უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი "მთვარის მოტაცება" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - კვირის პალიტრა

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი "მთვარის მოტაცება" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება ყველა ქართველისთვის (და არამხოლოდ) ნაცნობი და ძვირფასია. ობიექტური მიზეზების გამო 10 წლის განმავლობაში მწერლის ნაწარმოებები არ გამოიცემოდა. გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ამ დანაკლისის შევსება გადაწყვიტა და ქართველ მკითხველს კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეული მოუმზადა. 7 ტომიდან 6 ტომს მწერლის 5 რომანი დაიკავებს, მე-7 ტომში კი მწერლის ნოველები და მოთხრობები მოიყრის თავს.

კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი "მთვარის მოტაცება" უკვე დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეგიძლიათ მოიკითხოთ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" და პრესის გავრცელების ჯიხურებში. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

"მთვარის მოტაცების" თავები დაწერისთანავე ქვეყნდებოდა ჟურნალ "მნათობში". როგორც ამბობენ, მწერალმა წინასწარ არ იცოდა, როგორ დასრულდებოდა თავისი პერსონაჟების ცხოვრება. თანამედროვე პრობლემატიკა, რაც ძველი და ახალი დროის დაპირისპირებაში გამოიხატა, იმ პერიოდის აქტუალური საკითხი გახლდათ. ამას ემატებოდა რომანში მოცემული სასიყვარულო ინტრიგები, ღალატი, თავდადება, გაორება... - ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რომანი გამოსვლისთანავე დიდი განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებული იყო, ნაწილი კი აღშფოთებას გამოთქვამდა. ცხადი იყო, რომ რომანი საბჭოთა ცენზურას ვერ გადაურჩებოდა და ერთხანს ასეც მოხდა. როგორც ვიცით, იმ პერიოდში ცეკას დადგენილებით ორი ეპიზოდი ამოიღეს, რამდენიმე ადგილი შეცვალეს, ასევე ბერიას სახელი დაამატეს (კერძოდ, თარაშ ემხვარი ბერიასთან აპირებს მისვლას, რათა უთხრას, რომ სტალინის გზაა მხოლოდ). საბედნიეროდ, მოგვიანებით მავანთა ინიციატივით შეცვლილი ადგილები პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. რომანი კი დღემდე რჩება ერთგვარ ეპიკურ წყაროდ, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარებას, ახალი დროის მწარე რეალობას, კომუნისტური იდეოლოგიის ბნელ მხარეებს გვიჩვენებს.

კ. გამსახურდიას რომანები და ნოველები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. მწერლის 7-ტომეული ძვირფასი შენაძენი იქნება ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს და კლასიკას აფასებს. ჩვენი ქვეყნის "შავჩოხიანი ჭირისუფლის", პატრიოტი მწერლის შემოქმედება ახალი გამოცემით მალე დაიკავებს ქართველი მკითხველის წიგნის თაროებზე ღირსეულ ადგილს.

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. სერიის პირველი ტომი "მთვარის მოტაცება" უკვე გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.