"როცა ცუდ ხასიათზე იქნები, ეს გადაშალე!" - ქართველი სპორტსმენისა და ჟურნალისტის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"როცა ცუდ ხასიათზე იქნები, ეს გადაშალე!" - ქართველი სპორტსმენისა და ჟურნალისტის სიყვარულის ამბავი

ზუსტად ვერავინ გეტყვით, როდის და ვინ შეგიყვარდებათ, როგორი სიყვარული გეწვევათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება! სწორედ სიყვარულია ის გრძნობა, რომელიც წარმოუდგენელ ძალას გმატებს და გაიძულებს, ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდი. სწორედ სყვარულმა გადააწყვეტინა თავის საქმიანობაში წარმატებულ სპორტსმენს, რადიკალურად შეეცვალა ცხოვრება. იანვრის ცივ დღეებში ჩაელაგებინა ბარგი მანქანაში, ყველაფერი მოსკოვში დაეტოვებინა და საქართველოს გზას დადგომოდა.

აქ ხათუნას და გიგას სიყვარულის ისტორიას წაიკითხავთ. ხათუნა კორთხონჯია პროფესიით ჟურნალისტია. მისი მეუღლე კი სპორტსმენი - გიგა კუხალაშვილი.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ხათუნა:

- გიგა გავიცანი როგორც რესპონდენტი. ჟურნალში ერთერთი რუბრიკა მქონდა სპორტსმენებზე, სადაც მათთან ინტერვიუებს ვწერდი. დამავალეს, რომ გიგა ჩამეწერა, რომელიც პროფესიონალი მებრძოლია. მსოფლიო ჩემპიონი "შერეულ ორთაბრძოლებში". გიგა მაშინ რუსეთში ცხოვრობდა, ამიტომ სოციალურ ქსელში მივწერე და შევთანხმდით ინტერვიუს ჩაწერაზე. თუმცა, მერე დავფიქრდი იმაზე, რომ სოციალური ქსელით ჩაწერილი ინტერვიუ იშვიათად გამოდის კარგი, მით უმეტეს სპორტსმენთან, ალბათ მათთან მომუშავე ჟურნალისტები დამეთანხმებიან, რომ მათ უმრავლესობას ცოტა ლაპარაკი უყვარს და ამას დამატებული დისტანციური ინტერვიუ, ვიფიქრე, რომ არ გამოვიდოდა კარგი და გადავწყვიტე სხვა დროს ჩამეწერა. ეს "სხვა დრო" დაახლოებით სამი თვე გაიწელა, თუ მეტი არა. ბოლოს მივხვდი, რომ უხერხულია ამდენ ხანს შეთანხმებული ინტერვიუს გაწელვა და ისევ "ფეისბუქით" ჩავწერე. პირველივე პასუხებიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ყველაზე მეტად მომეწონა მისი იშვიათი მიზანდასახულობა და ის, თუ რა გულწრფელად, ხალისით და იუმორითაც კი იხსენებდა იმ განვლილ რთულ გზას წარმატებებამდე, რა სირთულეებსაც ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაუმკლავდება, ამისთვის ეს ერთი მაგალითიც კმარა, რომ თბილისიდან მოსკოვში მარტოდმარტო ჩასული პატარა ბიჭი, მოსკოვში, ზამთარში გარაჟშიც კი ცხოვრობდა იმისთვის, რომ ევარჯიშა, დასახული მიზნისთვის მიეღწია და დიდ სპორტში მოხვედრილიყო. როგორც აღვნიშნე, პირველადვე ძალიან კარგი შთაბეჭიდელება დატოვა, მაგრამ იმ დროს არ მიფიქრია, სხვა მხრივ მოწონებაზე, ეს სუფთა პიროვნული სიმპათია იყო.

- მისგან თუ იგრძენი სიმპათია და ამ ინტერვიუს შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- თავიდან არაფერი მიგრძვნია, არც მე მიფიქრია არაფერი გარდა იმისა, რომ კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა და კარგი ინტერვიუ გამოვიდა. პერიოდულად მომიკითხავდა მეგობრულად და ეგ იყო. მალევე შევატყვე, რომ მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება არ ჰქონდა, მაგრამ როცა საუბარი მოიტანდა, საპირისპიროსაც ამბობდა - რომ შეყვარებული და პირადი ურთიერთობა ჯერ არვისთან უნდოდა, რადგან ორიენტირებული იყო კარიერაზე. აქედან გამომდინარე მეც ვთვლიდი, რომ უბრალოდ ვმეგობრობდით. მახსოვს, გაცნობიდან რამდენიმე თვეში ბრძოლა ჰქონდა ჩეჩნეთში და ნათქვამიც ჰქონდა, რომ ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ემზადება, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად - მინიმუმ ერთი თვე არავის ეკონტაქტება. ამ ბრძოლის წინ დაახლოებით თვენახევარი ჩემთანაც არ გამოსულა კონტაქტზე. მეც ფეისბუქზე ამ ბრძოლის ლაივს ვუყურებდი, ვხედავ, მოიგო, დიდი ამბებია, მან არც იცოდა მე თუ ვუყურებდი და მოგებიდან 3-4 წუთში მომდის მესიჯი - "მოვიგე"... ამხელა მოგების შემდეგ, იქ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მიულოცა, მასთან ვახშამზე დაპატიჟა და ამ დროს რომ ვიღაც პირველი გაგახსენდება და ეგრევე მიწერ, ესე იგი ის ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია. ასეთი დეტალებით ვგრძნობდი...

- საქართველოში როდის ჩამოვიდა?

- რამდენიმე თვის მერე ჩამოვიდა და შევხვდით კიდეც ერთმანეთს. ესეც თითქოს მეგობრული შეხვედრა იყო, მაგრამ უკვე იგრძნობოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება მისი მხრიდან, საქციელით, ყურადღებით ყველანაირად გამოხატავდა სიმპათიებს. ჩამოსვლასაც მოუხშირა, მაგრამ დაახლოებით 7-8 თვე მაინც არაფერს მეუბნებოდა. ეს უბრალოდ იგრძნობოდა ყურადღებით, მისი შორიდან გაკეთებული სიურპრიზებით, მაგალითად მაშინ როცა მოსკოვში იყო, სამსახურში ყვავილების თაიგული დამხვდა მისგან გამოგზავნილი, პირველი საჩუქარი იყო ტელეფონის დასატენი აკუმულატორი, რადგან ტელეფონი ხშირად მიჯდებოდა და ხაზზე რომ არ ვიყავი, ვერ ისვენებდა. გამომიგზავნა და თან დააყოლა - ახლა მაინც ვერ იტყვი, რომ ტელეფონი დამჯიდაო.

- სიურპრიზებს უკეთებთ ხოლმე ერთმანეთს?

- სიურპრიზი უამრავი ყოფილა. ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობა ორივეს გვიყვარს. მიჭირს გამოვარჩიო რომელიმე მათგანი, თუმცა ერთი განსაკუთრებულია ჩემთვის, მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში. ეს იყო ჩემი დაბადების დღე, ერთი წლის წინ. ძალიან მიყვარს პარიზი და როცა ამ თემას შევეხებოდით, სულ ამბობდა, რომ მას არ უყვარს და არ აინტერესებს ეს ქვეყანა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და უზომოდ სასიხარულო იყო, როდესაც მითხრა, რომ ჩემს დაბადების დღეს პარიზში შევხვდებოდით და მართლაც ასე იყო. ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მომიწყო. აპირებდა, რომ ყოველ ჩემს დაბადების დღეს პარიზში შევხვედროდით, თუმცა წელს პანდემიამ არ გვაცადა. კიდევ, ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო ფოტოწიგნი. ჩვენი ფოტოებით შექმნილი ჩვენი ისტორია, რომელიც printarea-ში დააბეჭდინა და მაჩუქა. ყდაზე ეწერა: "როცა ცუდ ხასიათზე იქნები, გადაშალე". ახლა იშვიათად ბეჭდავენ ფოტოებს და ციფრულ ფორმატში შენახული ფოტოები შეიძლება დაგეკარგოს და ვეღარ დაიბრუნო. ფოტოწიგნი .ჩვენს ისტორიას შეინახავს და ძალიან ემოციური საჩუქარია.

- ხელი როდის გთხოვა?

- სულ იმაზე ვხუმრობთ, რომ ხელიც არ უთხოვია. მახსოვს, ბრძოლა ჰქონდა დანიშნული იმ პერიოდში მეც შემცირებულად მეკონტაქტებოდა, მხოლოდ მომიკითხავდა დღეში ერთხელ. ბრძოლოს წინა დღეებში ვიცოდი, რომ საერთოდ არ მომწერდა. ბრძოლის წინა დღეა და მწერს მესიჯს: - "ამ ჩხუბის მერე საქართველოში ჩამოვალ და ჩემთან უნდა გადმობარგდე, აღარ შემიძლია". აი, მაშინ მივხვდი, რომ პირველად ცხოვრებაში შეჯიბრზე ნაკლებად ფიქრობდა და ხელის თხოვნაზე მეტად იმის შემეშინდა, რა დროს ამაზე ფიქრია, ხვალინდელ ჩხუბზე არ ფიქრობს და არ წააგოს თქო. აი, ასე თავისით გადაწყვიტა რომ ამ ბრძოლას ჩაატარებდა, ჩამოვიდოდა და დავქორწინდებოდით.

- როგორ ჩამოვიდა?

- გიგა მოსკოვში გაიზარდა და სანამ მე გამიცნობდა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახი აქ ჰყავს, მაინც იშვიათად ჩამოდიოდა.მთელი ბავშვობა იქ იცხოვრა, მერე უნივერსიტეტში ისწავლა საქართველოში და ისევ წავიდა. მთელი სამეგობრო წრე იქ ჰყავს. იქ ცხოვრობდა. ტელევიზიები ეძახდნენ, ცალკე ფილმებში იღებდნენ. ბანერებზე იყო ქუჩებში, გიგას კლუბში, რომელშიც გიგა ირიცხება, მისი ფოტოა მთავარ დიდ ბანერზე და შესასვლელში საქართველოს დროშა ჰკიდია. მართალია, სპორტს ისევ იმ კლუბში აგრძელებს დისტანციურად და პერიოდულად ჩასვლებით. მთელი ცხოვრების სტილი შეეცვალა. როდესაც უკვე გადაწყვიტა, მერე მითხრა, რომ ჩამოდიოდა, უნდა დავქორწინებულიყავით და აქ გვეცხოვრა. ფაქტის წინაშე დამაყენა, მითხრა და ორ კვირაში ჩამოვიდა, რამაც სერიოზულად ამაღელვა, ვფიქრობდი, რომ ვერ შეგუებოდა აქაურობას, დისკომფორტი არ შექმნოდა, ყველაზე ძალიან არ მიყვარს, როდესაც ადამიანი ჩემს გამო დისკომფორტს განიცდის. თან ძალიან მოძრავი ტიპია, სულ რაღაც უნდა აკეთო, ბევრი საქმე ერთად და აქ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო.

- თავგადასავალი თუ გადაგხდენიათ?

- გიგასთან ყოფნა მართლა სულ თავგადასავლებია, თითქმის ერთად დავდივართ, ყოველ საღამოს სამსახურის შემდეგ რომ მომაკითხავს, სულ ახალ იდეებს მთავაზობს, დღეს აქ წავიდეთ, რაღაც გავაკეთოთ, მეც ასე ვარ. შესაბამისად, ძალიან ბევრი რამ გადაგვხდენია, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე მთავარი ამბავი არის ის, თუ როგორ დაგეგმა შეყვარებულობის დროს, რომ წამოსულიყო საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. თვითონ გადაწყვიტა დაეტოვებინა ყველაფერი და წამოსულიყო და არა მე წავსულიყავი, რადგან ჩათვალა, რომ მე შეიძლება იქაურობას ვერ შევგუებოდი, თვითონ დათმო ის, რაც მისი სამყაროა, მისი ყოველდღიურობა, სადაც ძალიან კარგად გრძნობს თავს. ერთი ხელის მოსმის ჩაალაგა მანქანაში ბარგი და იანვრის შუა რიცხვებში, თოვლში და ქარბუქში, უგზოობის გამო სამი დღე საზღვარზე ყინვაში დგომით, დაადგა საქართველოს გზას. ჩემთვის ეს ჩვენი ურთიერთობის ერთერთი მთავარი თავგადასავალია!

- რამდენი ხანია დაქორწინებულები ხართ?

-ორი წელი ხდება იანვრის ბოლოს, რაც დავქორწინდით. ისე მალე გაირბინა ამ ორმა წელმა, ასე მგონია გუშინ იყო, თან ამავე დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვართ და გიგას გარეშე პერიოდი არც ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ბუნდოვნად მახსოვს. ის არ არის მხოლოდ ქმარი, ის ასევე არის ჩემი მთავარი მეგობარი, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ადამიანი, რომელიც სულ ცდილობს ხელი შემიწყოს წინსვლაში, ეს იქნება სამსახურებრივი, თუ სხვა. საკმარისია, უბრალოდ არ ვიღიმოდე და უკვე ღელავს, რამე ხომ არ მაწუხებს, ჩემზე უკეთ იცის მე რა მაბედნერებს და სულ ცდილობს, გამაბედნიეროს, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, ამისთვის არ ელოდება დაბადების დღეს, ან რვა მარტს... ვთვლი, რომ გიგა ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.