს შედარებით მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ზოგიერთი ექსპერტი ამას 34 წლის წინ ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს უკავშირებს. ითვლებოდა, რომ დასავლეთ საქართველოს ამ ნაწილზე ძლიერ იმოქმედა რადიოაქტიურმა ღრუბელმა. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დიდი ნაწილი ცხოვრობს ამ რეგიონში.

"სამეგრელოს რეგიონი და განსაკუთრებით ქალაქი ზუგდიდი საქართველოში დევნილთა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია", - განაცხადა რემა ღვამიჩავამ, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის დირექტორმა. "ამიტომ, დაახლოებით 35-40 პროცენტი, ვინც ზუგდიდის სკრინინგ ცენტრზეა დამოკიდებული, დევნილია. მათ შორის, დაახლოებით 10 პროცენტი აფხაზეთიდანაა".

თამუნა კურტანიძე, CCRG-ის პროექტის მენეჯერი ეთანხმება იმას, რომ ცენტრმა სიტუაცია შეცვალა დევნილებისთვის, ლტოლვილებისა და აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის.

"სკრინინგის ცენტრის შექმნის ჩვენი ისტორია თითქმის ათი წლის წინ დაიწყო კიბოს პრევენციის მნიშვნელობასა და კიბოს სტიგმასთან ბრძოლაზე საგანმანათლებლო კამპანიით. ჩვენ ამ მიდგომას ვაგრძელებთ და შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ რეგულარულად გაიარონ შემოწმება მაშინაც კი, თუ მათ რაიმე სიმპტომი არ აქვთ. ეს საგანმანათლებლო კამპანია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სოფლებში, სადაც ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამის შესაცვლელად, ჩვენ კარდაკარ დავდივართ და ინფორმაციას ვაწვდით ხალხს, რომ კიბოს შემთხვევების 30-50 პროცენტის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვექნება და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას გავივლით", - განაცხადა კურტანიძემ .

ამ დროისთვის ცენტრმა მომსახურება გაუწია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 1600-ზე მეტ ადამიანს. მათი რიცხვი იზრდება, თუმცა ქალებისა და მამაკაცების რაოდენობას შორის მაინც დიდი განსხვავებაა, როდესაც საქმე სკრინინგს ეხება. ცენტრის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მამაკაცები ცენტრში სიარულს მას შემდეგ იწყებენ, როდესაც მათ სოფელში ვინმეს დაუდასტურდება დიაგნოზი.