KIU საერთაშორისო მედია გამოცემებში - კვირის პალიტრა

KIU საერთაშორისო მედია გამოცემებში

განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო მედია გამოცემა The PIE NEWS, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მასალას აქვეყნებს. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის ქელენ ქუინის კითხვებს უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე პასუხობს.

2020 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ გახსნილმა პირველმა სახელმწიფო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ საქართველოში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი, რომლებიც ისწავლიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ულტრათანამედროვე საერთაშორისო კამპუსში. The PIE დაუკავშირდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, მაგდა მაღრაძეს, რათა გაერკვია როგორ აპირებს KIU მოუტანოს ახალი შესაძლებლობები საქართველოს და სტუდენტებს.

- 2020 წელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კარი გაუღო სტუდენტების პირველ ნაკადს. შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ აეწყო უნივერსიტეტი და რა მიზნები აქვს? - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსდა კერძო დონორის (ფილანტროპისტი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი) ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც აფინანსებს უამრავ სხვადასხვა პროექტს და ინიციატივას საქართველოში. ბატონი ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" ჩადო 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია KIU-ს განვითარებასა და ოპერირებაში.

"ჩვენი ყველა პროგრამა შექმნილია წამყვან საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით "

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით საქართველო დგას, არის შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოშვებულ პროფესიონალებსა და კურსდამთავრებულებს შორის.

საქართველოს უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები როგორც წესი, არ არიან მზად შრომის ბაზრისთვის და დამსაქმებლებს უხდებათ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მათ პროფესიულ განვითარებაში, რათა მიიღონ შესაბამისი სამუშაო ძალა.

შესაბამისად, KIU-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში, რომლებიც შემუშავებული იქნება უცხოურ ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან პარტნიორობით.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM). ასევე, ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობებს მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან. ჩვენი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შემუშავებული იქნება წამყვან საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა ან ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

- როგორ ჩაერთეთ KIU-ში?

- 1995 წლიდან განათლების სფეროში ვმუშაობ, მას მერე, რაც დავბრუნდი აშშ-დან, სადაც დავამთავრე სკოლა. საქართველოში დაბრუნების შემდგომ ვმუშაობდი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე - მსოფლიო ბანკში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), აშშ-ის საელჩოში, ფონდ - ღია საზოგადოებაში და სხვა.

სულ ახლახანს (2013-2019), ვმართავდი $140 მილიონიან პროექტს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტს საქართველოში, რომელიც ფოკუსირდება ქვეყანაში საინჟინრო-საბუნებისმეტყველო (STEM) განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებაზე. ჩვენ განხორციელებული გვაქვს მრავალი პროექტი ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით. მათ შორის, ჩვენ შევძელით რომ საქართველოში შემოგვეყვანა აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველად ხდება ჩემ ქვეყანაში, რომ ამერიკული უნივერსიტეტი სთავაზობს აშშ-ში აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობასთან ერთად მე ვაგრძელებ ათასწლეულის ფონდის მართვას, რათა მოხდეს იმ ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველყოფა, რომელიც განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის ფარგლებში.

- როგორია ამჟამად უმაღლესი საგანმანათლებლო ლანდშაფტი საქართველოში?

- ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, ძალიან ცოტა პროგრამას აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია და პროგრამები, რომელიც შემუშავებულია წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, როგორიც მაგალითად ჩვენ გვაქვს KIU-ში.

KIU პროგრამები შეთანხმებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს უზრუნველყოფს ჩვენი პროგრამების ხარისხსა და ინტერნაციონალიზაციას.

- რატომ აკეთებს KIU აქცენტს ინგლისურენოვან პროგრამებზე?

- KIU-მ გააკეთა აქცენტი ინგლისურენოვან სწავლებაზე ორი მიზეზის გამო: პირველი - უზრუნველყოფილ იქნას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანები, რადგან განათლება მიიღეს ინგლისურ ენაზე და მეორე - შევთავაზოთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ასევე მოვიზიდოთ წამყვანი უცხოელი მეცნიერები და აკადემიური პერსონალი KIU-ში კვლევისა და სწავლებისთვის.

- მოგვიყევით ცოტა ახალ კამპუსზე. რა ხდის მას "საერთაშორისოდ" რეგიონის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შედარებით?

- პირველი და უმთავრესი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ შევქმნათ საერთაშორისო უნივერსიტეტი მიმზიდველი კამპუსით. KIU არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც სთავაზობს კამპუსს საერთო საცხოვრებლებით და ყველა სხვა კეთილმოწყობილი პირობებით.

ამ დრომდე, ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმისა, რომ საქართველოს მოეზიდა საერთაშორისო სტუდენტები, იყო საერთო საცხოვრებლებისა და საუნივერსიტეტო კამპუსის არქონა ქვეყანაში. საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ საქართველოში, ძირითადად უხდებათ ბინის დაქირავება, რადგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა მდებარეობს დიდ ქალაქებში.

საერთაშორისო სტუდენტების გამოკითხვები აჩვენებს, რომ მათ უმრავლესობას ურჩევნია კამპუსში ცხოვრების გამოცდილება მიიღონ, ვიდრე ცალ-ცალე იცხოვრონ ნაქირავებ ბინებში, რომლებიც მიმოფანტულია ქალაქში. KIU სთავაზობს კამპუსსა და სტუდენტური ცხოვრების გამოცდილებას, რომელიც შეუდარებელია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან რეგიონში. ის მდებარეობს 150 ჰექტარი მიწის ტყის ნაკვეთზე და ქუთაისის ცენტრიდან, რომელიც საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქია, დაშორებულია 10 წუთის სავალზე.

"2021 წლიდან ჩვენ ვიწყებთ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას და იმედი გვაქვს, თანდათანობით KIU-ს სტუდენტების რიცხვი გაიზრდება "

KIU კამპუსზე ცხოვრება ნიშნავს, რომ სტუდენტები სიამოვნებას იღებენ კამპუსზე სწავლითა და ცხოვრებით და ამასთანავე, შეუძლიათ იმოგზაურონ ახლომდებარე მიმართულებებით შაბათ-კვირას. საქართველოში არ არსებობს მსგავსი გამოცდილება, როდესაც შედიხარ კამპუსზე და გაქვს ყველა კეთილმოწყობილი პირობა ერთ ადგილას. ჩვენი კამპუსი მდებარეობს მშვენიერ მუხის ხეების ტყეში, სადაც სტუდენტები ისვენებენ, სეირნობენ და დაკავებულები არიან სხვადასხვა აქტივობებით.

- გეგმავს KIU საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირებას?

- 2020 წელს, პანდემიის გამო, ჩვენ ნაკლებად გავაკეთეთ აქცენტი საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტმენტზე (მოზიდვა). 2021 წლიდან ჩვენ მოვახდენთ საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირებას და იმედი გვაქვს, რომ თანდათანობით რიცხვები გაიზრდება.

საქართველოს და KIU-ს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ. საქართველო გულითადად მასპინძლობს უცხოელ სტუმრებს (2019 წელს საქართველოს 5 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა).

როგორც სტუმარს, შეგიძლია მიიღო ძალიან კარგი კულტურული გამოცდილება საქართველოში. მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა უკვე კარგად იცნობს საქართველოს და უყვართ აქ ჩამოსვლა (განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორი მრავლად ჩამოდის აქ).

საქართველოს ბევრი სტუდენტი ჰყავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ინდოეთიდან და ძირითადად ინგლისურენოვანი აფრიკული ქვეყნებიდან. ყოველწლიურად 9000-მდე (საერთაშორისო) სტუდენტია ქვეყანაში. საქართველო სტუდენტებისთვის დანიშნულების ადგილად იქცა განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით.

ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო სტუდენტები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ საქართველოს, გამოიყენებენ KIU-ში სწავლის შესაძლებლობას.

- თქვენ ახსენეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოება, ამ ეტაპზე რა თანამშრომლობები გაქვთ?

- ამჟამად, ჩვენ ვთავაზობთ სამ საბაკალავრო პროგრამას (კომპიუტერულ მეცნიერებაში, მენეჯმენტსა და მათემატიკაში). ეს სამი პროგრამა შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების მოდელის მიხედვით.

გერმანელი აკადემიური პერსონალი აღნიშნულ სამ პროგრამაზე ასწავლის ქართველ კოლეგებთან ერთად, რომელთა უმრავლესობასაც განათლება აქვთ მიღებული ან კვლევა აქვთ განხორციელებული საზღვარგარეთ.

დამატებით, ჩვენ გვაკავშირებს გრძელვადიანი პარტნიორობა ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისა და პერსონალისათვის ინგლისური ენის სწავლებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რათა განვავითაროთ და შევთავაზოთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები 2021 წლის შემდგომ.(წყარო)

(R)