1-ლი მარტიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დავით აღმაშენებელი" გამოიცემა, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება "მთვარის მოტაცებაც" - კვირის პალიტრა

1-ლი მარტიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დავით აღმაშენებელი" გამოიცემა, კვლავ სპეციალურ ფასად გაიყიდება "მთვარის მოტაცებაც"

პატარობისას დედას გელათში წაუყვანია. თურმე გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი ეპოპეის "დავით აღმაშენებელი" მთავარი გმირი. რომანს გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1950 წელს დაბეჭდილი მესამე წიგნის მთელი ტირაჟი დაწვეს. ეს ის წიგნია, სტალინს ლურჯ-წითელი მელნით "შენიშვნები" რომ მიუწერია, მწერალთა კავშირში კი ავტორის წინააღმდეგ მთელი კამპანია წარიმართა.

კ. გამსახურდიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული რომანი "დავით აღმაშენებელი" (წიგნი პირველი და მეორე) გამომცემლობა "პალიტრა L-ის" კ. გამსახურდიას სერიის ფარგლებში გამოიცემა და 1-ლ მარტს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. როგორც იცით, უკვე გამოვიდა სერიის პირველი წიგნი "მთვარის მოტაცება". დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ყველამ ვერ შეძლო რომანის შეძენა, ამიტომ მკითხველთა თხოვნით წიგნი 1-ლი მარტიდან სერიის მეორე რომანთან ერთად გამოვა. ამდენად, თუკი შეძენა ვერ მოასწარით, შეგიძლიათ ახლა სერიის ორივე წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეიძინოთ სპეციალურ ფასად.

როგორც კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო სიგუა აღნიშნავს, "დავით აღმაშენებელი" ჩვენი კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა: "ეს მხოლოდ რომანი კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ეპოქის მხატვრული ასახვა: თუ როგორი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ იბრძოდა ქართველი მეფე, ქართველი ფეოდალი, ქართველი გლეხი სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის. დავით აღმაშენებელი კი ყველა ქართველისთვის არის იდეალი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი.

კ. გამსახურდიამ თავიდან კინოსცენარის წერა დაიწყო, დაამტკიცეს კიდეც, მაგრამ სტალინის არჩევანი დავით აღმაშენებლის ნაცვლად გიორგი სააკაძეზე შეჩერდა. რადგან მწერალს უკვე საჭირო მასალები უკვე მოძიებული და წერაც დაწყებული ჰქონდა, იდეაზე ხელი არ აიღო და ტრილოგიის წერა დაიწყო. ტრილოგია ტეტრალოგიად იქცა. თუკი თავიდან ოფიციოზი ყურადღებით ეკიდებოდა და რომანი რუსულადაც ითარგმნებოდა, მოგვიანებით ცუდი თვალით შეხედეს. მე-12 საუკუნის ქართველმა მონარქმა ასეთი სახელმწიფო შექმნა მაშინ, როცა, პეტრე I მე-18 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა - ეს რუსებისთვის სასიამოვნო ფაქტი არ იყო. აქედან იწყება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ კოლეგების, მწერლების, კრიტიკოსების ბრძოლა რომანის წინააღმდეგ.

ამიტომაც გაჭიანურდა რომანის დასრულება და მხოლოდ 1962 წელს დამთავრდა, ე. ი. მწერალმა 22 წელი მოანდომა მასზე მუშაობას. როგორც აღვნიშნე, ეს არის არა მხოლოდ რომანი, არამედ ჩვენი სახელმწიოფეობრიობის, ჩვენი ისტორიის მთელი პარონამა. დარწმუნებული ვარ, ყველა დროის ქართველი მკითხველი მას დიდი ინტერესითა და სიყვარულით გაეცნობა", - აღნიშნავს სოსო სიგუა.

კ. გამსახურდიას რომანები და ნოველები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. მწერლის 7-ტომეული, როგორც ფასდაუდებელი ლიტერატურული შემოქმედება, ძვირფასი შენაძენია ყველა თაობის მკითხველისთვის. ამდენად, ჩვენი ქვეყნის "შავჩოხიანი ჭირისუფლის", პატრიოტი მწერლის შემოქმედება ახალი გამოცემით მალე დაიკავებს ქართველი მკითხველის წიგნის თაროებზე ღირსეულ ადგილს.

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. სერიის მეორე ტომი "დავით აღმაშენებელი" (წიგნი პირველი და მეორე) 1-ლი მარტიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. შეგახსენებთ იმასაც, რომ 1-ლი მარტიდან ასევე შეძლებთ სერიის პირველი ტომის "მთვარის მოტაცება" შეძენას სპეციალურ ფასად.

მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.