გამომცემლობა "პალიტრა L" 100 დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება
გამომცემლობა "პალიტრა L" 100 დღიან საპროტესტო კამპანიას უერთდება
14 წლის მოზარდის ტრაგედიამ მთელ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაანახა, რამდენად დიდი პრობლემაა სექსუალური ძალადობა, სამოქალაქო განათლების ნაკლებობა, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუშაობის ხარისხი და, რაც მთავარია, საზოგადოების ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება. ამ ყველაფრის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა მასობრივი კამპანია "1000 მშობლის მარში". როგორც კამპანიის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მთავარი მოთხოვნა სისტემური ცვლილებებია, რომლებიც, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს.

კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ადამიანი, ორგანიზაცია თუ კომპანია შეუერთდა. მათ შორის,
გამომცემლობა "პალიტრა L". ვინაიდან, განათლებისა და წიგნიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების მენტალურ გარდატეხაში, "პალიტრა L" საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, აპრილიდან ქალი მწერლების წიგნების სერიას გამოსცემს სლოგანით - #წიგნებითდარღვეულიდუმილი.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გვანცა ასათიანი აღნიშნავს, ამ სერიის გამოცემით სოლიდარობასა და თანადგომას
უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს; მხარს უჭერენ მწერალ ქალებს, რომლებიც არღვევენ დუმილს, უსხლტებიან ეპოქის კონტექსტს, არ ჩერდებიან და ცვლიან გარემოს:
"პალიტრა L-ს სახელით, საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, აპრილიდან ვიწყებთ იმ ქალი მწერლების წიგნების სერიის გამოშვებას, რომლებმაც გაბედეს და გაარღვიეს აზროვნების ჩარჩოები. გვჯერა, რომ ქალი მწერლების სათქმელის მიტანა მკითხველამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებსა და გამომცემლობებს, შემოუერთდნენ ქალთა მოძრაობის 100-დღიან კამპანიას და სხვადასხვა ფორმით ერთად ვეცადოთ შევცვალოთ ქალთა მიმართ არასოლიდარული გარემო," – აღნიშნავს გვანცა ასათიანი.

შეგახსენებთ, "1000 მშობლის მარში" 26 თებერვალს 17:00 საათზეა დაგეგმილი. "პროტესტის 100 დღე" ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომლის მიზანი სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარების მოთხოვნაა.

(რ)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები