უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ "გზასთან" ერთად - კვირის პალიტრა

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ "გზასთან" ერთად

თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ გეგეშიძის, 6-ტომეულის პირველი ტომი მკითხველთან შესახვედრად მზად არის. უკვე დღეიდან მის შეძენას ჟურნალ "გზასთან" ერთად შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულში ცნობილი მწერლის ძვირფასი შემოქმედება ერთიანდება. აღსანიშნავია, რომ 6-ტომეულს გამომცემლობა "პალიტრა L" უკვე მეორედ გამოსცემს და მკითხველს საშუალებას აძლევს ჟურნალთან ერთად, განსაკუთრებული აქციით, შეიძინოს თანამედროვე კლასიკოსი მწერლის წიგნები. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოვა.

პირველ ტომში შესულია გურამ გეგეშიძის ორი რომანი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წიგნი "ცოდვილი" და მის შემოქმედებაში გამორჩეული ლიტერატურული ქმნილება "სტუმარი", მეორე ტომი ნოველებსა და მოთხრობებს ეთმობა, შემდეგ ტომებში კი გურამ გეგეშიძის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პანო - ტეტრალოგია "ქართლის ჭირი" შევიდა. ამ ქუდქვეშ გაერთიანებული ოთხი რომანი - "ხმა მღაღადებლისა", "სისხლის წვიმები", "ნაცრის კოშკი" და "ცეცხლისქრობა" - XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა.

როგორც აღვნიშნეთ, პირველ ტომში მწერლის ორი რომანი ერთიანდება: "ცოდვილი" და "სტუმარი". რომანთა მთავარი თემისა და მნიშვნელობის შესახებ წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე გვესაუბრა: "ცოდვილის" მთავარ პერსონაჟს, ვამეხ გურამიშვილს, ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ ძმის უნებლიე მკვლელის ტრაგიკული ბედი არგუნა. ამის შემდეგ იწყება ვამეხის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობის, ცხოვრების საზრისისა და დანაშაულის გამოსყიდვის საშუალების ძიება. რომანის ეთიკურ-ფსიქოლოგიური და მხატვრულ-ფილოსოფიური მოტივების ნაწილი სწორედ ამ ბიბლიური ცოდვის გარშემო ტრიალებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა გურამ გეგეშიძის მეორე რომანი - "სტუმარი". აქ მწერალმა კიდევ ერთხელ დააფიქრა მკითხველი ცხოვრების საზრისზე, ადამიანური ფასეულობებსა და ღირებულებებზე. სტუმარი თავად რომანის მთავარი გმირი თარხუჯია, რომელიც ამ ქვეყნად თავს უცხოდ, სტუმრად გრძნობს; მისთვის რთული აღმოჩნდა ცხოვრების ის სტილი, რომელიც მისი ნაცნობ-მეგობრებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რადგან თარხუჯი ვერ ეგუება სინამდვილეს და საკუთარ თავს ვერ პოულობს, დედაქალაქს ტოვებს..." - აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.

ამდენად მკითხველის წინაშეა თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედებას ყველა ქართველი უნდა იცნობდეს.

შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი დღეს ჟურნალ "გზასთან" ერ-თად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი სა-ქართველოს მასშტაბით.