თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ - კვირის პალიტრა

თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს მონარქს, თამარ მეფის, სახელს არაერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მეფეთმეფის შვილიშვილის შესახებ, რომელსაც ბებიის საპატივცემულოდ მისი სახელი უწოდეს. თამარი, მოგვიანებით – გურჯი-ხათუნი, სელჩუკთა გამორჩეული დედოფალი, მსოფლიოში აღიარებული უდიდესი პოეტის, ჯალალ ად-დინ რუმის, მევლანას, მოსწავლე და მეგობარი გახლდათ.

როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა თამარი კონიაში და როგორი იყო სელჩუკთა სულთნის მეუღლის ცხოვრება უცხო ქვეყანაში, ამის შესახებ გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მესამე ტომში ვკითხულობთ. მესამე ტომი 11 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. აქ წაიკითხავთ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თურქეთში, ალჟირსა თუ მაროკოში აღმოჩნდნენ.

ისტორიკოსმა და "ხელოვნების სასახლის" დირექტორმა გიორგი კალანდიამ თავისი აღმოსავლური ექსპედიციის განმავლობაში გურჯი-ხათუნის შესახებ ძვირფას ცნობებს მოუყარა თავი. ამდენად, გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მესამე ტომის ერთ-ერთი გმირი სწორედ მეფეთმეფე თამარის შვილიშვილი, რუსუდანის ქალიშვილი და სელჩუკთა დედოფალია –აღმოსავლეთის მზე გურჯი-ხათუნი.

დინასტიური ქორწინება

თამარი დინასტიური ქორწინების შედეგად რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ის მეუღლე გახდა. დანათესავების სანაცვლოდ ქართველმა დედოფალმა რუსუდანმა თავდაუსხმელობის გარანტია მიიღო და სელჩუკთა სულთანი იმასაც შეჰპირდა, რომ მის ასულს კონიაში გათხოვების შემდეგ რწმენას არ გამოაცვლევინებდა. "მამა-პაპათა რჯულის შენარჩუნებამ პატარა თამარი ალბათ ვერ ანუგეშა, 13 წლის გოგონა საკუთარ სასახლეს, მეგობრებს, მშობლებს სამუდამოდ გამოემშვიდობა. ბრწყინვალე, მაგრამ შორეულ და ჯერ კიდევ შეუცნობელ ქვეყანაში წავიდა. ისნის სასახლის თაღებქვეშ მდგარი, საქორწინოდ გამოწყობილი თამარი ალბათ ვერასოდეს განსჭვრეტდა იმ დიდებულ მერმისს, რომელიც მას კონიის მზის ქვეშ ელოდა..." – წერს გიორგი კალანდია.

ახალი მონეტა, როგორც მეუღლის სიყვარულის ნიშანი

თამარმა მალევე დიდი გავლენა მოიპოვა სელჩუკეთში. გადმოცემის თანახმად, 1236 წელს მის პატივსაცემად სულთანმა მონეტაც კი მოჭრა. ვერცხლის ახალ ნომინალზე ქეი ხუსრევს საკუთარი მეუღლე უნდოდა გამოესახა და ამით მისადმი უსაზღვრო სიყვარული დაემტკიცებინა, თუმცა უზენაესის სურვილს წინ დიდი დაბრკოლება ედგა: ისლამის კანონები, რომლებიც ადამიანის გამოსახვას სასტიკად კრძალავდა. ჭაბუკმა ქეი ხუსრევმა, გამჭრიახი გონების წყალობით, უბრალო მონეტა ხელოვნების, სიყვარულისა და ერთგულების ნიმუშად აქცია. მართლმორწმუნე მუსლიმანმა მონეტა ისე გამოჭედა, რომ გულის საწადელიც აისრულა და რელიგიის დოგმებიც არ დაარღვია.

სულთანმა მონეტის წინა მხარეს ვარსკვლავები ამოაკვეთინა, ვარსკლავებს შორის კი მზე ჩახატა,რომელსაც ქვეშ ყელმოღერებული ლომი დაუყენა. მართლაც, საქართველოში ხომ მიჯნურ ვაჟს ხშირად ლომს ადარებდნენ... ვისი იდეა იყო ეს – სულთნის, თუ გურჯი-ხათუნმა შთააგონა, არავინ იცის... რაც უნდა იყოს, ისე გამოვიდა, რომ ფულზე მზე ლომის ზოდიაქოში იყო ამოტვიფრული, თუმცა ქეი ხუსრევმა ციური სხეულის დისკოში ნატიფი და მშვენიერი ქალის სახე ამოკვეთა – ქალისა,რომელიც გურჯი-ხათუნს ძალიან ჰგავდა.

საბედისწერო ტყუილი

გურჯი-ხათუნი სულთანს ისე შეჰყვარებია, რომ სხვა ცოლებზე გული აცრუებია. ამის გამო გაბოროტებულმა ერთ-ერთმა ცოლმა გურჯი-ხათუნის მოწამვლაც კი სცადა, თუმცა დედოფალს ყველაზე დიდი ზიანი საკუთარმა დედამ მიაყენა.

მემატიანის ცნობით, დედა-დედოფალმა რუსუდანმა ღვთისშიში დაივიწყა და ძმისგან ანდერძით შევედრებული ძმისწული დავითი კონიაში სიძესა და ასულს მოსაკლავად გაუგზავნა. ამით საქართველოს დედოფალს სურდა, საკუთარი შვილისთვის ტახტის კონკურენტი მოეშორებინა. თუმცა კონიაში მოსაკლავად გაგზავნილი უფლისწული დავითი გურჯი-ხათუნმა და ყიას ედ-დინმა ძმასავით შეიყვარეს და ყველანაირად მფარველობას უწევდნენ.

რუსუდანი არ ისვენებდა, ყოველმხრივ ცდილობდა, პოტენციური მეტოქე როგორმე თავიდან მოეცილებინა. ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, სანამ მან სელჩუკ სიძესწერილი გაუგზავნა, რომელშიც საკუთარ ქალიშვილსადა ძმისშვილს სიძვაში სდებდა ბრალს. გაოგნებული და აღშფოთებული ყიას ედ-დინი გააფთრებულ ლომს დაემსგავსა, ჭაბუკი სულთანი გურჯი-ხათუნს სასახლეში გამხეცებული შეუვარდა, იმდენად უმოწყალოდ სცემა, რომ მთელი სხეული ულამაზეს თამარს სისხლისფრად შეეღება. შემდეგ ყველა ხატით უ ქრისტიანული რელიკვია დაულეწა, მღვდელმსახურები კი დაუხოცა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ყიას ედ-დინმა მეუღლეს გამოუცხადა, რომ, თუ რწმენას არ შეიცვლიდა, მაშინ სიკვდილით დასჯიდა.

მევლანას მოსწავლე და მფარველი

გურჯი-ხათუნი იძულებული გახდა რჯული შეეცვალა. გულმოწყალე დედოფალი მთელმა ისლამურმა სამყარომ შეიყვარა... და მაინც, სამშობლოსგან შორს მყოფ, სარწმუნებაშეცვლილ დედოფალს მშვიდი ცხოვრებისთვის რაღაც აკლდა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა იგი აღმოსავლეთის უდიდესი პოეტის, ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმის, იმავე მევლანას, სწავლებით. როგორც პროფესორი მაგალი თოდუა განმარტავს: "რუმიმ მოხსნა ყოველგვარი თემი: ქრისტიანული, იუდეველური, მაჰმადიანური; გაათავისუფლა პიროვნება ყოველგვარი ზემაღალი დოქტრინისაგან და გამოაცხადა, რომ ადამიანი იყო უფალი. ამიტომ, თუ მევლეველთა ორდენში შედიოდი, გქონდა უფლება, ქრისტიანი ყოფილიყავი და შენი ქცევით გეღიარებინა მევლანას იდეოლოგია". ასე რომ, თამარმა მევლანას იდეებში ხსნა დაინახა, სუფიურ მიმდინარეობაში კი ის, რაც ყველაზე მეტად ენათესავებოდა მის ქრისტიანულ სულს.

გურჯი-ხათუნს მევლანას სახელის უკვდავყოფაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისი დამსახურებით შეიქმნა პოეტის პირველი პორტრეტი. რაც მთავარია, სწორედ დედოფლის აქტიური მონაწილეობით აშენდა რუმის აკლდამა, რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მარგალიტად ითვლება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აკლდამის მშენებლობაში, სხვა კავკასიელ ოსტატებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობდნენ.

ასეთი იყო გურჯი-ხათუნის, ქართველი თამარის, დიდი თამარის შვილიშვილის, ცხოვრება შორეულ კონიაში. გურჯი-ხათუნის, ასევე თურქეთის, ალჟირისა თუ მაროკოს ტერიტორიებზე მოღვაწე სხვა ქართველების ისტორიებს გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" მესამე ტომში წაიკითხავთ.

შეგახსენებთ, "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს.

გამოცემის მესამე ტომი 11 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად – 15.00 ლარი.