"მიწოდება ჯერ მხოლოდ საქართველოს 80%-ში, ხოლო მალე დანარჩენ 20%-შიც" – Order2424-ის კამპანია ოკუპაციის შესახებ - კვირის პალიტრა

"მიწოდება ჯერ მხოლოდ საქართველოს 80%-ში, ხოლო მალე დანარჩენ 20%-შიც" – Order2424-ის კამპანია ოკუპაციის შესახებ

მიწოდება ჯერ მხოლოდ საქართველოს 80%-ში, ხოლო მალე დანარჩენ 20%-შიც - ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზიის Order2424-ის კამპანიაა, რომელმაც სოციალური ქსელების ათასობით მომხმარებლის პროფილი მოიარა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყოველდღიურად, ყველა ონლაინ თუ ოფლაინ მაღაზიისგან გვესმის, რომ მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს, თუმცა, რეალურად, ასე არ არის, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. Order2424-ს კი თავისი კამპანიით ამ მძიმე ფაქტის შეხსენება და იმის ხაზგასმა სურდა, რომ ოკუპაციის პრობლემა ჩვენს ყოველდღიურობას ფონად გასდევს, ის არ უნდა დაგვავიწყდეს და მის აღმოსაფხვრელად როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ოკუპაციის პრობლემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მართლაც ძალიან მტკივნეულია. ამას არ უნდა შევეგუოთ, რადგან რეალურად, საკუთარ ტერიტორიაზე არათუ ბიზნესის კეთების, უბრალოდ შესვლის საშუალებაც არ გვაქვს, ამიტომ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ თუნდაც "მთელს საქართველოში მიტანის სერვისი" არ არსებობს. რეალურად, ჩვენს ბიზნესს და არამარტო ჩვენ, საქმიანობის განხორციელება მხოლოდ ქვეყნის 80%-ში შეგვიძლია და როცა ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ დავფიქრდით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული რეალობის მიმართ ჩვენი პროტესტი ამგვარად გამოგვეხატა და რუკაზე დატანილი წარწერებით "მალე", იმედიც დაგვეტოვებინა, რომ ერთ დღეს "მთელს საქართველოში მიტანის სერვისი" მართლაც მთელს საქართველოზე გავრცელდება", - განგვიმარტა Order2424-ის მარკეტინგის მენეჯერმა დიმიტრი ალავიძემ.

როგორც კამპანიის ავტორები აღნიშნავენ, ის, რომ ოკუპაციის საკითხი მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მომხმარებელთა უკუკავშირმაც აჩვენა, რადგან თემას ათასობით "ფეისბუქ" მომხმარებელი გამოეხმაურა და თავისი წუხილი გამოხატა. "ვფიქრობ, ეს თემა სხვადასხვა ყველა შეხედულებების მქონე ადამიანს აერთიანებს და აწუხებს ჩვენს ქვეყანაში. ფრაზა - "მიწოდება საქართველოს 80%-ში" მართლაც მტკივნეულად ჟღერს და არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, რადგან ყველა მივეჩვიეთ ფრაზას "მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით", რაც ალბათ ცოტათი პრობლემაზე თვალის დახუჭვა და თავის დამშვიდებაცაა... ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ხალხს ოკუპაციის საკითხზე რაიმე დაპირება მივცეთ, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და იმედის გამოთქმა, რომ მალე საქართველოს ტერიტორიების 20%-ზეც მიგვიწვდება ხელი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია", - აღნიშნა Order2424-ის მარკეტინგის მენეჯერმა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩიღუნაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ Order2424 მობილური ტელეფონების უმსხვილესი და საკმაოდ პოპულარული რითეილერია ჩვენს ქვეყანაში, ახალი კამპანიის შესახებ ინფორმაცია და მისი მთავარი მესიჯი მოსახლეობამდე მარტივად მიიტანეს.

"ვფიქრობ, კერძო სექტორმა ოკუპაციის თემაზე ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოს, რა თქმა უნდა, რა კუთხითაც მისი საქმიანობა იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შემთხვევაში, ოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო ღრმად გამოიკვეთა მიწოდების ნაწილში, რაზეც ფართომასშტაბიანი კამპანია წამოვიწყეთ. საქართველოში არსებული კომპანიების დიდი ნაწილი ოკუპაციის საკითხს ხშირად აწყდება და მიგვაჩნია, რომ ამაზე ღიად და ყოველდღიურად საუბარი მნიშვნელოვანია. ჩვენ - კერძო სექტორმა როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც უნდა შევახსენოთ ყოველდღიურად აღნიშნული საკითხი და ამას როგორ შევძლებთ, თუ არა სწორი საინფორმაციო კამპანიით", - განმარტა ნიკოლოზ ჩიღუნაძემ.

Order2424 გეგმავს, სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ბრენდთან უფრო აქტიურად დაიწყოს თანამშრომლობა და ამავდროულად, მეტი მონდომებით გააგრძელოს კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელებში როგორც ქართულ, ისე უცხოურ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი.

(R)