სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - კვირის პალიტრა

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საკვების მონელებაში მონაწილე ძირითადი სისტემაა და მოიცავს: პირის ღრუს, ხახას, საყლაპავ მილს, კუჭს, 12-გოჯა ნაწლავს, წვრილ ნაწლავს, რომელიც მლივ და თეძოს ნაწილებად იყოფა, და მსხვილ ნაწლავს, რომელიც, თავის მხრივ, შედგება ბრმა ნაწლავის, ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური კოლინჯის, სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია. მისი მეშვეობით ხდება საკვების მონელება, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების შეწოვა და უვარგისი ნარჩენების/შლაკების გამოყოფა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს გენეტიკური თუ გარემო ფაქტორები, არაჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები და ა.შ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ხასიათის სისხლდენით გამოვლინდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ "ქართულ - ჰოლანდიური ჰოსპიტლის" ზოგადი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს - ნოდარ გიორგაძეს.

- რა არის სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რა სახის სისხლდენები არსებობს და რამდენად ხშირად გხვდებათ პრაქტიკაში?

- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არის საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავის ღრუში/სანათურში სისხლის მოხვედრა/გადმოსვლა. ურგენტულ ქირურგიაში ეს სიმპტომი საკმაოდ ხშირად გვხვდება, მაგ. ჩვენს კლინიკაში ამ ჩივილით თვეში საშუალოდ 18-20 პაციენტი თავსდება სტაციონარული მკურნალობისთვის. აღნიშნული მდგომარეობა პირობითად იყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის "ზედა" და "ქვედა სართულიდან" სისხლდენად; "ზედა სართულში" იგულისხმება სისხლდენა აღმოცენებული საყლაპავიდან, კუჭიდან და/ან 12- გოჯა ნაწლავიდან, ხოლო "ქვედა სართულში" - სისხლდენა მსხვილი და/ან სწორი ნაწლავიდან.

- როგორ განვასხვაოთ საიდან არის სისხლდენა, "ზედა თუ ქვედა სართულიდან?" უხშირესად მისი რა გამომწვევი მიზეზები არსებობს?

- "ზედა სართულიდან" სისხლდენა ძირითადად გამოიხატება სისხლიან ღებინებასა და კუპრივით შავი ფერის განავალში, რასაც აყალიბებს ჰემოგლობინზე ნაღვლის პიგმენტების ზემოქმედება და ჰემოსიდერინად მისი გარდაქმნა; უხშირესად, აღნიშნული სისხლდენის მიზეზია კუჭის, საყლაპავის და/ან 12-გოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ეროზიები/წყლულები, კეთილ- და/ან ავთვისებიანი სიმსივნეები, საყლაპავის ვარიკოზული ვენები. ამ პათოლოგიების დიაგნოსტიკა შედარებით დროულად/იოლად ხდება, "ქვედა სართულიდან" სისხლდენის შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ხშირად ყველაფერი "ბრალდება" გავრცელებულ დაავადებას - ბუასილს, სინამდვილეში კი საქმე შეიძლება გვქონდეს მსხვილი ან სწორი ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნესთან. პაციენტის მხრიდან შეცდომის განმაპირობებელია ის გარემოება, რომ ჰემოროიდული დაავადებისა (ბუასილი) და კიბოს, ან კიბოსწინარე პათოლოგიების შემთხვევაში სისხლდენა ერთიდაიგივე ფერის შეიძლება იყოს, რადგან მსხვილ ნაწლავში ტრანზიტისას სისხლი უმნიშვნელოდ იცვლის ფერს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილნაწლავური სისხლდენა, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

- სწორი და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენას იწვევს ათზე მეტი დაავადება და ამ მდგომარეობის მთელი სივერაგე სისხლდენის გამომწვევი თითქმის ყველა პათოლოგიის (ჰემოროიდული დაავადების გარდა) ავთვისებიანი ტრანსფორმაციისკენ მიდრეკილებაა. შესაბამისად, აღნიშნული სიმპტომის უგულებელყოფა არაფრით არ შეიძლება! აუცილებელია, რომ წითელი და/ან შინდისფერი სისხლის გამოვლინებისთანავე მივმართოთ ექიმს, პირველი რიგში - კოლოპროქტოლოგს; დროული მიმართვიანობა მსხვილი და/ან სწორი ნაწლავის კიბოსწინარე მდგომარეობებისგან (მაგ. პოლიპი) განკურნების და, შესაბამისად, კიბოს განვითარების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისას, ესაჭიროება თუ არა ყველა შემთხვევაში პაციენტს ოპერაციული ჩარევა?

- არაონკოლოგიური პათოლოგიების დროს აღმოცენებული სისხლდენისას, მაგ: წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, თანამედროვე სამკურნალო საშუალებების გამოყენება ოპერაციული ჩარევების წილს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები 20-30 წლის წინ უხშირესად ოპერაციულ ჩარევას საჭიროებდა, ახლა კი არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა გამოყენება აღნიშნული პათოლოგიების მკურნალობისას ძალიან მაღალი ეფექტის მომტანია. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის პრეპარატები ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაშიც და მათ შორის ერთ-ერთია პანტოპრა, ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს პროდუქტი, რომელიც წარმატებით გამოიყენება, როგორც ქრონიკული და მწვავე წყლულოვანი დაავადების, ასევე ამ პათოლოგიების სისხლდენით გართულებული ფორმების დროს. ასევე აღსანიშნავია, ჰემოროიდული დაავადების საწინააღმდეგოდ ვენოტონური პრეპარატის, ტურბომიკრონ G-ის გამოყენების მაღალეფექტურობაც, რომელიც წარმოადგენს ესპანური წარმოების მაღალმიკრონიზებულ სამკურნალო საშუალებას. ეს მედიკამენტი უმოკლეს დროში ახდენს ჰემოროიდული სისხლდენის კუპირებას, ამცირებს ჰემოროიდული თრომბოზის დროს შეშუპების ხარისხს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც მინიმუმამდე დაჰყავს სისხლდენის კვლავ აღძვრის ალბათობა.

რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიებს, სამწუხაროდ, თითქმის ყველა შემთხვევაში ოპერაცია კეთდება და სწორედ აქ არის საჭირო უმნიშვნელოვანესი საკითხის აკადემიურ დონეზე გადაწყვეტა - ქირურგიული ჩარევის რა მასშტაბს მივმართოთ და რა ვადებში. ანუ, ასე ვთქვათ, აუცილებელია - "სწორი ოპერაცია" გაკეთდეს "სწორ დროს" და ამით კიბოსგან პაციენტი, უდიდესი ალბათობით, ჯანმრთელობაზე პრაქტიკულად ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე "განთავისუფლდეს".

საბედნიეროდ, საქართველოში და ჩვენს კლინიკაშიც წარმატებით ტარდება მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს ლაპაროსკოპიული ქირურგიული გზით მკურნალობა, რასაც ესაჭიროება ძვირადღირებული აპარატურა, ასევე - სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მთელი გუნდი, სადაც შედის კოლოპროქტოლოგი, რადიოლოგი, ენდოსკოპისტი, კლინიკური ონკოლოგი, ონკოქირურგი და პათომორფოლოგი. მულტიდისციპლინური ექიმების გუნდს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, წარმატებით ებრძოლოს კიბოს შორსწასულ შემთხვევებსაც. თუმცა, კიბოს ადრეულ სტადიაში პაციენტი ნაკლები რაოდენობის ექიმ-სპეციალისტთან კონტაქტს საჭიროებს, ქირურგიული ჩარევაც ხანმოკლე და ნაკლებად ტრავმულია და ოპერაციის შემდეგ მისი შრომის და ცხოვრების რიტმი პრაქტიკულად არ ირღვევა!

- რა არის კიბოსწინარე მდგომარეობების და/ან კიბოს განვითარების ძირითადი მიზეზი?

- გენეტიკური დაავადებების მართვის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას შემთხვევათა 20%-ს შთამომავლობითი ფაქტორი განაპირობებს; ძირითადად გენეტიკურია კიბოსწინარე მდგომარეობებიც - მსხვილი და/ან სწორი ნაწლავის პოლიპები, საიდანაც, შემთხვევათა უმრავლესობაში, ფორმირდება კიბო.

როგორ დგინდება მსხვილი ნაწლავის პოლიპ (ებ)ის და/ან კიბოს არსებობა? დიაგნოსტიკის რა საშუალებები არსებობს?

მსხვილი ნაწლავის დაავადებების გამოსავლენად ყველაზე ინფორმაციული კვლევა არის კოლონოსკოპია, რასაც ნიშნავს ექიმი პათოლოგიის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ან სულაც - პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით. მსოფლიოში სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს გავრცელების მზარდი სტატისტიკის გამო, მოსახლეობამ 50 წლის ზემოთ მიზანშეწონილია გაიკეთოს ეს ენდოსკოპიური კვლევა, მაშინაც, როცა არ არსებობს დამახასიათებელი ჩივილები; სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენციის გამო, ამერიკის კიბოს ასოციაციამ 45 წლამდე შეამცირა პროფილაქტიკური კოლონოსკოპიის ჩატარების ასაკი. ანუ საუბარია მოსახლეობაზე, რომელთაც არც რაიმე დამახასიათებელი სიმპტომი აქვთ და არც გენეტიკური წინასწარგანწყობა. რაც შეეხება კიბოს განვითარების კუთხით რისკ-ჯგუფში მყოფ მოსახლეობას, მსოფლიოში მათზე მონიტორინგი სპეციალური პროტოკოლით ხორციელდება.

- რა მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით?

- საქართველოში უდიდეს სამუშაოს ასრულებს კიბოს ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, ამა თუ იმ ორგანოს სიმსივნის დროული გამოვლენის საქმეში; თუმცა, ამ კუთხით ჯერ-ჯერობით არსებობს რეგულაციები, კერძოდ, - სკრინინგი უტარდებათ 50 წელს გადაცილებულ პირებს და კოლონოსკოპია ინიშნება მხოლოდ განავალში ფარულ სისხლდენაზე დადებითი ტესტის დროს; ახალგაზრდა ასაკსა და/ან განავალში ფარული სისხლის უარყოფითი ტესტის შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსებით კოლონოსკოპია ჯერ-ჯერობით არ ტარდება; სწორედ ამიტომ, ჩვენი კლინიკისა და საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაცია GM PHARMA-ს ერთობლივი ძალისხმევით, კიბოს განვითარების გენეტიკური წინასწარგანწყობის შესახებ მოქალაქეების უკეთ ინფორმირებულობისა და რისკ-ჯგუფში შემავალი პირების დროული გამოვლენის მიზნით შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმებთან იმართება შეხვედრები, ტარდება ვებინარები და ლექციები.

- და მაინც, თუკი ადამიანს დაუდასტურდა მსხვილი ნაწლავის კიბო, არსებობს ეფექტური მკურნალობის გზა, თუ პაციენტი განწირულია?

- თავიდანვე ვიტყვი, ამ საუკუნეში მედიცინის და ფარმაცევტული წარმოების მიღწევებიდან გამომდინარე, პაციენტი განწირული არ არის, მაგრამ თუ კიბო მაღალ სტადიაშია და ნაწლავს გარეთაც გავრცელებული, დაავადების მკურნალობის საქმეში სულ მცირე ნაბიჯის წინ გადასადგმელად უკვე ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო.

კიბოს ნებისმიერ სტადიაში უკეთესი შორეული შედეგების მოკლე დროში მისაღწევად მოწოდებულია საერთაშორისო გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლის განახლება ხშირად ხდება და რომელსაც უნდა "მიჰყვნენ" ექიმები; ამ პროტოკოლების მიხედვით, კიბოს პირველ და მეორე სტადიაზე 90-92 % შემთხვევაში მიიღწევა პაციენტის თითქმის სრული განკურნება.

და რაც მთავარია, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით კიბოს მკურნალობის წარმატებით განსახორცილებლად აუცილებელი პირობაა კოორდინირებულად ითანამშრომლოს ექიმების მულტიდისციპლინურმა გუნდმა. ამგვარად დაგეგმილი საქმიანობა, დროულად დადგენილი დიაგნოზი და "სწორ დროსა და გარემოში" პაციენტისთვის დახმარების გაწევა, პრაქტიკულად ყოველთვის, მკურნალობის საუკეთესო ადრეული და შორეული შედეგების მომტანია.

კიბოს მკურნალობის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით დაგეგმვისა და ჩატარების შესაძლებლობები შექმნილია "ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში" და აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ადმინისტრაციამ და ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA მ სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მკურნალობაში ექიმებისა და მოსახლეობისთვის მხარდაჭერა საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაიხადა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ!

და ბოლოს, ისევ, მოვუწოდებ მოსახლეობას - სამედიცინო კუთხით სიფხიზლის გამოჩენის გზით სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს ჩამოყალიბება აიცილონ თავიდან, მისი არსებობის შემთხვევაში კი არ გამოტოვონ ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არის დრო და ყველა შესაძლებლობა - მარტივად და უმოკლეს დროში დავძლიოთ კიბოსთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.

(R)