ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის - კვირის პალიტრა

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად წლებია, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, წამყვანი პოზიცია მაინც იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. ადგილობრივი მეწარმეები ძირითად პრობლემებად ასახელებენ იმას, რომ იმპორტირებული პროდუქტი ფასის გამო მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველია და ასევე, გარკვეული სტანდარტების გამო სასურსათო ქსელური მარკეტები მათთვის დღემდე მიუწვდომელია.

რეალურად, ქართულ ნაწარმზე ეკოლოგიურობის, მაღალი ხარისხისა და სანდოობის გამო, მოთხოვნა მართლაც არსებობს, მეწარმეებს მხოლოდ მათი მაღაზიების თაროებზე განთავსება და მომხმარებლისთვის კონკურენტული ფასის შეთავაზება სჭირდებათ.

ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ნაწილისთვის გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესის მართვის კომპონენტიც - სწორი ფასწარმოქმნის პოლიტიკა, ხარისხის კონტროლი და სხვა, რაც მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ცნობილი სასურსათო ქსელური მარკეტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და მათ პროდუქციას ისეთ მაღაზიებში დაეთმოს სპეციალურად განკუთვნილი თაროები, როგორებიცაა "სპარი", "ნიკორა", "კარფური", "აგროჰაბი", "უნივერსამი", "დეილი", "ევროპროდუქტი", "სმარტი", "მაგნიტი", "ზღაპარი", "გუდვილი", "გალფ სთორი" და "ვეი მარტი", "რითეილ ასოციაციამ" და USAID საქართველომ სპეციალურ პროექტზე დაიწყო მუშაობა.

"რითეილ ასოციაცია" საქართველოში 12 უმსხვილეს სასურსათო მარკეტს აერთიანებს. ასოციაციასა და USAID საქართველოს შორის დადებული მემორანდუმი კი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, მის ფართოდ გავრცელებას, მისი ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

რა აქტივობები განხორციელდება მეწარმეებისთვის, რომ მათი პროდუქცია სასურსათო ქსელური მარკეტების თაროებზე მოხვდეს?

"რითეილ ასოციაცია" ადგილობრივი მეწარმეებისთვის დაიწყებს ტრენინგების კურსს, რომელიც პანდემიდან გამომდინარე, პროგრამა ძოომ-ში ჩატარდება, შემდეგ "რითეილ ასოციაციისა" და USAID საქართველოს "ფეისბუქ" გვერდებზე გასაჯაროვდება, რათა ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა. ტრენინგებზე მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას საცალო ვაჭრობის სპეფიციკის, ფასწარმოქმნის, კონკურენციის, ბიზნესის მენეჯმენტისთვის საჭირო დეტალების შესახებ.

გარდა ამისა, "რითეილ ასოციაცია" და USAID საქართველო ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზეც იზრუნებენ. ამისათვის დაიწყება კამპანია - "ქართულია და კარგია", რაც მომხმარებლამდე ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიტანას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცნობილ სასურსათო მარკეტებში ქართული წარმოების პროდუქტებისთვის გამოიყოფა ცალკე თაროები, რათა მათი ხილვადობა გაიზარდოს.

როგორც "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე აღნიშნავს, ადგილობრივი მეწარმეები თავად დარწმუნდებიან, რომ სასურსათო ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად რთული ბარიერების გავლა არ მოუწევთ და აქამდე დამკვიდრებული ამგვარი მოსაზრება მითია.

"რითეილ ასოციაციაში" შემავალი 12-ვე წევრი, ბუნებრივია, ყველა მეწარმესთან ინდივიდუალურად გაივლის კონსულტაციას. ეს იქნება ორ მხარეს შორის კომერციული გარიგება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ შორის დიალოგი შედგეს და შეთანხმებას მიაღწიონ", - აღნიშნავს მირანდა მანჯგალაძე.

პირველ ეტაპზე, სუპერმარკეტების თაროებზე მოხვდება არამალფუჭებადი პროდუქცია, მოგვიანებით კი ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი გახდება.

ქსელური მარკეტებისთვის პროდუქციის ხარისხის კონტროლი პრიორიტეტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდებიან, თავად აქვთ შექმნილი შიდა რეგულირების მექანიზმი, რაშიც დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავენ. "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის, მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნული მექანიზმებისა, ქსელური მარკეტების ხარისხის კონტროლის თანამშრომლები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან.

"სასურსათო ქსელური მარკეტების თანამშრომლები პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მიიღებენ პროდუქტის ხარისხის კონტროლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მომხმარებლის ინტერესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს ის.

პირველ ეტაპზე, პროექტისთვის შეირჩევიან ის ბენეფიციარები, რომლებიც ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად დაწესებულ სტანდარტს დააკმაყოფილებენ. "რითეილ ასოციაციისა" USAID საქართველოს დახმარებით კი თავიანთ პროდუქციას ფართო საზოგადოებას მალე გააცნობენ.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მენეჯერი პაატა შეყელაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში მეწარმეები ყველა საჭირო მიმართულებით მხარდაჭერას ინდივიდუალურად მიიღებენ.

"ჩვენ ხელს ვუწყობთ ბენეფიციარებს, როგორც თავიანთი პროდუქციის წარმოებაში, ისე სტანდარტების დაცვის კუთხითაც. ასევე, ვერთვებით ბრენდირების, შეფუთვის და ბაზარზე განთავსების პროცესებშიც. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამები ადგილობრივ ბიზნესს დაწყებული წარმოების პროცესიდან, პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული", - განმარტავს პაატა შეყელაძე.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ბიზნესი უფრო მასშტაბური გახადონ და თავიანთი პროდუქცია ფართოდ წარმოადგინონ ასობით სასურსათო ქსელურ მარკეტში მთელი საქართველოს მასშტაბით.

(R)