მალე! საპროტესტო სლოგანით გამოცემული წიგნების სერია "პალიტრა L"- ისგან - კვირის პალიტრა

მალე! საპროტესტო სლოგანით გამოცემული წიგნების სერია "პალიტრა L"- ისგან

"14 წლის გოგონას ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას სამოქალაქო განათლების, სოციალური, სექსუალური ძალადობის, სოციალური მუშაკების თუ ფსიქოლოგების ინსტიტუტებთან დაკავშირებით აქვს. ვინაიდან საზოგადოების მენტალურ გარდატეხაში სწორედ წიგნიერებასა და განათლებას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, გამომცემლობა "პალიტრა L" ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას წიგნების სერიით "ქალების კალმით" შეუერთდება. სერიის გამოცემა აპრილიდან დაიწყება. ყოველი წიგნის ყდაზე სიმბოლურად დატანილი იქნება საპროტესტო ლოზუნგი: "#წიგნებითდარღვეულიდუმილი". ყოველი წიგნი დაარღვევს დუმილს იმ ქალების ნაცვლად, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად..."

ზალადობის 14 წლის მსხვერპლის ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა, რასაც პროტესტის ძლიერი ტალღა მოჰყვა. გოგონამ, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემაა სამოქალაქო განათლებისა და ძალადობის თვალსაზრისითაც. ამიტომაც მიმდინარეობს "1000 მშობლის მარშის" 100-დღიანი კამპანია, რომლის მიზანი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნაა, რაც გოგონებისა და ქალების დაცვას ისახავს მიზნად. "1000 მშობლის მარშის" 100-დღიან კამპანიას მოწოდებით: "გამო - თქვი! გამო-დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი! მომისმინე!" არაერთი ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის გამომცემლობა "პალიტრა L"-იც და საპროტესტო ტალღის საპასუხოდ აპრილიდან დაიწყებს მწერალი ქალების წიგნების სერიას "ქალების კალმით".

სერიაში გამოსცემენ:

სერიაში გამოსცემენ საფო მგელაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ელიფ შაფაქისა და სხვათა ნაწარმოებებს. სწორედ ამ მწერალ ქალებს ხვდათ წილად უნიკალური ხელწერით ებრძოლათ იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც ქალთა მიმართ ულმობელი იყო. "პალიტრა L "  იმედოვნებს, რომ წიგნების ეს სერია გააერთიანებს საზოგადოებას ქალთა პრობლემებთან ბრძოლისთვის...

საფო მგელაძის, ეკატერინე გაბაშვილის, სიმონ დე ბოვუარის, სელმა ლაგერლოფის, აგათა კრისტის, ელიფ შაფაქისა და სხვათა ნაწარმოებებს. სწორედ ამ მწერალ ქალებს ხვდათ წილად სხვადასხვა დროსა და სივრცეში უნიკალური ხელწერით ებრძოლათ იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც ქალთა მიმართ ულმობელი იყო. სწორედ ამ მწერლების გაბედულება და სიტყვის ძალა აერთიანებდა სხვადასხვა საზოგადოებას ქალთა სოლიდარობისთვის. გამომცემლობა "პალიტრა L" იმედოვნებს, რომ წიგნების ეს სერია არა მარტო ამ ნაწარმოებების კითხვით გაიტაცებს მკითხველს, მას საოცარი განცდებისა და თავგადასავლების მონაწილესაც გახდის, გააერთიანებს საზოგადოებას ქალთა პრობლემებთან ბრძოლისთვის.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გვანცა ასათიანი:

- ტრაგედია, რომელიც 14 წლის გოგონას თავზე დატრიალდა, სამწუხაროდ, ერთადერთი შემთხვევა არ არის. ძალადობის მსხვერპლი ქალების სტატისტიკა გაცილებით მძიმე რეალობაზე მეტყველებს და საზოგადოების თითოეულ წევრს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ყალბი მორალური დიქტატის წინააღმდეგ ბრძოლაში. 14 წლის გოგონას ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას სამოქალაქო განათლების, სოციალური, სექსუალური ძალადობის, სოციალური მუშაკების თუ ფსიქოლოგების ინსტიტუტებთან დაკავშირებით აქვს. ვინაიდან საზოგადოების მენტალურ გარდატეხაში სწორედ წიგნიერებასა და განათლებას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, გამომცემლობა "პალიტრა L" ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას წიგნების სერიით "ქალების კალმით" შეუერთდება. სერიის გამოცემა აპრილიდან დაიწყება. ყოველი წიგნის ყდაზე სიმბოლურად დატანილი იქნება საპროტესტო ლოზუნგი:

"#წიგნებითდარღვეულიდუმილი". ყოველი წიგნი დაარღვევს დუმილს იმ ქალების ნაცვლად, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად. სერიაში შევა იმ მწერალი ქალების წიგნები, რომელთაც გაბედეს დუმილის დარღვევა, გაარღვიეს სტერეოტიპული აზროვნების ჩარჩოები და შეცვალეს საზოგადოების ცნობიერება. სერია გააერთიანებს მკითხველს ისეთი იდეებისა და ღირებულებების ქვეშ, რასაც ქალთა ძალადობისგან დაცვა და მათთვის სოლიდარული გარემოს შექმნა ჰქვია.

იმ დიდი მნიშვნელობის ავტორთა შორის, რომლებზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი, რამდენიმე მათგანის მოღვაწეობის საინტერესო შტრიხებს გაგახსენებთ.

საფო მგელაძე თავისი შემოქმედებით იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის და ამხელდა მათ, ვინც მისტიროდნენ სტერეოტიპებს, აფერხებდნენ ახალი საჭირბოროტო თემების დამკვიდრებას ლიტერატურაში. თანამედროვენი მას ფრანგ მწერალ ჟორჟ სანდს ადარებდნენ. მისი წიგნები სწორედ ქალებში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით და სულმოუთქმელად კითხულობდნენ. სერია "ქალების კალმით" მოიცავს საფო მგელაძის ნაწარმოებებს: "ქალი კალმით", "ლიანა ლორდია", "ქარიშხლის ფრთებზე" და "გზადაგზა". "ლიანა ლორდია" განსაკუთრებით უყვარდა მწერალ ლადო ასათიანს, რომელიც საფოს სწერდა, თქვენი ლიანა ლორდია უბით დამაქვს, სულიერი ტკივილების დროს მამხნევებსო...

მწერალ ელიფ შაფაქის "დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი" ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტების შესახებ გვიამბობს. ცნობილი მწერალი თანამედროვე სამყაროს ახალგაზრდების პრობლემებს, თვითდამკვიდრების სურვილსა და მათ სიყვარულზე გვიამბობს. დიდი ინტერესით იკითხება ამავე სერიის აგათა კრისტის რომანი "გაზაფხულზე დაკარგული". მწერალმა ეს რომანი მერი უესტმაკოტის სახელით გამოაქვეყნა. მას სურდა საზოგადოების წინაშე არა ჩვეული დეტექტივებით წარმოჩენილიყო, არამედ სხვაგვარად, თუმცა გამომცემლობა "პალიტრა L" რომანს ავტორის სახელით გამოაქვეყნებს და კიდევ ერთხელ მოხიბლავს მკითხველს ამ მწერლის საოცარი უნარით, შეაღწიოს პერსონაჟის სულიერ სამყაროში და მისი სადარდებელი დაინახოს.

ამავე სერიაში დაიბეჭდება ლიტერატურის დარგში პირველი პრემიის ლაურეატის, შვედი მწერლის სელმა ლაგერლოფის ნაწარმოებები. ამ ნიჭიერმა მწერალმა და მოღვაწემ უდიდესი წვლილი შეიტანა შვედეთში ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლაში. სწორედ მისი დახმარებით მოიპოვეს 1919 წელს შვედმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება. ამ ავტორის წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მათში წამოჭრილი თემები დღესაც აქტუალურია.

"ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, მაგრამ მე არ დავმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, - ყმობას და თავშეწირვას კერისას, - ამისათვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა... მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გავაკეთე და იქიდამ მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდას", - წერდა მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, რომლის ნაწარმოებებს პროექტში "ქალების კალმით" მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

წიგნები, რომლებიც მუდამ ფასეულ ლიტერატურად რჩება, კიდევ ერთხელ დააფიქრებს საზოგადოებას ქალების პრობლემებზე.

ეთერ ერაძე